შუალედი - დან - მდე
 
 


ქალი და ხელოვნება


ირემი ისმენს ბალახის ჩურჩულს
მთიდამ მოწყვეტილ ნიავის ხმაზე..
ნიავის ყოველ მსუბუქ სუნთქვაზე
ზეფირის ყოველ შემობერვაზე..
ზურმუხტი ველი სიმღერად დნება,
ისმენს ამ ნაზს და განსაცვიფრებელს
ბუნების ჰანგებს ირემი ლაღი..
ხედავ, თუ როგორ ეტრფის მის სუნთქვას
და რა რიგ მღერის ცელქი ბალახი..
მოსწყინდა ბოლოს სუყველაფერი..
ჩურჩული ნაზი ზურმუხტის ზღვისა..
ველზე წამოწვა და ის ბალახიც
შეუბრალებლად მისრის-მოსრისა..
ქალებს ერიდე, ქალებს.. პოეტო..
მათთვის უცხოა ეგ შენი ქნარი...
იმათ სწყურიათ მხოლოდ ეგ კოცნა,
ახალგაზრდული ვნებით გამთბარი.
თვალთმაქცობს, როცა მოგაჩვენებს თავს,
თითქო შენს ჰანგებს ისიც უგდებს ყურს.
თითქო თან აჰყვეს, მას სურს, ზეცაში
ლოცვას მხურვალეს, ლოცვას პოეტურს!..
საკმარისია, მოხუცი გახდე...
ბნელ სამარისას ეძებდე კარებს..
ქალი დახედავს შენს ობოლ ქნარს და
შეუბრალებლად გადიხარხარებს.

1910-იანი წლები