შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაინც, რა ვიცი...


მაინც, რა ვიცი, დასაბამით
             დღესასწაულობს
კაცთა ცხოვრება თავის ყოფნას
            უსამკაულოს.
წამება, შიში და სიკვდილი
            მიდამოს აკრავს,
ღარიბს და მცირეს - ულმობელი
            ძლიერი ჩაგრავს.

მტაცებელთ ომი, მხოლოდ მისთვის
            მოიღრუბლება,
რომელს აქვს ხალხზე ბატონობის
            მეტი უფლება.
მათთვის რა არის, ხალხის სისხლი?
            დეე, იღვაროს!
ოღონდ მტარვალმა იბატონოს,
            და გაიხაროს.

არა, არ სუნთქავს ქვეყანაზე
            ყოველი ერი
თავისუფლების ბედნიერი
            უხვი ჰაერით.
შრომა მიეცა მხოლოდ უღლით
            თავგამეტებას,
და არა მძლავრი სიხარულის
            შემოქმედებას.

ერთა კავშირი, მეგობრობა
            და შეფერება,
ბედნიერება - ეხლა არვის
            არ ეფერება.
მეცნიერების დიადი სვლა
            შესცვალოს კვნესამ -
ვერ მიდის ხალხი თავის ოქროს
            საუკუნესთან.

მაგრამ ცხოვრება უნდა მისწვდეს
            იმ განსასვენებს,
კაცობრიობის დიდ მეგობრებს
            რომ არ ასვენებს -
და გვასწავლიან სიკვდილისაც
            არ დარიდებას -
როს ბნელი მოსავს სიმართლეს და
            ჭეშმარიტებას.

ლენინთან ერთად, ოკტომბერის
            ბრწყინვალე დროშით
მახსოვს სტალინი, მტაცებელთა
            შეჭრილი ბრბოში.
მაშინ მშრომელებს, ვით სხვა დროში,
            დიდი ხნის წინად,
დაუნდობელი მტერთან ომი
            მიაჩნდათ ლხინად.
მას შემდეგ ხალხთა გამარჯვების
            უძღვი დიდებას,
რევოლიუციას, მის უმაღლეს
            ჭეშმარიტებას!

შემდეგაც, როდეს შავი ძაძა
            ჩაიცვა მზემა,
როს მძლავრი შესწყდა ნებისყოფა
            და მაჯისცემა,
როცა გაისმა უმძაფრესი
            სიტყვები ფიცის
(მსგავსი არც წინად, არც აწმყოში
            მხარემ არ იცის),
შენგან დაწყებულ მოძრაობას
            სდევს მოძრაობა,
შენით ფოლადის იჭედება
            მძლავრი თაობა.

მთელი ქვეყანა - მოხუცით და
            ახალგაზრდობით,
გზებით მის მიერ გაკვალულით -
            მიდის დანდობით.
წარსულისაგან შეუცდომლად
            სჭვრეტს მისი თვალი,
თუ რას გვიქადის მეორე დღე,
            დღე მომავალი.
დიდათ რთული გზა. ქვეყნის ბედი,
            ქვეყნის რაობა,
მტკიცე ფოლადის წინ მიიწევს
            მძლავრი თაობა.

ცა არაერთის მოგონების
            მოიღრუბლება,
თუ როგორ სურდა ახალგაზრდა
            თავისუფლება.
სისხლის მორევში რომ ჩაეხშო
            საზიზღარ ჯალათს,
რანაირ ხერხს არ მიმართავდა,
            რანაირ ღალატს.
წყევლა და კრულვა! მათ ყოფნიდათ
            გამბედაობა!
ქვეყნად ფოლადის ებრძოდა მათ
            მძლავრი თაობა.

ვეღარ გამეფდეს იმ წარსულის
            ჩაგვრა, მონობა,
ის მუქთახორა, მესაკუთრე,
            უპატრონობა.
მეფის, მინისტრის და ხუცესის
            ქვეშქვეშაობა,
ქვეყნად ფოლადის აგუგუნდა
            მძლავრი თაობა.

შეგნებამ კაცთა სიკეთის და
            მოვალეობის
შემეცნებისკენ გახსნა არხი
            ყოველდღეობის.
შემოქმედება - სიხარულის
            და შრომის ბაღთა,
თავმოწონების და სახელის
            ემბლემად გახდა.

გაჰქრა საკანი, გაჰქრა ძონძი,
            სუსხი კატორღის,
საცოდავობა, სიბეჩავე
            დაკარგულ ქოხის,
უნაყოფობა, სულიერი
            არარაობა;
ქვეყნად ფოლადის წინ მიიწევს
            მძლავრი თაობა.

თვალუწვდენელი ღამის შემდეგ
            გათენდა დილა.
ცოდნით აღივსო და ბუნება
            დაიმორჩილა.
მოძრაობანი, სინათლის ზღვა
            სითბოთ ბუნებაც,
მდინარის დენა მას მორჩილად
            ედუდუნება.

ადამიანი თვალუწვდენელ
            ნოხად დაიგებს
პოლარულ ტუნდრებს, და ციმბირის
            უღრან ტაიგებს.
ჭაობის ნაცვლად განახლებულ
            გულში ჩაისვა
სურნელოვანი ყვავილები
            რამის, ჩაისა.
ნარინჯის ველად გადაიქცა
            ლაქაშთა ქაფი,
პალმა, ლიმონი, ევკალიპტი,
            პალმა და დაფი.

თვალუწვდენია ჩვენი სივრცე,
            ველნი და ტყენი,
უანგარიშო, ულევია
            სიმდიდრე ჩვენი.
სულით და გულით ჩვენთან არის
            სიცოცხლე ლაღი,
სიღრმე მთებისა, ცის წიაღი,
            მიწის წიაღი.
ღრუბელთა დენა, მთის სიმშვიდე,
            ზღვის ქანაობა.
ქვეყნად ფოლადის წინ მიიწევს
            მძლავრი თაობა.

უბრწყინვალესი არის ქვეყნის
            ჩვენის მსვლელობა,
უმწეოს - შველა, სუსტს - სიმშვიდე
            და მფარველობა!
როდესაც ვხედავთ თავისუფალ
            შრომის სასახლეს,
როგორ არ ვგრძნობდეთ აღტაცებას
            და სიამაყეს.

გადაილახოს მიუდგომი
            საზღვრები ბედის,
კაცობრიობა თავის ახალ
            ყოფნაში შედის,
ჯანსაღ, მშვენიერ, სრულყოფილი
            ადამიანის.
დღეგრძელობა და ვაშა სტალინს,
            დიდება სტალინს!
მას საბჭოეთის მიჰყავს გემი
            გენიის სინჯვით -
ჭაბუკურ ნებით და მოხუცის
            სიბრძნე-სიდინჯით.