ქარი მოგონებათა
აგვისტო თბილი, სამხრეთის ქარი
შენს ლაჟვარდოვან მანდილში ქროდა;
ისმოდა შორით რაშო-და-შოდა
და კრიალებდა მზიანი დარი,
როგორც ოცნება უშორეს დროთა.
თითქო ქალწულმა პირველად სცოდა
და სინანულის დაგუბდა ღვარი, -
ზღვა იყო წყნარი.
თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა,
ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი,
უსმენდა ჩანგებს და მოელოდა;
შორს, ძალიან შორს მოსჩანდა ქარი.
მე შენ გკოცნიდი და გული თრთოდა...
ზღვა იყო წყნარი.
[1924]