შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მრავალ სახიდან გაქრა ობლობა...


მრავალ სახიდან გაქრა ობლობა -
და განწირული ბედის მონობა.
მათ აიტანეს უღვთისმშობლობა,
შეიძლეს მაინც უმადონობა?

(ოპერის თეატრს გავუვლი ახლო
და გული კვდება საამოებით;
გახსოვს თუ არა, მაღალო სახლო,
ჩემი მქუხარე საღამოები?)

ჩამოხსნეს დღეებს შავი ზეწარი
და მწუხარების მკრთალი ბლონდები,
ბევრი რამ მწარე და უეცარი
მე მახსოვს, მაგრამ არ დავღონდები.

ისევ მოვიდა მაისის დღენი
და სიხარულის ფერი გედური,
ეხლა არ მესმის ქვითინი შენი,
როგორც ჩივილი და საყვედური.

ეხლა არ მინდა დაყრუვდეს სმენა,
აქარიშხლება ზვირთების მძაფრის,
ძნელი არ არის ღვივოდეს რწმენა
აუხდენელი მომავლის ზღაპრის?