შუალედი - დან - მდე
 
 


ვარაზისხევის სიზმრები


რაღაც ბნელი შეიქმნა,
რაღაც დაფიქრებული,
ჩამოშორდა, დასტოვა
მონადირეთ კრებული.

ანდუყაფარ გზად მიდის
მასზე ამბავთ მკრებელი:
რაა ქვეყნად უკვდავი,
რაა უბერებელი?
ან სადაა ადგილი,
სადაც ჟამი ჩერდება,
სადაც ადამიანი
არც კვდება, არც ბერდება?

ვრცელი ტყის ბილიკებზე
მარტოდმარტო იარა,
საიმედო რაიმე
ვერვინ გაუზიარა.
ერთს მინდორზე მივიდა,
სადაც მდევის სადარი
მძლავრი, ტოტებ-გაშლილი
აღმართულა ჭადარი.

- ამიხსენი, ჭადარო,
სთქვი, რამდენი ხანია
დროთ ქარიშხალ-გრიგალი
მედგრად აგიტანია?

და ჭადარმა იდუმალ
ჟრჟოლით შეიშრიალა:
- ორასი წლის ვიქნები,
დრო რბის, როგორც ბზრიალა.

- მაგრამ, მარქვი, ჭადარო,
ბოლო შენი რა არი?
- სიკვდილი, - ამოოხვრით
უპასუხებს ჭადარი. -
მოვა ადამიანი,
მომჭრის, ცეცხლს შემიკეთებს -
ნაცრად აქცევს ყოველგვარ
ოცნებებს და იმედებს.

გაჰრა ყველა, თითქო აქ
ცეცხლმა გადიშიშინა.
(სადღაც შორს გაისმოდა
მონადირეთ ყიჟინა).

ანდუყაფარ დაფიქრდა,
მიდის ბედის მთმენელი,
უკვდავ-უბერებელის
ტყედ ამაოდ მძებნელი.
აი, ტოტებ-გაშლილი,
უმძლავრესი რტოებით
დიღმის ველზე დამდგარა
მუხა განმარტოებით.

- ამიხსენი, მუხაო,
სთქვი, რამდენი ხანია,
დროთ ქარიშხალ-გრიგალი
და ხმა აგიტანია?
და მუხასაც იდუმალ
ჟრჟოლამ ტანს დაუარა:
- ხუთასი წლის ვიქნები,
უფრო მეტის თუ არა.

- მაგრამ მარქვი, მუხაო,
ბოლო შენი რა არი?
- სიკვდილი, - უპასუხებს
მუხა, როგორც ჭადარი. -
მოვა ადამიანი,
მომჭრის, ცეცხლს შემიკეთებს,
ნაცრად აქცევს ყოველგვარ
ოცნებებს და იმედებს.

ქვეყნად ყველა მწირი ვართ
და მხოლოდ მოგზაური.
(შორით კვლავ გაისმოდა
მონადირეთ ხმაური).

ანდუყაფარ მადლობა
მუხას გადაუხადა.
მიდის, მთების გადაღმა
შეხვდა მუხა-მუხათა;
ძველი, ხავს-მოდებული,
რაღაც ჯერარნახული,
იდგა ამოებისგან
კიდევ ვერ შელახული.

- მითხარ, მუხათ-მუხაო,
სთქვი, რამდენი ხანია
ქართა აბობოქრება
და დრო აგიტანია?
მუხათ-მუხის იდუმალ
ჟრჟოლავს ხავსი-ხავერდი:
- ვარ წლის სამი ათასის...
დავუძლურდი... დავბერდი...

- შენ კი, ყრმაო, ვინა ხარ,
ან სად მიეშურები?
- მე ვარ ანდუყაფარი,
არსით არ ვეშურები -
ერთი ფიქრი თან დამდევს
სულ მოუშორებელი,
ვპოვო კაცი, საგანი,
უკვდავ-უბერებელი.

- ძნელი რამ განგიზრახავს -
უთხრა მუხათ-მუხამა; -
ბევრს მაგგვარმა ფიქრებმა
ნათელი დაუღამა.
მაგრამ აი, რა გითხრა,
აიმ მთის გადასავლის
დედაბერი დაგხვდება
და ყველაფერს გასწავლის.

მთის გადაღმა - ბილიკი
ბილიკს ხვდება კეცებრივს
(შორს მოისმის მხედართ ხმა,
ყეფა მწევარ-მეძებრის).
ანდუყაფარს ტყის ბოლოს
დახვდა ეს დედაბერი
და ყმაწვილკაცს აუხსნა
სიტყვები შესაფერი:

- აქედან არც ისე შორს
ერთი აუზი არი,
იქ იდუმალ ქარი ჰქრის
სულთა თანაზიარი.
იქ ყოველ საღამოთი
აუზის წინ, მდელოზე
მოფრინდება საბანოდ
თორმეტი ანგელოზი.

და სანამ არ ჩამქრალა
ალი იმ საღამოსი,
ერთს მათთაგანს მოსტაცე
ჩუმად ტანისამოსი.
მანამ არ დაუბრუნო,
სანამ ღვთის ფიცს არ მოგცემს,
საიდუმლოებასაც -
ყველაფრისას გადმოგცემს.

ეს - აუზიც, მოფრინდა
თორმეტი ანგელოსი -
სილამაზით ვერც ერთი
ქალი საქართველოსი,
მათ ვერ შეედრებოდა.
(თუმცა, ნუ გაოცდები,
მერი, შენ გენაცვალოს
ყველა ანგელოსები).

ანგელოსებს ვინ მისცა
სირცხვილი ან ნამუსი -
ტბის ნაპირად სასწრაფოდ
იძვრეს ტანისამოსი
და ხმაურით აიკლეს
მშვენიერი აუზი.
...............................

ანდუყაფარ მოსტაცა
ერთერთს შესამოსელი.
თერთმეტმა რომ ჩაიცვა,
ერთი დარჩა შიშველი.
ის თერთმეტი გაფრინდა
ისე, როგორც ზღაპარი,
მეთორმეტე ქალის წინ
გაჩნდა ანდუყაფარი.

- ახლო არ მომეკარო!
დამიბრუნე სამოსი,
ნაცვლად, აი, ნაყოფი
სამი, არა სამოცი.
...............................