შუალედი - დან - მდე
 
 


მაისი საზღვარგარეთ


მაისი როგორ
                უყვარს უცხოეთს?
სიტყვა ეკუთვნის
               უცხოელ პოეტს:

„მაისი მოდის
               და ვარდს იკონებს,
სიმაღლე მისი
               ჰგავს ჰიმალაის,
ყალბ პოეტების
               ჯოგი სტრიქონებს
რითმად ურჩევენ
               „მაისს“ და „აისს“.

სტყუით! მაისი
               მატადორია,
ხარს რომ აბრაზებს
               ისართა რგებით.
ქვეყანა არის
               ხარი, რომელიც
გვერდებს ულეწავს
               მატადორს რქებით.

ესმის მატადორს
               ლოჟით მხნევება
(რა თვალი უძლებს
               არენის მნახველს!)
და სანამდე სულს
               განეტევება,
ხარს მიაფურთხებს
               სისხლიან ნახველს.

მაისის ეს დღე
               ტარდება ჩვენში
ისევ აპრილში.
               გესმისთ ჟღარუნი?
დგება მაისი
               და ციხეებში
მიჰყავთ მარადი
               უსახლკარონი.

კარგი მხატვარი
               არის მაისი,
სისხლის მორევით
               ქუჩებსა ჰღებავს.
ჰქრება სიმღერა
               და სიხალისე,
ვერ ეღირსება
               სინათლისღებას.

შემოდგომაა
               ავი და შავი,
ჩვენი მაისი,
               როს ქარი ბღავის,
რამდენს ამაყი
               მოჰკვეთა თავი,
რა გულმოსული
               ჭინჭრებით ჰყვავის.

მაგრამ, ვიცით, ვგრძნობთ -
               ერთ მშვენიერ დღეს
მაისი ავა
               სულ ზევით და შორს,
მიწაზე ყურით
               ჩამოითრევს მზეს,
ბნელ კულისების
               ამ დიდ აქტიორს.

სმას სიცილისას
               მაღალ ჭიქებით,
როგორც მაზაგრანს
               ისლის გულებით.
მან სიხარულის
               მოტანაც იცის
ინტერნაციონალის
               აგუგუნებით“.