შუალედი - დან - მდე
 
 


ატომის ენერგია


რაა ატომის ენერგია? ნუ გედარდებათ!
მისი მოვლენით შეიძლება დღე ისე მირჩეს,
დაიბნეს კაცი - ულმობელი განავარდებით,
სიღარიბესთან - ულევ-უქრობ ზღვაში დაიხრჩვეს.

რაა ატომის ენერგია? რაც დაიღვრება
სისხლი მისით - ევროპაშია ის უწინარე -
იცით, საითკენ, როგორი გზით გადაიხრება -
გადარეული, შფოთიანი იგი მდინარე?

იგი მდინარე ეხლაც მიდის დიდ დაქადებით.
მიდის, სულ მიდის, მიისწრაფის და მოარეობს -
იგი მიბრწყინავს და სულ ოქროს შენაკადებად,
ოქროს და ვერცხლის ნაკადებად მიმდინარეობს -

მიმდინარეობს - მიიმღერის უსმენარ ჰანგებს -
მიმდინარეობს - მოუთმენელ გზით იკაწრება.
და, აჰა, ნანატრ თავის მიზანს, მიაგნებს ბანკებს -
ამერიკისას, მიაგნებს და იქვე დაცხრება.

მოგონებაც კი აღარ დარჩა იმ ძველი დროის:
როცა ბიზნესი გაიძახდა: „ზავი გულწრფელი,
იდეალური რომელსაც სურს, მიჰყეთ მონროეს.
დოქტრინა მისი სიმართლისა არს საფუძველი.

ნურავინ იწვდის უსაბუთოდ სხვა ადგილს ხელებს,
როგორც მოითხოვს სამართალი თანამედროვე,
სჯობს ამერიკა - ეკუთვნოდეს ამერიკელებს,
ევროპიელებს კი ევროპა - აი მონროე“.

რაა ატომის ენერგია? მის ცბიერებას
ვინ არ მიხვდება - მიზნებს მისას, მის დაზუსტებას.
იგი ესწრაფვის - ბურუსეთის გაძლიერებას,
გაძლიერებას ერთისას და სხვის დასუსტებას.

ის სახმელეთო და საზღვავო ჯიბეა მხოლოდ,
რომ დაეუფლოს მთელ მსოფლიოს - რას ეტანება.
იგი - ერების დამონების გახდა სიმბოლოდ,
რომ დაამკვიდროს ერთად-ერთი მისი ბრძანება.