შუალედი - დან - მდე
 
 


ჰაეროპლანი


თოვლიან და თეთრ უდაბნოს იქით,
თოვლიან ველთა ზმანება თეთრი,
ვერცხლისფერი და ლურჯი ბილიკით
ჰაეროპლანი მისცურავს ერთი.

სითბოს მოშორდა იმისი შუბლი
და გრიგალისკენ მიდის პირიქით,
სად პოლიუსის ნისლი და ღრუბლი
იღვრება მღვრიე ქარის ლირიკით.

გაჰყვები მას და დაგავიწყდება
ყინულისფერი ლოლების ცივის
თავდავიწყება, თავდავიწყება,
თან თოვლი მოდის, თან ქარი წივის!

მაგრამ ამ სუსხით ფხიზლობს გონება.
იგი ახლოა. მიწა, მტოვარი
და ახალ ქვეყნებს ეპატრონება
ავიატორი შეუპოვარი.