შუალედი - დან - მდე
 
 


ეხლა დამშვიდდა საქართველო


I. წინასიტყვაობა

სად იყო სმენა და გაგონება?
ახალი ჰანგი ენატრება რკინის ანგელოზს.
მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოვებდა ზეშთაგონება
თვით მურილიოს, კაელიოს, მიკელანჯელოს;
პოეტი მასსა, ხალხთა კოშკის მზეს უწინარე
გადასცქეროდა ბოროტებას განარიდები -
თვალუწვდენელი ორმოები, სისხლის მდინარე
           და ტრანშეების ლაბირინტები.

სად იყო სმენა და გაგონება?
გაქვავებული ატირდება თვითონ ნიობა,
არა ცრემლები, არა შიში და დაღონება,
არამედ შურისმძიებელი კაცობრიობა.
დახოცილ ჯარის ანთებული იდგა მონბლანი
და მას სიმაღლეს უმატებდა ომის ბრჭყალები,
მაღლით ყუმბარებს მას უშენდა ჰაეროპლანი,
          როცა ლპებოდენ გოსპიტალები.

და კარპატების გზა ხელ-უხლები,
როგორც მასსივი უძველესი და ანტიური,
რას იფიქრებდენ, რომ მის გულზე, ვით მუხლუხები,
მოვლენ ტანკები - საიდუმლო გიგანტიური.
იადააორმის სუნი იდგა. წვიმა ჩქარ-ჩქარი.
წითელი ჯვარი მაგიურად ქრის ვაგონებად.
ზარბაზნის ქუხილს ახარებდა მეხის ხარხარი.
          არ იყო სმენა და გაგონება.

ღამით გუნდები პროპელლერის გუნდს ანეკტარებს,
ვის არ უგრძვნია საიდუმლო იმ პროპელლერის,
ღრუბლებს სინჯავდა, როგორც თითი, გზა პროჟეკტორის.
ოქრო მორგანის და როკაელლერის,
ეს იყო ცაში ქანაობა ცეცხლის ტოტების,
როცა ძმის ძმაზე უნდობელი ქრის იერიში,
თავბრუდახვევის, სისასტიკის, გაბოროტების
          და უგონობის სიძლიერეში.

ცეცხლით და ხმალით დახოცილით გზა იფინება,
ყრუ ტრიუმფები მიდიოდენ ომის მიერი -
სასტიკი იყო სოფლად ცეცხლის აბიბინება,
მკვდარი სხეული, მაინც ნაზი და მშვენიერი.
რამდენი ჩალპა კარპატებში ეს სხეულები
და ხევი ჟამად ქარს და ყორნებს რომ მიანებეს.
არ მოშორდება მათი სისხლის არხეულები
          გაბოროტებულ ადამიანებს.

ვის არ უნახავს: სატირალი და საშინელი
იმ ველებიდან ქალაქების მტვერში ჩაჭრილი,
მახინჯი სახით, აბეზარი და საშინელი
უკანასკნელი აგონიით კვნესის დაჭრილი.
დადის ყვითელი, დაღალული, გაფითრებული
როგორც სიკვდილის საიდუმლო, როგორც მორგები,
საუკუნო წვით სამუდამოდ სახიჩრებული
          მხოლოდ ჩონჩხები, მხოლოდ მორგვები.

[1924]