შუალედი - დან - მდე
 
 


***საათი ექვსჯერ რეკავს...


2

დიასახლისი: (სალამ-ქალამის შემდეგ) საათი ექვსჯერ რეკავს: ჩვენი საათი სწორია. სადილობის ხანიც მოვიდა, მამაო. თქვენ კი არაფერსა თხოულობთ. რას ინებებთ, რა მოგართვათ - მამაო.
ბერი: [ეხლავე გეტყვით] მომითმინეთ, ფრაუ, ერთი ეს მითხარით: ნავს, რომელიც ბაგირიდან მოდის ხოლმე - დიდხანს დააგვიანდება?
დიასახლისი: რა მოგახსენოთ, ვინ იცის... წყალმა დაიკლო და შესაძლებელია, ამის გამო დააგვიანოს, გარდა ამისა, მისი მოსვლის დროც ჯერ არ დამდგარა. მე რომ თქვენ ვიყო, აქ ვისადილებდი...
ბერი: კარგი.. ჟამი არს სადილისა. ვისადილებ, მაგრამ ხომ არ გაქვთ მეორე ოთახი, სადმე ცალკე.
დიასახლისი: (განზე) უი, უი... ეგ რა მითხარი... ცალკე ოთახიო... ხომ არაფერი გაივლო გულში... ხომ არ მეარშიყება ეგ სულიერი მამა.
ბერი: დიაღ, მეორე ოთახი, სადმე ცალკე რომ ვისადილო.. აქ რაღაც სხვანაირი სუნი სცემს.
დიასახლისი: (განზე) უი, მეხი კი დაგაყარე! (იმას) თქვენ, მამაო, ძალიან გარკვეული და გემოს მქონე ბრძანდებით, მაგრამ მე არაფერი მესმის.
ბერი: [აქ] რაღაც სუნი მცემს-მეთქი. აქ მახლობლად საღორე ხომ არ არის?..
დიასახლისი: საღორეო... ხა, ხა, ხა! მართლაც რომ, აგრეა, მამაო... ეს ღორების მსგავსი ადამიანებია, რომელსაც აქ ცეცხლში სწვავენ აქედან ასი ნაბიჯის მანძილზე. აი, საიდანაა სუნი, რომელიც თქვენ გცემთ.
[ბერი: ადამიანებს? რომელ ადამიანებს?]
[დიასახლისი] ბერი: სწვავენ ადამიანებს... რომელს, ვის?
დიასახლისი: არა არიული რასის ადამიანებს, განა ისინი თქვენთვის რამეს ნიშნავენ? განა ღირს, მათ გამო თქვენ ჭამის მადა დაჰკარგოთ? და რაც შეეხება სასადილოს, ეს ერთად ერთი მაქვს და ამით უნდა დაკმაყოფილდეთ.. ჩემის აზრით კი, არა არიულ რასის ხალხს არც ისეთი მძიმე სუნი აქვთ. ბოლოს და ბოლოს ისინი რომ არ დასწვან, მათგან უფრო მძიმე სუნი [შეიქნებოდა] დადგებოდა. დღეს დილით, ქვიშაზე, აი, ამ ბუხრის სიმაღლემდე ეყარა ცხედრები.
ბერი: მერე შენ მიდიოდი ცხედრების საყურებლად?
დიასახლისი: აჰ, თქვენ იმიტომ მეკითხებით, რომ ისინი შიშვლები ეყარნენ... მიცვალებულთაგან ეს ანგარიშში ჩასაგდები არაა, მამაო. ჩემის აზრით, გინდ მათთვის გიცქერია, გინდ მკვდარი ბაყაყებისათვის... უთუოდ, როგორც სჩანს, გუშინ მარჯვედ მუშაობდნენ, არ აიწერება, რაც მდინარემ ისინი მორეკა. წყალმა დაიკლო და იმის გამო სულ ნაპირებზე გამორიყა. მიდის მეთევზე ბადით და ბადეში ცხედარი ხვდება. მისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა კარგი კალმახი მოჰყოლოდა ბადეს... მაგრამ, მამაო, თქვენ რაღაც გემართებათ. რა მოგივიდათ, ავად ხომ არ შეიქმენით. ხომ არ ინებებთ სადილის მოტანამდე მიირთვათ ჭიქა ლუდი, ან არაყი? დალიეთ და სული დაგიმშვიდდებათ.
ბერი: (უარის ნიშნით) გმადლობთ..
დიასახლისი: მაშ, რა მოგიმზადოთ სადილად?
ბერი: რაც იქნება. სულ ერთია.
დიასახლისი: მაინც მითხარით. [ჩემს] მე სამზარეულოში საკმარისი სურსათ-სანოვაგე მიწყვია.
ბერი: მაშ, კარგი. მომიტანეთ შემწვარი წიწილა და თუ ღმერთი გწამთ, ხელს ნუ შემიშლით ჟამნის კითხვის დროს.
დიასახლისი: წიწილაო? [თქვენო უსამ.] მამაო, ეგ რა მითხარით... წიწილაო? თქვენთვის მარხვა, როგორც სჩანს, არ დაუწესებიათ. როგორ, რომის პაპის გრამატა ხომ არა გაქვთ, რომ პარასკევ დღეს წიწილა მიირთვათ.
ბერი: ოჰ, რა გულმავიწყობა დამჩემდა: მართალია, სწორია. დღეს ხომ პარასკევი არს. სამღვთო წერილში სწერია: პარასკევსა მას დღესა ხორცეულობა არ სჭამო... ვითარმედ ეგრე არს, მაშინ მომიტანეთ ერბო-კვერცხი და გმადლობთ, რომ დროზე მითხარით, თორემ დიდს ცოდვას შინა ჩავვარდებოდი.
დიასახლისი: (თავისთვის) ესეც შენა! კარგი ვაჟბატონები ბრძანდებიან. თუ არ [უთხ.] გაახსენეთ, ისინი მარხვაში წიწილებს მიირთმევენ. და უბრალო ღარიბ დედაკაცს, რომ წვენში ემოტენა ნამცეცა ღორის ქონი დაუნახონ... ისეთს ალიაქოთს დააყენებენ, ისეთს ხმაურობას შეჰქმნიან, ყურებში თითები უნდა დაიცო (მიდის დახლში და ამზადებს ერბო-კვერცხს. ბერი განაგრძობს ჟამნის კითხვას. მუსიკა უკრავს [მხიარულ] რაიმე საეკლესიო მოტივს).

გამოსვლა მეორე

იგინივე და მეორე ბერი.

(შემოდის იმ დროს, როდესაც პატივცემულმა პოლდიმ უნდა გადააბრუნოს უზარმაზარი ერბო კვერცხი).
მეორე ბერი: Ave Maria, ღვთივ სულიერო დაო (როგორც კი პირველი ბერი დაინახავს მას, უფრო ჩაღრმავდება ჟამნის კითხვაში.. მეორე ბერიც თითქო შემკრთალია).
დიასახლისი: (განზე) ნეტავი, რა მოსდისთ. (იმას) კეთილიყოს თქვენი მობრძანება, მამაო, სიმამრს ყვარებიხართ, სწორედ კარგ დროს მობრძანდით. სწორედ სადილის დროა. მოცდა აღარ დაგჭირდებათ, შესაფერისი კომპანიონიც არის. (ახალგაზრდა ბერს) ეგრე არ არის, ყოვლად ღირსეულო მამაო. თქვენ ხომ გესიამოვნებათ ამ ყოვლად ღირსეულ მამასთან. მას ჩემი ერბო-კვერცხის სუნი ეცა და იმიტომ გამოეჩქარა. მეც კიდევ ერბო არ დამიშურებია.
I ბერი: (შიშითა და მოკრძალებით) მე ვშიშობ, არ შევავიწროვო ახლად მოსული.
II ბერი: (თავდახრით) მე საწყალი [უცხო] ავსტრიელი ბერი ვარ... ვშიშობ... კარგად ვერ ვლაპარაკობ გერმანულად და ვერ შევძლებ სასიამოვნო კომპანია გავუწიო ერთმორწმუნეს.
დიასახლისი: ეეჰ, ერთი თქვენცა. რა საჭიროა ცერემონიები [ერთი ორდენის] ბერ-მონაზონთა შორის, და მერე კიდევ ერთი ორდენის ბერმონაზონთა შორის, არავითარი გაყოფა არ შეიძლება (საჩქაროდ მოარბენინებს სკამს ახალგაზრდა ბერის პირდაპირ. მოხუცი ბერი გვერდულად ჯდება, მეტად დარცხვენილი, [თითქო]).
II ბერი: (განზე) სურვილი სადილობისა ებრძვის ამის ჩადენას ერთმორწმუნესთან, რომელიც ეჯავრება.
დიასახლისი: (მოაქვს ერბო-კვერცხი) აბა, სულიერნო მამანო, წაიკითხეთ ჩქარა ლოცვა და მერე სთქვით, როგორი ერბო-კვერცხის [გაკეთება] დამზადება მცოდნია (ორივე ბერი სიტყვა „ლოცვის“ ხსენებაზე უსიამოვნოდ იშმუშნება).
I ბერი: თქვენ უნდა წარმოსთქვათ „მამაო ჩვენო“, უფროსი ბრძანდებით და სუფრის კურთხევაც თქვენ გეკუთვნისთ.
II ბერი: სრულიადაც არა, თქვენ აქ ჩემზე ადრე მოსულხართ, და თქვენ უნდა დაილოცოთ.
I ბერი: ო, არა, გთხოვთ.
II ბერი: არასგზით არ შემიძლია.
I ბერი: მაგრამ ეს... აუცილებელია.
დიასახლისი: ერთი ამათ [უყურე] უცქირეთ და... თქვენ აქ იმდენს ილაპარაკებთ, რომ ჩემი ერბო-კვერცხი სულ გაცივდება. აბა, სად ნახულა, ასე მოცერემონიე ბერ-მონაზვნები. აი, რა გითხრათ: დეე, უფროსმა წაიკითხოს „მამაო ჩვენო“ სადილის წინ, უმცროსმა კიდევ „ღირს არს“ სადილის შემდეგ. გმადლობ უფ.
II ბერი: მე ვკითხულობ მამაო ჩვენოს მხოლოდ ავსტრიულ ენაზე.
ახალგაზრდა ბერი გაოცებით ქვეშ-ქვეშ ფარულად შეხედავს მეორეს, რომელიც სათნოებით დაიკრეფს გულხელს, და ბუტბუტებს [რაღაც] სიტყვებს, რომლის მნიშვნელობაც არავის [შემდეგ] არ ესმის. შემდეგ იგი დაჯდება [ყოველი] და სიტყვის უთქმელად სწრაფად სჭამს თავის ერბ. და გამოსცლის მთელ ბოთლს. მისი ამხანაგიც სიტყვა უთქმელად სჭამს თავის ერბო-კვერცხს. ამ ხნის განმავლობაში პოლდი მღერის სიმღერას.
მარგარიტა: „რასაც სარაცინი წინად,
                      რასაც ბარბაროსი წინად -
                      სიმამაცის საქმე სთვლიდა,
                      თუ თავს სთვლიდა სარაცინად,
                      რაბლემ მას უწოდა რბევა
                      და მკვლელობის მხეცი ჟინი.
                      მეც, რაბლესაც, მთელს მსოფლიოს
                      ასე ესმის სარაცინი“.
ახალგაზრდა ბერი: (სადილის გათავებისას წამოდგება, გულზე ხელს დაიკრეფს და ენადაბმით რაღაც ლოცვას ლაპარაკობს და ათავებს სიტყვებით) გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე.
მარგარიტა: (გაოცებით) აი, გასაკვირველი ლოცვა; ყოვლად ღირსო მამაო, ეს თქვენი ლოცვა სრულებით არა ჰგავს ჩვენი მღვდლის ლოცვას.
ახ. ბერი: ასეთი ლოცვაა მიღებული ჩვენს მონასტერში.
მეორე ბერი: მალე იქნება ნავი? (ახ. ბერი უსიამოვნოდ იშმუშნება.. სიტყვის უთქმელად იღებს ლოცვანს და განაგრძობს დიდი გულისყურით კითხვას. მეორე ბერი თავისი მხრით მარცვლავს თავის კრიალოსანს. ზურგს შეაქცევს თავის ერთმორწმუნეს. აცმაცუნებს ტუჩებს უსიტყვოდ).
მარგარიტა: (თავისთვის) ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასე მთლად დამუნჯებული ბერები. (მიიდგამს თავის საქსოვს ჩარხს და სურს დაიწყოს მუშაობა. გარედან ხმაურობა ისმის [შემოდის ოთხი მამაკაცი]. მარგ. ფანჯარაში) მეტად საეჭვო შესახედაობის მამაკაცები არიან. ახ, ისინი არიან... საზიზღრები... (შემოდის ოთხი მამაკაცი. ბერების დანახვაზე ისინი ოდნავ მიიდებენ შუბლთან ხელებს).

III

ერთი მამაკაცთაგანი: (მიუხალოვდება დიასახლისს და ნიკაპზე ხელს ამოდებს) მშვენიერო მარგარიტა, აბა დაფაცურდი, ჯერ, უპირველეს ყოვლისა მოგვიტანე ღვინო. ხახა გაგვიშრა, გვწყურია. შემდეგ სადილი ჩქარა, ძაღლივით გვშიან.
მარგარიტა: (ღიმილით) ღვინო და ღვინო! და კიდევ დაფაცურდი, დატრიალდი. (დატრიალდება) აი, დავტრიალდი. მერე რა. დაგავიწყდათ განა, რომ ძია კრედიტმა, დიდი ხანია, რაც ჭირი მოგჭამათ...
ერთი მამაკაცი: სწორი ხარ, სწორი ხარ... (მაგრად იგინება) ეშმაკმა წაგიღოს შეცა და შენი ძია კრედიტიცა.
მარგარიტა: ოი, ღვთისმშობელო... შენ დამიფარე. გეკადრებათ განა ასეთი სიტყვის თქმა?
ერთი მამაკაცი: კარგი, კარგი, დედაბერო. ნუ გააჭირვე საქმე. დღეს ყველაფერს გადაგიხდით. - რაც დაგვიხარჯავს წინად და რასაც დავხარჯავთ დღეს. დღეს, აი, რამდენი ფული მაქვს (ჯიბეებს იჩხარუნებს).

[1930-იანი წლები]