შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დილით გამოვედით ოდეს...


დილით გამოვედით ოდეს -
მზის ქალაქზე ცივი ჩქერი
მუქია და ოქროსფერი...
რომ ზამთარი ასე კრთოდეს,
არ გვინახავს არასოდეს!

მიიხვევა მზეზე ბოლი,
იფინება აშლა-დაშლა,
მილიდან ფრთის შვენის გაშლა,
ნორჩ ბაღნარზე მსუბუქ-მქროლი
დნება, დნება ლურჯი ბოლი.

მომჯადოებელი ბაღი!
მორთულია მზეზე ცვარით,
ლურჯ-ლურჯია სინარნარით,
მიწამდე სცემს ტოტთ წიაღით,
მილებიც სცემს ბოლს სიმაღლით.

ისიც ჩვენთან დგას, გვიცინის...
სთქვი: გიყვარვარ? ჰა? საამოს
უცებ ქარი ურხევს სამოსს.
მიიხედავს ის... და ჟინის -
დღე ცისფერი პკეა ღვინის...

ღელვით მიედინებიან
შკოლისაკენ გროვა ბავშთა,
ბაგეს ღიმი ათამაშდა -
შეიძლება - მაინც მზიან -
შკოლას გაეშურებიან.

მშრალი თოვლი უმღერს არეს -
ააქვს ნოტა ნელი-ნელი,
სამუშაოდ გერმანელნი
მიჰყავთ: მტერი - მსგავსი ჩვარის...
რა დღე - ერის, რა დღე არის!