შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემთა გრძნობათ წმინდათ-წმინდავ...


ჩემთა გრძნობათ წმინდათ-წმინდავ,
ხან შფოთარე, ხანაც წყნარო -
ჩემო ჩანგო! ყრმობის ხნიდან
განუყრელო მეგობარო.

მგოსნის ოცნებათა ბურჯო,
ერთგულებით ძველთაძველო,
ბევრს ქარიშხალს გადაურჩა
ჩვენი ქვეყნის მთა და მდელო.

მისთვის - სიმთა ხმაურს ხმოვანს
მარად ვურთავ, როგორც გრძნობას,
ჩემი ხალხის ათასწლოვან
ღელვასა და უკმარობას.

და ჰანგებით შენით გული
საგულეში მეგულება:
უსაზღვროა სიყვარული
და შენდამი ერთგულება.

ხომ ბნელოდა, მაგრამ ერთხელ
სამუდამოდ ირიჟრაჟა.
გაჰქრა ნისლი, გარს რომ გვერტყა,
საქართველოს ახალს - ვაშა!

სულ მის გამო, რომ დიად გზით
ჩანგიც მძლავრობს როგორც მუხა,
საქართველო აივსო მზით -
და მზე მზეზე დაადუღა!

სულ მის გამო, რომ მიწიდან
ამოდუღდა შვების წყარო -
ჩემო ჩანგო! ყრმობის ხნიდან
დღემდე ჩემთან მეომარო!