შუალედი - დან - მდე
 
 


შავი ზღვის პირად


[ციკლიდან „ეპოქა“]

ტროპიკულ ხეებს შავი ზღვის პირად,
ვაზებს დახლართულს,
რომ მიყვებოდი ზურმუხტისფერად
ფიქრებში გართულს,
ჩამავალ მზეში მას მხოლოდ სხვისი
ერქვა მამული.
ხან იშუქებდა, ხან ნელდებოდა
ცა მეწამული.
თითქო პირველად შენ დაგინახე
ბრძოლის აჩრდილი,
მას სტიქიური შვენოდა სახე
ჩადრგადახდილი,
ცეცხლის შადრევნებს გადასცქეროდნენ
თვალები შენი
და შენთან ერთად თითქო მღეროდნენ
მთანი და ტყენი.

[1928]