შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მას სიარული...


მას სიარული
სხვებთან ერთად
არ ეხერხება.
ის მიდის ხიდზე -
უცებ ხიდი
გადეხერხება.

იქ უნდა შედგეს.
ოცნებისკენ
გზა დაიხურა.
ჟამთა სიავით
არე-მარე
გადაიხურა.

დაბრუნდეს უნდა..
მაგრამ ასე
როგორ დაბრუნდეს,
ლამის მსოფლიო
დაყირავდეს
და გადაბრუნდეს.

სურს, რომ სთქვას რამე,
მაგრამ რა თქვას,
თვით აღარ იცის.
ყელში გაჩრილა,
ვერ დაძრულა
ხმა თათქარიძის.