შუალედი - დან - მდე
 
 


ამირანი


(ნობათიდან)

I
აღმოსავლეთით
ზეცა კრიალა,
აჰა, იალებს!..
სიომ სიმებად
გაიწკრიალა,
და ტყე შრიალებს!

დასავლეთიდან
კალთები მწვანე -
ფარჩა და ჩითი,
ხავერდოვანი
ზღვა-ოკეანე
შრიალებს დიდი!

გაზაფხულის მზის
სიუხვე-სითბო,
ელვა-კაშკაში
ღრმად ჩადიოდა,
ვით ნელი სიტკბო,
დედამიწაში...

სიცოცხლე ჩქეფდა,
სიცოცხლე დუღდა,
სიცოცხლე წვავდა.
იგი წყაროსებრ
ამოჩუხჩუხდა
და გადმოზვავდა...

იგი მიდამოს
ციდან ასხამდა
მაგიურ ძალას,
არსებას ყოველს
ფრთებს შეასხამდა
ლაჟვარდს, კრიალას...

ურყეველი კლდე
გააპო ორად,
გააკასკასა,
და აღტაცება
მოჰფინა შორად
მიწას და ცასა!

ამოსკდა მიწით
ყვავილთა ჯარი
ფერადღერება,
გასაოცარი,
როგორც ზღაპარი,
და ამღერება!

მშვენიერ ფერთა
მოსკდა დიდება,
აბიბინება,
ცვარ-ნამით მოთვალ-
მარგალიტება,
და გაბრწყინება!

ისმის ზუზუნი
დაუღალავი
და ულეველი...
უცებ აჟღერდა
ამ უთვალავი
მწერით ტყე-ველი.

ხმაური ჰაერს
ვრცლად მოსდებია
ამ ურიცხვ ჯარის,
ყველგან, სადაც გზა
შესტოტებია
ან გზა არ არის.

მშვენიერება
ყველაფერს ნიშნავს,
მხნედ მოარული.
მზის და სიცოცხლის
ვის გაუთიშავს
გზა მოხარული?

ორნივ მგზნებარე
ცეცხლით ღვივიან,
მღერალნი ქნარად,
ორივე ერთი
და იგივეა,
მარად და მარად!

II
და სოფლის ზემო,
ციცაბო მთაზე,
სად კლდე იწყება,
იფნის შოლტივით
მოქნეულ გზაზე
ჟღერს ასიცხება.

კლდეებში, რანიც
დახრილან ბნელად,
იმ უშორესი
მთებისკენ ფარას
უკანასკნელად
მირეკავს მწყემსი.

მზისგან დამწვარი
და შავთვალწარბა,
ცქერამზიანი,
ამოსვლას მზისას
შეჰხარის ხარბად
ის, ეშხიანი,

სვლამარდი, მხოლოდ
არმქონე ფრთების,
ამ მთების ხატი,
ნამდვილი შვილი
მშობლიურ მთების -
მგზნებარე რატი.

სახლში ყველაზე
მცირეა, მარა,
რა არის მერე?
ბიძის ოჯახში
ყველაზე უმცროსს,
ყველას დამჯერეს

ევალება, რომ
გარეკოს ფარა
დილაადრიან
ისე, რომ მზემაც
ვერ ამოუსწროს,
ვით ინატრიან.

ის უფროსებმა
ამ სისხამ დილით
ზევით ააგდეს.
არ დაუწყიათ
მასთან ბოდიში:
ვინ გადააკვდეს?

მაგრამ არ ეთვლის
სიბოროტეში
ქცევა იმათი.
არავის გულით
კეთილშობილით
არ ერჩის რატი.

უარით იგი
ვერ აიცდენდა,
ვერასგზით, წასვლას;
და შორს ბილიკებს
გაუდგა დილით,
არჩია გაცლა...

მონახა თავის
პატარა გუდა,
ჩააწყო შიგნით,
სამწყესურში რომ
მიჰქონდა მუდამ,
ძვირფასი წიგნი -

წიგნი დევგმირის
ამირანისა,
ყველი, ხმიადი...
არდაყოვნება
იცის ხანისა
და მიდის რატი.

III
სიცოცხლე ჩქეფდა,
სიცოცხლე დუღდა,
სიცოცხლე წვავდა...
გაიპო ორად
კლდე, საბუდარი
ორბთა და სვავთა...

და კლდიდან წყარო
ამოჩუხჩუხდა
ანკარა ასად,
და აღტაცება
მოჰფინა შორად
მიწას და ცასა!

სიცოცხლე დილის
სხივთა კრთომაში
იყო ძლიერი,
სულ მაღლა-მაღლა
იწევდა მნათი
პირმშვენიერი!

თავის თხებს კლდიდან
კლდეზე ხტომაში
ეჯიბრებოდა,
და სიხარულით
ცოცხალი რატი
ზეცას სწვდებოდა.

დაქანებული
ფერდობის მგრძნობი
არსებით სრულით,
მგრძნობი სიცოცხლის
ძალთა ფარულთა
სულით და გულით,

რატი სულ უფრო
გამხიარულდა,
ვით ცისკრის ჟღერა,
და თავის ზარის
მსგავსი წკრიალა
ხმით დაიმღერა.

მან აღტაცებით
იგი სიმღერა
გასძახა არეს.
მოხდენილი ხმა
მიიბნ-მოიბნა
კლდე ტყიან მხარეს.

ამღერებული
დაადგა რატი
პატარა ბილიკს,
ბილიკი უცებ
გაგანიერდა,
როგორც გზაშლილი.

ბილიკის ორთავ
მხარეს ზვიადი,
ვით  რხევა ჩრდილთა,
ჩანდა ლამაზთა
და მშვენიერთა
ფენა ყვავილთა.

ყელამდე მოსულს
ბალახს საძოვარს
არხევდა ქარი,
და მხიარულად
დახტოდნენ თხები
სწრაფი და ჩქარი.

ნოყიერს, ნამით
გამოსაწოვარს
ბალახს სწვდებოდნენ,
და უდიდესი
სიამოვნებით
შეექცეოდნენ.

აგერ საღამო
დროც მოახლოვდა,
ვით გაშლა ფრთების,
სწვდა არემარეს
გრძელ-გრძელი ჩრდილი
მაღალი მთების.

შუქი დასავლეთ
ცაზე დაგროვდა
და შეეთვისა,
და ამოძრავდა
ნიავი გრილი
ხეობებისა.

IV
წყარო ნათელი,
როგორც მთის დილა,
ჰპოვა ანკარა,
გადაფარული
ფოთოლ-ნეშოთი,
ლამაზი წყარო.

მხურვალე სახე
მან გაიგრილა.
ვერცხლებრ ცინცხალი,
მოწყურებულმა
დალია პეშვით,
ანკარა წყალი.

წაჰგავდა ახლა
მისი ოცნება
მთელ ერთ სამყაროს,
და მხიარულად
შეუდგა სამხარს,
გემრიელ სამხარს.

ო, მშვენიერო,
საამო წყარო,
სიგრილის მფენო!
ო, სიყმაწვილევ,
რა მცირე გყოფნის,
რომ მოისვენო...

რომ ყოველ ნატვრას
გადააფარო
ცა მონიავე,
მთელი სიკეთე
ყოფნა-არყოფნის,
მთელი სიამე!

კარგ გუნებაზე
დამდგარი რატი
გულაღმა მიწვა.
დიდხანს ტკბებოდა
გარემოს ცქერით,
ათრობდა მიწა.

აი, ამ მწვანე
მთების გადაღმა,
აღმოსავლეთით,
დიდ მთას რომ თავი
ამოუყვია
თოვლით ნაკვეთით,

გიჟი მდინარე
მიჰქრის თავდაღმა
გააფთრებული,
ბუნება ლაღი
და გულუხვია,
და დიდებული.

ძვირფას, ბრჭყვიალა
მარგალიტებით
ივსება არე,
ელვარებს იგი
მთა თოვლიანი,
ცამდე მდგომარე.

აბრეშუმით და
ფერად ჩითებით,
ზღვა აბრეშუმით,
ელავს ღრუბლების
ელვა მზიანი
ლოდინით ჩუმით.

ბევრის გაგების
არ ჰქონდა ძალა,
არ იყო სიტყვა.
აწ საყვარელი
წიგნი გაშალა
და იწყო კითხვა.

სხვა სიცოცხლეში
გადაიყვანდა
მას კარგი წიგნი,
ამოძრავებდა
სხვა ქვეყნისათვის,
სხვას გრძნობდა იგი.

მომჯადოებელს
წიგნი საუბარს
მასთან იწყებდა,
უმაღლეს გრძნობებს,
გულში ნაგუბარს,
განუღვიძებდა.

მღეროდა წიგნი
გასაოცარი,
იმ ამირანზე -
დევგმირზე, რომელს
ყორნების ჯარი
ხორცს ჰგლეჯდა ტანზე.

ვერ შეეხედა
ვერრით მზისათვის.
გულგანაგმირი,
ამქვეყნად ცეცხლის
მოტანისათვის
მიჯაჭვეს გმირი.

V
ამასობაში
მთლად ჩამობნელდა
მთები, ტყე-ველი;
დადგა დუმილი
არეთა ვრცელთა
დაურღვეველი.

დაიქროლებდა
მხოლოდ ნიავი
ნელი სისინით,
როგორც წყაროს ხმა
მონანინავე
შორი ლოდინით.

ღრმა ხევის ხმასთან
ისმოდა წყნარი,
ხმა იშვიათი;
და ტკბილმა ძილმა,
ვით მისი ცხვარი,
დაიპყრო რატი.

ო, გადმოფრენა
სიზმრის ცბიერის,
ვარდების ფენა,
სიზმრების, რომლის
სიმშვენიერეს
ვერ აწერს ენა!..

VI
შემდეგ ესიზმრა,
თითქო მთებს იქით,
მღელვარე გრძნობით,
ის მიდიოდა
ვიწრო ბილიკით -
ყოვლად უცნობით.

გარშემო ლანდნი
იდგნენ ციხეთა,
მთა - გარე-გარი...
მან მიიხედა
და მოიხედა:
თუ ექცა მხარი?

ძლიერ უცხოა,
უცხოა რაღაც
მთა უმაღლესი.
იდგა სრულიად
უცნობ ალაგას
პატარა მწყემსი.

თვის საყვარელ მთებს
კარგად იცნობდა -
შეზრდილი არი,
მაგრამ ამ ადგილს
ვერ შეიცნობდა:
მოექცა მხარი?

ყოფილა მთებში,
ყოფილა ტყეში,
ბევრჯერ ყოფილა;
ეს ადგილი კი,
ო, თავის დღეში,
ეს სამყოფელი,

ჯერ არასოდეს
თვალს არ ენახა;
და ახალ გრძნობის
სახეზე შიში
გამოესახა:
შეუცნობლობის.

ესიზმრა: მის წინ
უფსკრული შავი
გაიპო, ბნელი.
უძირო რამე
გამოჩნდა, ავი,
ქვევით - ქვესკნელი.

უზარმაზარი
კლდეები ისე,
ავად ნაზრახი,
გადმოწოლილი
იყვნენ, ნაპირზე
გადანასახი.

თითქო ახლავე,
აი, ამ წამში,
მოსხლტება, განა,
გადმოინგრევა
და წავა ხრამში
მთელი ქვეყანა.

და გაიფიქრა
რატიმ: ო, ბედი!
რა ამბებია!
შენი ჭირიმე,
აქ სად მოვედი,
ან რა მთებია?!

სიჩუმე იყო.
დუმდა ყოველი -
მთა, საძოვრები.
არც ახლობელი,
არც უცხოელი,
არ ჩნდა მცხოვრები.

მაგრამ, აი, ჯერ
გასაოცარი,
ჩუმი და ფრთხილი
რაღაც მოესმა
ხმაური წყნარი,
უცებ შემკრთალი.

VII
რაღაც ჩურჩულის
ხმა კვლავ მოესმა
მახვილი, მჭევრი.
თითქო არსებამ
უახლოესმა
გასწია ტევრი,

შეჰქმნა შრიალი
და ფაჩაფუჩი
მწვანე ქათიბის,
რაღაც უსაგნო,
რაღაცა ურჩი
გაზვიადების.

ეგონა კლდე-ღრეთ
ატყორცნილთ სივრცეს,
მიაპყრეს თვალი,
და ერთმანეთში
ჩურჩული იწყეს
რამ იდუმალი.

ღამე ჩუმია,
ღამე შავია,
არც ნიავია.
მაგრამა, ო, ეს
რაღა ზვავია -
რა ამბავია?!

ახლა კი სრულად
ცხადად მოესმა,
მხოლოდ ერთხელი
ჯერად ყვირილი
და მერე კვნესა
გულგამჩეხელი.

კვნესა და ოხვრა
ადამიანის
მოესმა ცხადად...
აი, კიდევ ის,
აი, კიდევ ის...
ვინ გამოხატა

ეს კვნესა მწარე,
ეს მძლავრი შფოთვა
მაწყევარ ბაგის,
სულ ახლო კლდიდან
რომ მოისმოდა,
ვით ღელვა შმაგის?!

რატიმ იფიქრა:
არაა მეხი...
ტკივილთა ტეხა...
ალბათ, კლდით ვისმე
დაუსხლტა ფეხი,
გადმოიჩეხა.

ამ ფიქრით მალე
მღელვარე რატი
იქით გაქანდა,
სად ხმა ისმოდა.
იყო წყვდიადი
და არვინ ჩანდა.

VIII
ესიზმრა: თითქო
რაღაც ძალა მას,
ძალთ უმძაფრესი,
ეწეოდა და
უჩვენებდა გზას.
შეფიქრდა მწყემსი.

აი, გაიხსნა
რაღაც ხვეული
უზარმაზარი,
აი, გამოჩნდა
კლდე გარღვეული,
შიგნით საზარი -

ყოვლად საზარი
სიბნელე იდგა,
ყოვლად მგლოვარე
გმინვაც ისმოდა,
აი, ამ კლდიდან,
ამგვარად მწარე.

რატის ფიქრები
შიგნით მიჰქრიან:
ვინ კვნესს, ვინ არი?
რატის აქ დიდხანს
არ უფიქრია -
გადავლო ნარი,

ელვასებრ კლდეში
შეიჭრა რატი.
რასაც ელოდა,
არაფერი აქ
არ იყო ცხადი,
ისე ბნელოდა.

ყრუ სიბნელეში
იწყო ფათური,
კლდეს ეხვეოდა.
რაღაცა ძალა
ანდამატური
კვლავ ეწეოდა.

წინაგრძნობებმა
დაიწყეს გულში
ხშირ-ხშირი ფეთქვა.
უცებ, დიდ, ფართო
გამოქვაბულში
შემკრთალი შედგა:

ქვაბურს სინათლე
სდიოდა მაღლით.
ოდნავი მადლით
იფინებოდა
ურკვევლად, დაღლით
მკრთალი სინათლე.

ამ უჩვეულო
უცხო ალაგას
შედგა, გაშეშდა...
და სანათური
სინათლის ლაქას
ათამაშებდა -

ზედ შუა ადგილს,
სანათურს გასწვრივ,
ტანჯვაში ნალეს
თვალების ელვა
მძლავრი და ბასრი
შეხვდა მის თვალებს.

და ამ დიდ კლდეზე
სახე-ვნებული,
მცქერალი ტანჯვით,
გაუკითხავად
მიმაგრებული
მაგარი ჯაჭვით,

იყო უცნობი,
სიზმარეული,
კლდეს ახალგაზრდა...
სახეზე დაღად
აჩნდა ხვეული
ნაწამებ აზრთა.

IX
რა ტანჯვის, სახეს
ეხატებოდა,
სასტიკი დაღი!
სახედ სინათლით
ოდნავ კრთებოდა
ნაგრძნობ-ნანახი

და განიერი
მისი მხარ-ბეჭი,
მთელი სხეული
თრთოდა ტანჯვათა
დიდ სიჭარბეში
გამომწყვდეული.

გამოიხედა
რა ვეფხვის თვალით,
ჯაჭვი იძია;
საოცარ ძალით,
საშინელ ძალით
წამოიწია,

მაგრამ ჯაჭვები
იყვნენ მაგრები,
მტკიცედ კვეთილი,
თითქო უხილავ
ძალთ მონაკრებით
გამოჭედილი.

დამსხვრევის ნაცვლად
გულუმადური,
შეურყეველი
ჯაჭვთა გამოსცეს
ხმა ჩხარაჩხურის
დაუძლეველი.

კვლავ კვნესას იმას
ყრუ, უდაბური,
სისხლით სოველი -
იმეორებდა
ბნელი ქვაბურის
კუთხე ყოველი.

აქ ყოველ კუთხეს
დაჰკროდა დაღად
მძიმე წვალება,
რატის უეცრად
მოესმა რაღაც
აშრიალება.

სანათურიდან
ზევიდან ქვეშა
ფრენა საზარი
ტყვიის სიმძიმით
ძირს ჩამოეშვა
უზარმაზარი,

უზარმაზარი,
რაღაც ვეება,
სასტიკი ძერა...
მოკუმშა ფრთები
და კაცს შეება,
ვით ბედისწერა.

და დააფრინდა
ის გააფთრებით
გულ-მკერდზე ჭაბუკს,
ის წრიალებდა
და მისი ფრთები
წაჰგავდა ქარბუქს.

და მან ნისკარტით
თვისით მაგარით,
კლანჭებით თვისით
უუმძაფრესით,
გრდემლისმაგვარით,
უუსწრაფესით -

დაუწყო ხორცის
წიწკნა და გლეჯა,
გლეჯა და წიწკნა,
შეუბრალებლად
დაუწყო ქეჯნა...
შველა არ იქნა,

და მოანკარე
სისხლი თქრიალით
გადმოსკდა მკერდით,
შესაზარი ხმა
კვნესა-ზრიალით
ისმოდა გვერდით.

X
რატი ვაების
იყო მცქერალი.
ეს მწარე გმინვა,
წამების გმინვა
აუწერელი
ვერ მოითმინა.

და რაიმეს სხვას
რომ გახდა ვერას,
გაცეცხლებული,
ზიზღის ძახილით
მივარდა ძერას,
გააფთრებული.

შეება მედგრად,
არ დააცალა,
ხერხით უტევდა;
რაც კი გააჩნდა
ღონე და ძალა,
სცემდა და სწევდა.

დაუნდობელი,
ბოროტი თავის
მოტრიალებით,
ძერამ თავისი
გულგამგმირავი,
ბასრი თვალებით

შეხედა რატის,
და გაოცებით
წაუხდა თვალი,
თითქო რაღაცა
ბოროტ ოცნებით,
უცებ შემკრთალი.

მასში იდუმალ
შიშმა იალა,
ქარბუქის მდები
უცებ გარინდდა,
კვლავ იფრთხიალა,
გაშალა ფრთები,

გაშალა ფრთები,
საშინელ რხევით
და ცერა-ცერა
სანათურითვე
ავარდა ზევით
დამფრთხალი ძერა.

XI
რატი დამშვიდდა.
მოსინათლობის
მზერით ნათელით,
თვალით უსაზღვრო
დიდი მადლობის
გამომხატველით,

ჭაბუკი იგი
გასაოცარი
მას უცქეროდა,
თითქო წამების
მისი საზღვარი
ისევ სჯეროდა.

უიმედობის,
მუხთალი ბედის
მტანჯველი სევდა
გაჰქრა, და ისევ
დიდი იმედის
სხივი გამეფდა.

ისევ გამეფდა
მადლიან სხივის
ელვარე ბზინვა,
და ტანჯულ სახეს
მისი ლივლივის
ცა მოეფინა.

შეხედა რატის.
წამების დიდის
კვნესა შეწყვიტა,
და უთხრა ყმაწვილს
საოცრად მშვიდი
და წყნარი ხმითა:

- ო, გულკეთილო,
ოჰ, გულკეთილო
და კარგო ბავშვო!
ბედმა, რომელმაც
აქ ჩაკეტილი
გული ჩაახშო,

იმედის სხივი
რომ არ დაინდო
და მომცა დაღლა,
ჩემს ტანჯულ სულში
ისევ აინთო
იგი ხელახლა.

თუ შენ გსურს, მართლაც,
დამხსნელო ჩემო,
შენ შეგიძლია
გაჰფანტო, რაც კი
ჩემს გარეშემო
ბნელი ნისლია.

და სამუდამოდ
გაჰფანტო ბნელი,
დამიხსნა, რათა
მეც ძველებურად
ვიყო მშველელი
ერთა და ხალხთა.

- ნეტა ვიცოდე! -
შესძახა რატიმ -
შენი იმედი
მსურს გავამართლო...
როგორ და რათი?
ვით? რაიმეთი?..

მიბრძანე, რაგინდ
არ იყოს რთული,
თუ შემეძლება,
მარად და მარად
მზადა ვარ, გული
არ შემეცვლება.

მინდა გიშველო,
მაგრამ აბა მე
რა გამეგება?
გემუდარები,
მიბრძანე რამე,
გიხსნა ეგება.

მე ვარ უბრალო,
მე ვარ საწყალი,
პატარა მწყემსი.
არ მაბადია
მიწა და წყალი
რამ უმეტესი.

და ყველაფერი,
რაც კი დღემუდამ
მე მაბადია,
რასაცა ხედავ:
მხოლოდ ეს გუდა
და ნაბადია.

არც არა ცოდნა,
შემცნობი ყოვლის,
რამე მეღირსა,
არა ვიცი რა,
გარდა ცხვრის მოვლის
და სიმღერისა...

XII
- გმადლობ, ძვირფასო,
ჩემო პატარა,
დიდი გაქვს გრძნობა.
რა ბედმაც შენ აქ
შემოგატარა,
მასაც მადლობა!

სიკეთეს შენსას,
ნახულს ამ კლდეში,
კარგად გახსოვდეს,
არ დავივიწყებ
მე თავის დღეში,
ო, არასოდეს!

თუ რომ უბრალო
რამეს ეცდები...
თავს არ გაცოდებ...
ხედავ, ა, იმ ჯაჭვს?
თუ რომ შესწვდები
და მომაწოდებ,

ასე საშინელს,
ასე უმტკიცესს
ბოლოს ჯაჭვისას,
გარდუვალ მიზეზს,
საზიზღარ მიზეზს,
ჩემი ტანჯვისას.

ბოლო ამ ჯაჭვის,
მიბმულის ქიმზე,
ვრცლად მოოჭვილი,
მინდა ხელთ ვიგდო,
მაგრამ მე ისე
ვარ შებოჭილი,

რომ ვერრანაირ
ვერ სწვდება ხელი.
მსურს ხელთ ჩაგდება
მე იმ ჯაჭვისა.
შეუძლებელი
რამე კი ხდება.

ბოლოს ჯაჭვისას
როგორმე ისევ
თუ ხელს ჩავავლებ,
მე მეშველება,
მე თავს ავიწყვეტ
და სულს არ დავლევ.

მე თავს ავიწყვეტ
და მოეღება
ბოლო, ვით სიზმარს,
დაუსრულებელ
კლანჭის შეხებას,
კორტნას საზიზღარს.

XIII
მივარდა რატი
ჯაჭვს, გზნებამალი,
სწრაფ აარწია;
ასწია რაც კი
შესწევდა ძალი,
და ვერ ასწია.

სუნთქვას უმატა
და მოუხშირა,
ასწია. ხოლო
ძლივძლივას ტანჯულ
კაცს გაუშვირა
იმ ჯაჭვის ბოლო.

ვაგლახ! ის ჯაჭვი
მოკლე აღმოჩნდა:
ქიმსაც ძლივს სწვდება...
მიჯაჭვულის ხელს
ის თითქო მისწვდა
და ვეღარ სწვდება...

- ოჰ! - დაიკვნესა
და ხმამ ლოდების,
ვით თავკვლა, წყვეტა,
გაიმეორა:
ნეტავ როდემდის?
როდემდის ნეტა?!.

როდემდის უნდა
ვიტანჯო ასე?
მსხვერპლმა ბნელობის
როდემდის უნდა
ვსვა მწარე თასი
დაუხსნელობის?..

საუკუნენი
ცვლიან ერთმანეთს,
დღეს და საღამოს,
საუკუნენი
გვანან ზმანებას
დაუსაბამოს.

ჩემს ნაცვლად ჟამი
აქ ვერ დაებას,
წყევლა, ვაება!
ბოლო არ უჩანს
ამ შავ ვაებას,
ვით უკვდავებას.

მომიახლოვდი,
მომეცი ხელი,
კეთილო ბავშვო,
დამიგდე ყური:
თუ გსურს ეს ბნელი
გამირიჟრაჟო,

იცოდე, ჯაჭვის
მე იმის ბოლო
როგორმე უნდა,
როგორმე უნდა
ხელთ მოვიყოლო,
რად ღირდეს, თუნდაც...

მაშინ დავამსხვრევ
ბორკილებს მწყრალად...
განქრეს ღრუბელი! -
თავისუფალი
გავხდები კვალად,
თავისუფალი!

იცოდე კიდევ
შენ, ამას გარდა,
ის ჯაჭვი მთელი
რგოლთა ერთნაირთ
და თანაბართა
იყოს შემცველი.

და უსათუოდ
არარა სხვაის
უძველეს რკინის...
სწორედ ამგვარის
და ამნაირის
გამოკვეთილის.

აგრეთვე ყველგან
ის ძველისძველი
რკინეულობა,
სადაც კი შეგხვდეს,
კვალწაუშლელი
აჩნდეს ძველობა.

და ერთი ჯაჭვი,
ჯაჭვი მაგარი
შენ გააკეთე,
სწორედ ამ სახის,
სწორედ ამგვარი,
სწორედ აგეთი.

და მტკიცე რგოლით
რგოლს მიმდევარი
მიეცეს მადლი,
გასჭედე ჯაჭვი,
სულ ნახევარი
რომ იქნეს ადლი.

მომიტან მას აქ,
მაგრამ გაფრთხილდი:
თრთის ქვეყნის თვალი -
არვინ არ უნდა
შეგიტყოს ტვირთი
ეს იდუმალი!

და ეს ამბავიც
არვინ შეგიტყოს
მსმენარემ თარსად,
არ შევხვედრივართ
არასდროს თითქოს
ერთმანეთს არსად.

არავის თვალმა
არ უნდა ნახოს
ეს არემარე,
გამოქვაბულში
არ განიზრახოს
შემოვლა გარით.

აქ მიჯაჭვულის
წამების ნახვა,
შენს გულში დარჩეს,
ცუდად ჩაუვლის
სხვას იგი ზრახვა -
ის ვერ გადარჩეს!

ჩვენი პირობა
იქნება მტკიცე
ხმა ძმათა თქვენთა:
გელი, ახლა კი
გამოიღვიძე:
დროა, გათენდა!

XIV
როს გაოცებულს
რატის უეცრად
გამოეღვიძა,
გარშემო ნისლი
ეხვია ზეწრად,
იგრძნო ეს მიწა.

მაშ ეს... ეს იყო -
რატი მთლად თრთოდა -
მხოლოდ სიზმარი?!
გამოღვიძებულ
მთებს მოჰფენოდა
მბზინავი ცვარი.

ამოსულიყო
გაცოცხლებული
მთებიდან მზეცა,
ანთებულიყო
ალმოდებული
ლაჟვარდი ზეცა.

შეხედა, მაგრამ
იქ ახლომახლო
არ იყო ცხვარი,
მაშ ეს, ეს იყო
სხვა სამოსახლო,
მხოლოდ სიზმარი?!

კვლავ აღელვებდა
ფიქრთა კრებული,
რაც სიზმრად მოხდა,
წყაროს კიდიდან
გახარებული
მარდად წამოხტა.

და შურდულივით
დაეშვა ცხარი
მახლობელ გორას,
ეჰ, წასულიყო
ძლიერ შორს ცხვარი,
ძალიან შორა!

უფრო და უფრო
იგი ბილიკი
ვიწროვდებოდა,
თავისუფალი
მასზე სირბილი
ძნელი ხდებოდა.

ბილიკი უფრო
მოკლე ეძია,
უფრო ფერადი,
მაგრამ ცხვარს
მაინც ვერ დაეწია
მგზნებარე რატი.

უეცრად შეკრთა:
ამ მთების იქით,
ამავე გრძნობით,
ის რომ ვიდოდა,
ვიწრო ბილიკით,
თითქო უცნობით -

ო, ეს ადგილი,
სწორედ ეს ნიში
სადღაც ენახა.
გაკვირდა რატი,
სახეზე შიში
გამოესახა.

აგერ იმის წინ
იგი მოწამე,
უფსკრული ავი,
ჩაფერდებული
უძირო რამე,
და შავზე შავი

აგერ იგი კლდე.
ახსოვს თუ არა
უზარმაზარი,
ასე საშინლად
რომ გადამდგარა
ხრამზე, საზარი?

თითქო ახლავე,
აი, ამ წამში,
ორომტრიალით
გადმოინგრევა,
და წავა ხრამში
ხრიალ-გრიალით.

რატი შეფიქრდა
ძლიერ: ო, ბედი!
ასეა განა?
შენი ჭირიმე,
აქ სად მოვედი,
რამ მომიყვანა?!.

XV
ახლა კი ცხადად,
ძალიან ცხადად
მოისმა, სხვისი,
გადაქცეული
ვერცხლის ნაკადად,
წრფელი კისკისი.

უცხო კისკისი...
შეფიქრდა დიდად:
სხვას არას გრძნობდა -
სულ ახლო, ახლო,
აი, იმ კლდიდან
გამოისმოდა.

ახმოვანება
ეს მხიარული,
მეტად, ძალიან...
იფიქრა რატიმ:
ეს დაფარული
მწყემსი ქალია!

და ეშმაკობის
ბადით ნაკერი
ქსელია წინა...
მწყემსი გოგოა,
სხვა არაფერი
და არავინა...

ამ ფიქრით იქით
გაქანდა რატი
ხმების გიზგიზზე,
სადაც ისმოდა
ხმა იშვიათი,
ხმა მოკისკისე.

თითქო რაღაცა
დიდი ძალა მას
ფრთხილად, ბუნებრივ
ეწეოდა და
უჩვენებდა გზას,
ძალაუნებრივ.

აი, გაიხსნა
სუროხვეული,
მწვანე ნაპირი,
აი, გამოჩნდა
კლდე გარღვეული,
მოპირდაპირე.

მაგრამ შიგნით კი
სინათლე იდგა,
დილას რომ ახლავს,
კისკისიც სწორედ
აი, იმ კლდიდან
ისმის ხელახლა.

რატის ფიქრები
შიგნით მიჰქრიან -
სცადოს საცდელი...
რატის აქ დიდხანს
არ უფიქრია
რამ განსაცდელი -

ყოჩაღად კლდეში
შეიჭრა ის, ვით
კორიანტელი...
და ყველაფერი
შეიქმნა მისვლით,
დღესებრ ნათელი.

მზიანი იდგა
მწყემსი გოგონა
იმ ადგილების,
და ხელთ ეჭირა
ლამაზი კონა
მთის ყვავილების.

XVI
ისეთი იყო
ეს ქალი მწყემსი
ლამაზ მთა-გორის,
როგორც ვარსკვლავი
ულამაზესი
ვარსკვლავთა შორის.

დუმილის შემდეგ:
რას ეძებ შენა? -
ჰკითხავდა რატი.
და საუბარმა
დაიწყო დენა
ფერად-ფერადი...

- მეც დილიდანვე
გამებნა ცხვარი -
განაგრძო გოგომ -
ხომ არ გინახავს
სადმე მძოვარი?
არ ვიცი, როგორ...

არა?.. მაშ, მოდი,
ვეძებოთ ერთად.
ისინი გროვით,
ალბათ, საძოვრად
გავიდნენ ფერდად...
მალე ვიპოვით.
. . . . . . . . . . .
ხელი ხელს მისცეს
და გამოვიდნენ
ფერადი კლდიდან,
რომელსაც გული
ჯერ ისევ კიდევ
ზღაპრულად ხდიდა.

კვალდაკარგული,
იქვე იპოვა
ორთავემ ფარა,
ორთავე იმავ
უცხოდ სახსოვარ
კლდეს შეეფარა.

და უცქეროდნენ,
თუ როგორ ჩქარი,
სწრაფი და მარდი
სძოვდა ნოყიერ
საძოვარს ცხვარი,
მედგრად მიმმართი.

- მაყვალა, - ჰკითხა
რატიმ, - მითხარი,
რად არის ასე:
შეხედე - შენი
და ჩემი ცხვარი
გაშლილა მთაზე...

ნამიან ბალახს
რომ ერთად სძოვენ...
უყვართ მთა, ჭალა...
მთაში რა ნახე,
ანუ რა ჰპოვე,
მითხარ, მაყვალა!

- რატი, - მაყვალა
ამბობს, - მგონია,
შენ ახალს ელი,
შენც, ალბათ, ბევრჯერ
გაგიგონია,
ამბავი ძველი -

შთამომავლობით
შთამომავლობას
სიტყვა-შაირი
გადასცემს, არის
ძველთაგან ცნობა
ასეთნაირი:

სამშობლოს ჩვენი
სანაპიროდან,
სად ჩანს მთის პირი,
მიჯაჭვულია
უძველეს დროდან
ის, გმირთა გმირი.

გმირთა გმირს დიდი,
ბოროტი ძერა,
მგესლავი თვალით,
თავს დასტრიალებს
ვით ბედისწერა
გარდაუვალი.

ტანჯვით სავსეა
თვალი მზირალი
მიჯაჭვულ გმირის,
სახელად ჰქვია
მას ამირანი -
ტყვე გასაჭირის

ცდილობს როგორმე,
რომ მოიშოროს
ბოროტი ძერა,
სამაგიერო
მიუზღას ბოროტს;
მას გულით სჯერა,

რომ მიეცემა
რამე წამალი
ხალხს უებარი,
ბოროტი სულის
გადანამალი,
ის წმიდა კვარი.

- მაყვალა, მერე
გჯერა ის ძერა?
გჯერა ის კვნესა?
- რატი, რას ამბობ,
ძლიერაც მჯერა
და მესმის დღესაც.

რატი გაფითრდა.
მას გული უცემს
სწრაფ გამალებით.
ისევ ხმა რამე
მოისმა უცებ
აზრიალებით.

ჯერ არსმენილი,
საშინელი ხმით,
კლდემ იგრიალა.
კლდე შეირყა და
მცენარენი მხრით
შეიტრიალა.

ხმა საზარელი
ხეთქვით მოვარდა,
ალიაქოთით.
უზარმაზარი
კლდე გადმოვარდა,
როგორც ნაფოტი.

და თვალუწვდენელ
ხევში დაეშვა
ქარივით, მყარი.
ხმიდან ხმა მთიდან
მთას გადაეშვა,
დაუვიწყარი.

ყოველი მხრიდან
ხმა მისცა მთამა,
გულით აღმოხდა
და დიდხანს ქუხდა
არე-მიდამო:
ცხრომა არ მოხდა.

გაგრძელდა იგი
გრიალი, გრგვინვა
დიდხანს და კვლავად...
შიშით მაყვალამ
ერთი შეჰკივლა,
შეკრთა მაყვალა.

და მეგობარ მწყემსს
მიეკრა ვიშით
პატარა მხრებზე.
შესცქეროდა მას
უეცარ შიშით
თვალი მოაზრე.

- მაყვალა, მერე
გჯერა ის ძერა? -
ჰკითხავდა რატი.
- რატი, რას ამბობ?!
ძლიერაც მჯერა,
მჯერა, ვით ხატი.

შენ კი არ გჯერა?
მითხარი რატი -
ჰკითხა მაყვალამ.
რატი შეკითხვით
შეკრთა ცოტათი,
მაგრამ მძლე ძალამ

მხნედ უპასუხა:
- განა არ ვიცი? -
თან გაიფიქრა:
მე ხომ ამირანს
მივეცი ფიცი! -
მაგრამ... ვით გითხრა?

XVII
ზღვის პირად, ქალაქს
ჩამოდის რატი...
ღელვა ქუჩების,
შფოთი მრავალი,
მრავალფერადი,
არდაყუჩების...

ის სამჭედლოში
მუშაობს თვითონ
დაუზარელი,
გავარვარებულს
ამზადებს ლითონს
სჭედს აჩქარებით.

რამოდენიმე
თვის შემდეგ რატი,
განუწყვეტელი
ვარჯიშის შემდეგ,
გახდა ოსტატი -
მარჯვე მჭედელი.

იგი ნამდვილი
არის მჭედელი -
მრავალნი სცნობენ,
რომ შრომაშია
გამობრძმედილი
და საქმის მცოდნე.

ოსტატი ძველი
ამაყობს მისით,
გულმხნე მზადებით,
უროს რომ გრდემლზე
ურტყამს ხალისით
და გულდადებით.

ელვარებს ქურა,
რკინა მზადდება,
ნახშირის სხივის
გახურებული
გამონათება
ალისფრად ღვივის.

ძალას ედრება
მსგავსთა ზესთა ზეს
ცეცხლში ლითონი,
გავარვარებულ
აგვისტოის მზეს
წაჰგავს ლითონი.

ჰფეთქავდე ასე,
აენთე ასე,
ო, ჩემო გულო!
რკინა საქმეა
სიცოცხლით სავსე,
საგულდაგულო.

მისი, რომლისგან
დღე არ ფერხდება,
ჟრჟოლა იწყება,
არ შეიძლება,
არ მოხერხდება
გადავიწყება.

მოგონებათა
იმ წიგნის ძვირის
გზა არ იცვლება.
არგახსენება
ამირან გმირის
არ შეიძლება.

ახლოა შუქთა
ბინდებზე გაცვლა,
პირის ბრუნება,
მზის ჩაქრობაზე
მიმდგარი ჩასვლა
და მოდუნება.

იგი, მოქნილი
ოქროს რკინებად,
დიდებით ჩადის,
ოქროს ფოთლებში
მოიცქირება
და ხიბლავს რატის.

გამოხედვაში
მწუხარე ღიმის
მზე ჰბურავს თვალებს,
ნისლთ სიმსუბუქის,
კლდეთა სიმძიმის
ხსოვნა კანკალებს,

უმეორებელ
ხშირთა თმათ იმათ,
მთელი გენია
მღელვარე შუბლზე
ჩანჩქერთა წვიმად
რომ მოჰფენია.

XVIII
ჩაქუჩო ჩემო,
მედგრად დაჰკარი,
შრომა იწყება,
აგუგუნდება
მთელი თაკარი
და განრისხება.

უმატე ქურას
ცეცხლი, ვიდრემდე
ამისი დროა.
ლითონი მივა
მთლად სითეთრემდე,
რაც საჭიროა,

და გადმოიღე
ქურიდან მალე,
აქციე ქაფად,
ლითონის ცეცხლი
გრდემლზე გაშალე
მალე და სწრაფად.

გადმოაბრუნე
იგი, დახედე,
შესძარ და შემდეგ
დაუნანებლად
სჭედე და სჭედე,
უცხრომლად სჭედე!

ამ წამში ცხელი
ლითონი უცდის
თავის მეომარს,
დარტყმას მოითხოვს,
როგორც სიზუსტეს
თანაზომიერს.

რომ ძალა გრდემლის
გაითვალწინოს,
ახსოვდეს, რომა
მას თანაბარი
დარტყმა დასძინოს...
ასეა შრომა.

გამოცდილება
და ხერხი აგრევ
აგროვებს მძივებს,
რომ ლითონისას
აჩნდეს სიმაგრეს,
ვით ყოველივეს.

ლითონის სახეს
მკაცრად კეთილი
მისდევდეს გონი,
ლითონი ასე
გამოჭედილი -
არის ლითონი

დაჰკარი გრდემლი
არაგვიანი,
როს შრომა იწყო,
არ დაივიწყო
ის ამირანი,
არ დაივიწყო.

შესძარ ნახშირის
ფერფლი ნაფარი,
ნაცარი ტბორი,
რომ განისაზღვროს
წვა თანაბარი
მიმდევნო, სწორი.

კლდეების მოძრავ
ალით, მაშინვე,
უცხოდ მფერველი,
აამოძრავე
მძიმედ მქშინავი
კვლავ საბერველი.

და ნაპერწკალთა
ჩინჩხლიან ფრთებით
საამურ ფრენას
მიაცილებდე
დროგამოშვებით
ფიქრების დენას.

იხედებიან
თვალები მკაცრად,
ვით მოზიარე,
არ გაუშვებენ
ოცნებას არსად:
ეგრე იარე!

არ შეიძლება
დათმობა. აგერ,
გრძნობის შემქცევი,
შველას მოითხოვს
მიჯაჭვულთ ბაგე...
ვერ გაექცევი!

მოგონებანი,
ვით ასიცხება,
ეძებს უკეთესს,
არ შეიძლება
გადავიწყება...
ცეცხლს შეუკეთე!

ძმები არიან
ისევ ისინი,
და ზეცის ქვეშა
ესმის სისხლისმსმელთ
ბნელი სისინი...
შეურთე შეშა!

ის კვლავ იგონებს
მოხუცი პაპის
ჩვეულ ზმანებას,
ამაღელვებელ
თქმულებებს, ზღაპრებს
და გამოცანებს.

აქ, იმ მთაშია,
ამ ქვეყნის გული:
დიდი ხანია,
დიდი ხანია
იქ მიჯაჭვული
ამირანია.

და მათ ესმოდათ
იმისი კვნესა,
ვინ მიაყურა,
მან დაიფიცა -
გულს შთაითესა
და კვლავ დახურა,

რომ იხილავს მას
ის ბორკილაყრილს,
და ეს მზადება,
რატის, ფიქრებში
ქურასთან დახრილს,
ეჩუმათება.

ცეცხლს, ცეცხლს ადევნე
ნიადაგ თვალი,
ნუ მიჰქრი შორად,
თანდათან უნდა
ღვიოდეს ალი,
თანდათან, სწორად.

აძლიერებდეს
ცეცხლს არა ხნობით,
არამედ მარად...
მხოლოდ და მხოლოდ
თანდათანობით,
თანაზიარად.

ცეცხლს გონიერად
მიემსახურე,
გიჭრიდეს ღონე,
ყოველმხრივ შესძარ
და გაახურე
იგი ლითონი.

ფხიზელი უნდა
მომსახურება,
აწევა დონის,
გახლეჩას იწვევს
გადახურება
ცხელი ლითონის.

ზედმეტ ხურვებით
რკინა ფუჭდება,
გინდ იყოს ძველი,
ლითონი ტყდება
და ნაჭუჭდება,
წუნის შემცველი.

მარდად, ჩაქუჩო,
დაარტყი ცხრილი,
ქვა გააფიცხე!
ხომ გახსოვს, გულო,
ის ქალიშვილი...
რად დაივიწყე?

ალო, იფეთქე
და იელვარე
ღელვის მტარებლად.
შენც, საბერველო,
იყავ მღელვარე
შეუწყნარებლად!

რეკე, ჩაქუჩო,
გრდემლო, შენც ბანი
უთხარი ხშირი -
მიჯაჭვულია
კლდეს ამირანი,
ის გმირთა გმირი...

ლითონო, ცეცხლო,
დამიმორჩილდი...
ამდენი ჟინის,
მზადაა ჯაჭვი,
ის სასახელო
უძველეს რკინის.

აწ ამირანის
მიზანი ხდება -
ამ ჯაჭვთა მსხვრევა
და ბორკილთაგან
თავისუფლდება
შრომის სუფევა...

რეკე, ჩაქუჩო,
კიდითი კიდე,
ცხოვრება ასწი,
რკინას უჩქარე
ელვარედ წითელს,
აჯობებს ასწილ...

და დადგა ის დღეც -
მზის გარიჟრაჟით
გაჰქრა წყვდიადი,
ხელთაყვანილი
მიჰყავდათ ტაშით
მგზნებარე რატი.

ეს იყო ახლა
ვერრით დასათმი
სიცოცხლის კითხვა.
ეს იყო ხალხის
მებრძოლისადმი
ალერსის სიტყვა.

გული ყველასთვის
თანაბარი გზის
უსმენდა ყველას,
პირველი სიტყვა
რევოლუციის
აწვდიდა შველას.

დაიძრა ხალხი
მძლავრი გუგუნით
და გაემართა
დიდ მოედანზე,
ზეიმი გულით
რომ გაემართა.

ხელთაყვანილის
ყვავილთა მკონარ
გულს გრძნობა მოხვდა.
ქალაქი დიად,
ჯერ გაუგონარ
გრიგალში მოხვდა.

მიღელავდა ზღვა.
და მსგავსად ზღვისად,
გულო, შენ ნახავ:
ფერს ამ დროშისას
სამარადისოდ
გზად დაისახავ.

არა პირადი
იყო საშვენი
სიტყვა, არა "მე"-დ,
არა საკუთარ
გამოსაჩენი
ხმისთვის, არამედ

საკაცობრიო
გზისკენ იწევდა,
გზა ახალ არის,
ხალხის მორევზე
სახეში სცემდა
ალერსი ქარის.

იძროდა ხალხი,
თითქო ტიტანი
გემს ეწეოდა,
მაგრამ ამ დენას
თვითონ მერანიც
ვერ ეწეოდა.

ესმოდა, რასაც
სთვლიდა ხვალისად -
ჩაგვრის მიყვანა.
აღფრთოვანებამ
მომავალისამ
ხელთ აიყვანა,

რომ იმავე დღეს
ეგრძნო, აი, ეს
დაძვრა-მუქარა,
და მიემართა
პირველსავე დღეს:
დროშები ჩქარა!

ხალხი გმირია
და კიდევ რამდენ
გულის სიღრმიდან
სწევს გამარჯვებებს
უშორეს ზღვამდე
ჩვენს შავი ზღვიდან!

იძროდა ხალხი,
ხალხი კი დევი
და ტიტანია.
იგი იგივე
ბორკილდამმსხვრევი
ამირანია!

[1944]