შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზამთარი...


ზამთარი,
ზამთარი!
არასოდეს არ მოსულა
თოვლი ამდარი!

გასწიე
ფარდები:
ქარბუქია, ეტლთა ბრუნავს
მილიარდები.

მივიარ,
მოვიარ:
ყველა მახლობელი გზები
დაუთოვია.

არც ღვინო
სასმელი,
არც იმედი, არც ბინა და
ტანთსაცმელი.

გულში კი
ჟინია:
არც რამ მინდა, არც ვის ველი,
არც მეშინია.

მართლაც დრო
იცვლება!
ამნაირი მოთმინება
თუ შეიძლება?

კმარა ცდა
ასჯერი,
გამოზომე საბოლოოდ
და გადასჭერი!

ცეცხლი ჩნდეს
მაღალი,
რომ ცხოვრება წამოიწყო
ახალთახალი.

ნაჯახი
ხმოვანი
ხელთ აიღე! აგე ცაცხვი
ათასწლოვანი!