შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხელში ფანდურის მპყრობელი...


ხელში ფანდურის მპყრობელი
გამომთქმელი ვარ ხევსური,
უბრალო მოშაირესა,
სიტყვა არ მამდევს ზევსური.
უბრალოდ დაიმღერების -
გამოგონება მწყესური.
უბრალოდვე რგებს ჯამაათს
ეს ჩემი მკა-სათესური.

როდესაც გავალ ჯარშია,
სად კაცი აიწონება,
თუ ხასიათზე არა ვარ,
მღერას არ მირჩევს გონება.
რა ძალა მადგას ისეთი,
ან თუ რა მელის ცხონება,
სიმს ხელს არ ვახლებ მსმენელი,
თვალს თუ არ მოეწონება?

განა სულყველას უნთია
საგულეს ცეცხლი ციური;
განა სულყველა კაცია -
ხმა შეისმინოს მზიური?
განა უბრალოდ გათლილი
ჩემი ფანდური ტყიური -
შესძლებს, შესცვალოს უგრძნობი
კაცის გზა ყოველდღიური?