შუალედი - დან - მდე
 
 


ეს ლექსი


ეს ლექსი
ხანას იგონებს ნეტარს,
როცა გრგვინავდა, როგორც ესსექსი,
თვითონ ლიდერი -
რომ მომხრეები არა ჰყავს ცხედარს.
ის მიმართავდა მეორე მხარეს:
ჩვენ და თქვენ შორის ეხლა არ არის
არავითარი ნიადაგი, არავითარი -
რაზეც შევთანხმდეთ.
ადგილი, სადაც კიდევ ერთმანეთს
შევხვდებით, ქვეყნად ერთია მხოლოდ;
გადისერება ის სისხლის ზოლად!
სხვა არ არსებობს ველი შველისა,
გარდა სასტიკი ბრძოლის ველისა...
ოჰ, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს,
მოსაგონებლად შევიკრიბოთ დღეს.
გახსოვთ? გათავდა მხარეთა შორის
ნერვიული და შფოთიანი მიწერ-მოწერა.
აღარც ერთ მხარეს მეორესი
რამე არ სჯერა.
განაგრძობს კამათს გაზეთები გამწარებული,
რომ თანაგრძნობა მოიპოვონ
მღელვარე მასის.
ბოლოს დროშები აიმართა, დაიწყო ბრძოლა
ასის, ათასის.
ამბობს შტანდარტი:
„არ არის რამე ნიადაგი,
რომ ჩვენ შევთანხმდეთ.
არ არის რამე ნიადაგი ჩვენი შეხვედრის,
ბრძოლის ველს გარდა“.
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!
ასეთ დროს
უნდა აჩქარდე, უნდა აჩქარდე, უნდა დაეწიო
ისე სწრაფად, როგორც შეგიძლია.
წამმა დაყოვნება არ იცის...
ჩქარა, ამხანაგო, თორემ დაგვიანდა.
წუთის დაკარგვაც კი არის ბოროტება.
ვინ სთქვა გადადება?
დროა მოძრაობის და სიცოცხლის ნიშნის.
უნდა დასცე ძირს, გადაღუნო, წამოაჩოქო.
უნდა დასცე ძირს და მხოლოდ მკვდარს გადააბიჯო.
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!
გრიგალებს მჭექარე ხმებით
შევხვდით:
სიცოცხლე, სიცოცხლე!
სიცოცხლე გვწყურია...
გვწყურია ნგრევაც და სიკვდილიც...
გვსურს აკივლდეს კაცობრიობა
აუტანელი ტკივილებით...
დროა! დრო! დროა! დრო! დროა! დრო!
უშიშრად სიკვდილს ეწირება ხსოვნა მრავალი,
გამოსავალი, უნდა იქნას გამოსავალი.
დროა! დრო! დროა! დრო! დროა! დრო!
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს.
იმუქრება ენერგია,
რეჟიმი, რკინა, რევოლიუცია.
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!
ჩვენ თან წამოგვყვა მშფოთარება და მზეთა დნობა,
რადგან ვიგრძენით ჩვენ ქარიშხალი.
ჩვენ თან წამოგვყვა მისი ყინული,
ჩვენ განვიცადეთ ის ქარიშხალი...
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს,
მათ მოსაგონრად შევიკრიბოთ დღეს,
ვინაც ნამდვილად გასწირა თავი,
ვინც განიცადა წელი, -
სავსე ისტორიის ამბებით.
ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს!..

1924 წლის 8 ოქტომბერი