შუალედი - დან - მდე
 
 


შანშიაშვილი მიმართავს გრიშაშვილს


საცოდავო! მოდი, რითმა მოგცე ბაჯაღლო,
რაღა ამხანაგებს ჰპარავ, შე მამაძაღლო.

ერთი ლექსიც კი არა გაქვს საშვილიშვილო,
თუ იმიტომ ინტრიგანობ, შე ვირიშვილო.

გაიძახი: პოეტი ვარ, ცოლს არ ვირთავო.
ცოლად კოტორს ვინ გაჰყვება, შე ვირისთავო.

დახვალ აკადემიაში, აბა, რისთვინა?
რა გაქვს სააკადემიო, შე ბატისტვინა!

მეცნიერი არ ყოფილხარ და არც იქნები,
ფეხისალაგს თუ გამოდგეს შენი წიგნები.

რადგან ერთი მუტრუკი ხარ, სხვა არაფერი,
სახელიც ხომ მოგენიჭა შენ შესაფერი.

თუ ლექსში არც სული არის, არც სიღრმე, გრძნობა,
რას გიშველის მანჭვა-გრეხა, მაიმუნობა?!

არ იჯიბო, არ იქნება - შეხვდე რასაცა.
მიკვირს, რატომ არ ჩაგსომენ, შე ქურდ-ბაცაცა.

მლიქვნელო და დაჩვეულო მუცლით ხოხვაზე,
სომხის დამსახურებული გახდი მოღვაწე.

შენ წადი და იქ მიჩივლე, სხვაც დაიხმარე -
კიდევ ბევრი მოგაყოლო, ჯერ ეს იკმარე!..

ისე გცემო, სულ იძახო: არ მაქვს საშველი...
რა გამიხდა ეს ოხერი შანშიაშვილი.