შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ძველი წიგნები...


ძველი წიგნები დავხურე.
ოცნება იწყებს მთოვრებას.
ვდგევარ, მაღლიდან დავყურებ
კაცობრიობის ცხოვრებას:

იყო მთლად შეუმოსავი
ჯერ ისევ მისი აკვანი.
იყო ერთ მუჭა ბრბოსადმი
მრავალთ მრავალის თაყვანი.

იყო ბორკილი მონობის,
გზა უამური შრომისა,
იყო ცა უპატრონობის,
ვით ნისლი შემოდგომისა.

ადამიანმა დაჰკარგა
სიხარული და მზე ტკბილი,
მის ბაგეს გადაექარგა
მწარეზე მწარე ღიმილი.

ბევრი დაღლილა ჯალათი
მებრძოლთა თავების კვეთით,
იყო ომი და ღალატი
და შიში სასოწარკვეთით.

ჯალათი იგი ქვა-გრძნობის
და ბნელი სულის კვეთების
ღიმით სწვდა კაცობრიობის
სხივოსან შემოქმედებას.

და დღეს მსოფლიოს მეექვსედს,
ჩემს სამშობლოში - სვიანი,
სხივმოსილი და მოლექსე
დამკვიდრდა ადამიანი.