დღიური-661-9 - 7 თებერვალი, 1955 წელი
ძვირფასო ამხანაგებო!
ცხრაას ჩვიდმეტი წლის დიადი ოქტომბრის გარდატეხის სულ რაღაც ორი წლით ადრე, 1915 წ., ე. ი. ორმოცი წლის წინად ჩვენ, ქართველმა პოეტებმა, მუხლი მოვიყარეთ უდიდესი ქართველი მგოსნის - აკაკი წერეთლის ცხედრის წინაშე და ფიცი დავსდეთ თავდადებულად განვაგრძოთ მისი გზა სამშობლოსადმი უანგარო სამსახურისა!!
და დღეს, ორმოცი წლის შემდეგ, გაერთიანებულნი ჩვენი საყვარელი სამშობლოის და მისი წინსვლის, მისი აყვავების მარად მგზნებარე გრძნობებში, ვიკრიბებით დღეს, რათა ჩვენი მრავალმხრივ საგულისხმიერო შეკრება სულით და გულით მივუძღვნათ უდიდესი ქართველი პოეტის, ქართველი ხალხის მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-რევოლიუციური მოძრაობის მებაირახტრის (ილიასთან ერთად) აკაკი წერეთლის ხსოვნას.
ჩვენ ერთხელ კიდევ აღვნიშნავთ დღეს, თუ რა განუყოფელ მთლიანობას უნდა წარმოადგენდეს პოეტი და ხალხი, თუ რა გზნებითაა ხალხისადმი შეწირული ყველაფერი, რაც კი პოეტში სინდისიერი, სპეტაკი, გამბედავი და ადამიანურია. დღევანდელი თარიღის აღნიშვნა ტარდება იმ დროს, როდესაც ატომის ენერგიით ამაოდ ემუქრებიან კაცთა შორის მშვიდობას! ქადაგებენ კაცობრიობის განადგურებას...
აკაკი და ხალხი განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა. და ჩვენც მეოცე საუკუნის ქართველი მწერლები ვცხოვრობთ ხალხთან ერთიანი ცხოვრებით და ჩვენს სიმღერებში ისმის ცხოვრება ხალხის გულის, ხალხის ძლიერი, ნათელი და მგზნებარე ხმა.
ამ ათი წლის წინად საქართველოს კომუნისტური პარტიის ორგანო „კომუნისტი“ - თავის მოწინავე წერილში სწერდა: „თავისი დროის მოწინავე იდეებს უჩვეულო ძლიერების სული შთაბერა აკაკის პოეტურმა გენიამ, რომლის ძალა მის ხალხურობაშიაო. ამ მხრითო, - განაგრძობდა მოწინავე წერილი, - აკაკი მოსაბაძი მაგალითის მიმცემიაო მოწინავე საბჭოთა პოეზიისათვის, რომელიც ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანია გამარჯვებული საბჭოთა ხალხისო“.
სავსებით სწორია! თანამედროვე საბჭოთა პოეზია არის ხორცი-ხორცთაგანი და სისხლი-სისხლთაგანი გამარჯვებული საბჭოთა ხალხის!!!
სწორია! და ჩვენი სამშობლო საიმედო სამშობლოა მსოფლიოს დევნილთა, და გვინდა, რომ ჩვენი სიმღერები იქცნენ მათი სულისა და სინათლის მზედ. ჩვენ გვსურს, ვთქვათ სიტყვა, რომელსაც ჩვენ ხალხი გვთხოვს. გვწყურია გამოვხატოთ გრძნობები - წიგნებით, უკეთესით, რაც კი ოდესმე დაწერილია ადამიანის კალმის მიერ. კარგი წიგნი სიხარულია ჩვენი უზარმაზარი ცხოვრებისა!
წიგნი - ეს არის ადამიანი, დაწერილი ადამიანისვე ხელით, მაშასადამე, საკუთარი ხელით, და გულით, რომელიც მოქმედობს და [სცემს] სძგერს თავისუფალ ქვეყანაში და რომელსაც იცავს დიდი ხალხის ზრუნვა.
ჩვენ ვიყავით ხალხთან 1917 წლის ოკტომბრის დიად გარდატეხის დროს!
ჩვენ ვიყავით ხალხთან, როდესაც იგი შეუდგა ახალს მშვიდობიან მშენებლობას, რათა მშვიდობიანად და ბედნიერად ეცხოვრა ჩვენს მშვენიერ მზიურ საქართველოში.
ჩვენ ვიყავით ხალხთან, როდესაც იგი შეუდგა ახალს მშვიდობიან მშენებლობას, რათა მშვიდობიანად და ბედნიერად ეცხოვრა ჩვენს მშვენიერ მზიურ საქართველოში.
ჩვენ ვიყავით ხალხთან - როცა ის თავს იცავდა თავდამსხმელი მტრისაგან, როცა ამ მტერმა მოინდომა ჩვენი თავისუფალი და სამართლიანი უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
და ჩვენ ხალხთანა ვართ დღესაც, ღრმად შეჭრილნი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვართ თანამონაწილე იმ დიდებული მშენებლობისა, რომელიც დღეს სწარმოებს ჩვენი კავშირის სხვა ძმურ ერებთან ერთად, ვართ რა ჩაბმულნი ბრძოლაში უკეთესი მომავლისათვის საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად, კომუნიზმის ასაშენებლად.
დიდება ხალხს!
დიდება მის მშვიდობას!
დიდება ამ მშვიდობის უკვდავ მომღერალს!
დიდება და მადლობა გენიას აკაკი წერეთლისას!
აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
გალაკტიონ ტაბიძე
1955, 7 თებერვალი