დღიური-345 - 1955 წელი
1 სექტემბერი.
ათი დღე, რამაც უნდა შესძრას არა კაცობრიობა, მაგრამ ჩემს გარშემო არსებული ატმოსფერო მაინც იწყება პირველი სექტემბრით, ამ შემოდგომის პირველი დღით, არაჩვეულებრივად კარგი, მზიანი, მშვენიერი დღით.
1. დღეს კიდევ უნდა ჩავიწერო ტელეფონი - 3-55-22.
2. გვახსოვდეს: ბათუმის 1. სახლი №24.
3. დღეს სულიკოს მიეცა წინადადება, რომ წასულიყო ქალაქის აღმასკომში და კავშირი დაემყარებია იქაურ კულტურის განყოფილებასთან...
4. ბორის ლომიძე (10 დღე, რამაც შესძრა) ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე არისო. მუშაობს კულტურის დარგში.
5. ბესო ჟღენტმა იცის ამბავი იმ 10 დღისა, რამაც უნდა შესძრას კაცობრიობა (10 სექტემბრის ამბავი).
6. ჩასატარებელია, მაშასადამე, ორი საღამო 10 და 12 სექტემბერს, სახელგამში და ქალაქის საბჭოში. ორთავეგან ნაბიჯები გადადგმულია.
7. „ტაბელ-კალენდარი“ ნუგეშის მომცემია იმ „საგარანტიო წერილისათვის“. ყოველ შემთხვევაში, ბუჰღალტერი აპირებდა 17 სექტემბრისთვის ანაზღაურებას.
8. „აბხაზკომბანკს“ გადავუგზავნე 1156 მანეთი.
9. წყნეთის პიონერთა ბანაკის ამბავი დასრულდა, დიდებული შეხვედრა გვქონდა 20 აგვისტოს. ჩემი სახელი!
10. „Лит. Газета“-ში იყო ჭილაიას წერილი. როდის?
11. ეთერ შერაშენიძის ამბავი, უნდა გავიგოთ, თორემ...
12. გორგაძე შაქრო. უნდა ვინახულო, თორემ...
13. გიორგი ლეონიძეს უნდა შევუვარდეთ, თორემ...
14. ოთარ ჩხეიძის რომანში დიდებულია ის ადგილი.
15. ილია კავკაზაგმა მომიტანა წიგნი წარწერით.
16. ქუთაისის გაზეთი მივიღე მთლიანად. ჩემი ლექსია.
17. ქუთაისის გაზეთიდან ამონაჭერი გამოგვიგზავნა ეთერიმ.
18. ახალქალაქის გაზეთი (მთელი გვერდი) დიდებულია.
19. „З. В.“ - 30 აგვისტო. ბარბიუსზე წერილი. ნაბიჯი წინ.
20. ჩარგალის ამბების გარშემო ჯერ კიდევ...
21. ვანის საღამოებს განა დავიწყება უნდა?
22. გუშინ დაველაპარაკეთ სუხუმმშენს... პირველ სექტემბრიდან ვიწყებთ მუშაობასო.
23. ძლიერ საინტერესო წერილი მივიღე ნაზარენკოსაგან გამოგზავნილი.
24. დ. გურამიშვილის ამბები. მთხოვენ ლექსს და სიტყვას (ლ. კალანდაძე, ირ. აბაშიძე).
25. ფოტომდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.
26. სამი მდივნის ამბავი უნდა გამოსწორდეს.
27. სამი ლექსის ამბავიც იმ მდგომარეობაშია.
28. აკადემიის ამბები: უმოძრაობა ინსტიტუტში.
29. აკადემიის სააქტო დარბაზის რემონტი გაკეთდა.
30. აკადემიის ტელეფონები: მუსხელიშვილი - 3-54-64, ბერძენიშვილი - 3-95-83, ჯანელიძე - 3-59-06, ძოწენიძე - 3-64-22.
31. ტელეფონები: აბაშიძე ი. - 3-54-90, ჭილაია - 3-93-49, სახელგამი - 3-70-29, საბჭოთა მწერალი - 3-47-29, ი. გრიშაშვილი - 3-38-11.
32. შეხვედრა ინსტიტუტებში... კარგი საქმეა.
33. День поэта... Литер. Газета...
34. წერილი ბეჟიტაშვილის.
35. ფატის ვახშამი. შვიდი კაცი... ო...
36. გიორგი შატბერაშვილის წინადადება "გახსენებათა საღამოები"-ს შესახებ.
37. ლერმონტოვის ქ. №27 (ვერა ხალვაშიო).
ფიროსმანის ქ. №27 (ბაისო რუსიძე).
38. თბილისის საქ. საბჭოს დეპუტატი. ფატი.
39. დოც. კარპეზ დონაძე (ბარნოვის შეს. 6. სავლე აბულაძე, ხარიტონ ვარდოშვილი).
40. წყნეთში კარგი ამიდია. არასდროს არ დამავიწყდება 31 აგვისტოს ისტორია. რა უსინდისობაა! მაგრამ არაფერია!
41. „ხელნაწერების ამბები?“ „Скульптурно-гипсовый завод“. სურდო... რის გამო? ფატი უმიზნებს ქუთაისს, ვახტანგი - წითელწყაროს.
42. დღეს დამიბრუნდა ის კალამი, რითაც ვწერ და რომელიც დაკარგული მეგონა. დიდებულია.
43. ხვალ: ა. სულიკო, ბ. გოცირიძე. ტექსტი განცხადების. პროგრამა. გამოყენებული იქნება „პოეტების სექციის“ ბარათები თუ დაიბეჭდება ახალი?
განვაგრძოთ წიგნის ამბავიც. მწერალთა კავშირი. სახლი.. სახელგამი: ათი დღე. ქალაქის საბჭო. მოქმედნი პირნი?
.......10, 12, 15.
2 სექტემბერი.
ათი დღე, რამაც უნდა შესძრას კაცობრიობა, დაიძრა ადგილიდან. როგორც ვწერდი გუშინ, სულიკოს მიეცა წინადადება, რომ წასულიყო ქალაქის აღმასკომში და კავშირი დაემყარებინა იქაურ კულტურის განყოფილებასთან. ისიც მისულა აღმასკომში. უკითხავს ის ქალი, რომელმაც დაივალა ჩემთან შეხვედრის მოწყობა. - ის ქალიო, - უპასუხეს თურმე, - შვებულებაში წავიდაო და საღამოს მოწყობის საქმე კი წიგნთსაცავის გამგე ქალს დაევალაო. სულიკო მისულა იმ ქალთანაც - როგორაა საქმეო, როდის აწყობთ გალაკტიონის საღამოსო. მას უპასუხნია: გალაკტიონის საღამო ჩვენ არ ვიცითო. არც არავითარი დავალება მოუციათ ჩემთვისო. ჩვენ გრიშაშვილთან შეხვედრა გვაქვს დავალებულიო (ჰმ!). ამ პასუხით დაბრუნდა სულიკო სალექციო ბიუროში. მე ეს დღეს დილით გავიგე.
- რათაც არ უნდა დაჯდეს, შეხვედრა 10 სექტემბერს უნდა მოეწყოს-მეთქი, - ვუთხარი ვახტანგ გურგენიძეს.
- ეს შეიძლებაო, - ისევა სთქვა მან და ახალი დავალება მისცა სულიკოს, მოახერხოს აღმასკომის დარბაზის აღება, რათაც არ უნდა დაუჯდეს.
- პასუხს სამს საათამდე მოგახსენებთო, - სთქვა სულიკომ (ვახტანგმა ხელი მომაწერინა ამ დროს ქაღალდზე, რომლითაც ჩემს ჰონორარს სამი ლექციის ჩატარებისთვის იღებს ფატი).
მაშასადამე, სულიკო წავა აღმასკომში და მოითხოვს, რომ 10 რიცხვი ჩვენს განკარგულებაში იყოს.
3 საათზე რომ მივედი სალექციო ბიუროში, სულიკომ ვერავითარი ამბავი ვერ დამახვედრა. არ იყო ის კაციო.
მაშინ ვახტანგი პირდაპირ დაუკავშირდა აღმასკომის პარტბიუროს.
პარტბიუროს მდივანმა სიხარული გამოსთქვა თურმე, რომ შეხვედრა მოეწყობა სახალხო პოეტთან. მხოლოდ 10 ენკენისთვე დაკავებულია, თუ შეიძლება, 9 ენკენისთვე იყოსო. ვახტანგი დაეთანხმა.. „საქმე გაკეთებულიაო“, - მითხრა ვახტანგიმ, - ვემზადოთ 9 ენკენისთვისო.
მეც კმაყოფილება გამოვთქვი: ერთი დღე გინდ იქით, გინდ აქით-მეთქი.
9 ენკენისთვე!
საინტერესოა კულტურის სამინისტროს კედლის გაზეთი. ფოტო - მწყესებთან. ტექსტი უნდა გადმოვიწერო.
ეხლა 12 ენკენისთვის საღამოა მოსამზადებელი „პოეტის დღე“. მიშა გოცირიძემ სთქვა: მთელი ორგანიზაცია (საქწიგნი) მზადა ვართო. მოვაწყობთ გამოფენასო. მთელი ჩემი აპარატით დავესწრებითო. მოხსენებას მე გავაკეთებო. დაესწრებაო 200 კაცი ჩვენის მხრით. გამოფენასაც მოვაწყობთო. საღამო მოეწყობა სახელგამის კლუბშიო. აფიშები არააო საჭირო. კიდევ დავუკავშირდები თქვენებსო. ეს რა ლექსიაო (მიჩვენა [ვახტანგ] მუხრან მაჭავარიანის ლექსების წიგნი), ვერ გავიგეო.
მაშასადამე, 12 ენკენისთვე.
გაზეთებში თქვენ უნდა მისცეთ ინფორმაციაო. ეხლა საჭიროა კარგი ტექსტი.
ეს ამბავი გადავეცი თამარ ანდღულაძეს..
ედიშერ ყიფიანმა აღმოაჩინა ჩხეიძის რომანში ის ადგილი.
თეიმურაზ ჯანგულაშვილს ძალიან გაუხარდა. გულწრფელი მადლობა გვითხრა.
გახსენებათა საღამოები.
ცახელის საღამო 19 სექტემბერსო (მარიჯანი, ანდღულაძე, კაჭახიძე).
სასიამოვნოა აკად. თვალჭრელიძის ამბავი, ის ყოველთვიურად 1500 მანეთს აძლევს ცახელის ოჯახს.
ვანიდან ჩემთან იყო ნოე სანიკიძე (ვანი - ტობანიერი). ნოე სანიკიძე. 2 ენკენისთვე. 1955.
3 სექტემბერი.
მაშასადამე, შეხვედრა მოეწყობა 9 სექტემბერს. ექვსი დღის შემდეგ სალექციო ბიუროში - ვახტანგმა სთქვა, რომ განცხადება შეხვედრის შესახებ გაიკვრება დღეს ნაშუადღევსო. თუმცა ეს მთავარი არ არის, მე მაინც შევამოწმე: ნაშუადღევს სპეციალურად ჩამოველ წყნეთიდან თბილისში, რომ თბილისის საბჭოში მივსულიყავი: არავითარი განცხადება, ცნობა შეხვედრის შესახებ აღმასკომში გაკრული არაა. არც ხვალ იქნება, ვინაიდან ხვალ კვირაა. ეგ არაფერი. სამშაბათს-ოთხშაბათს რომ იყოს განცხადება - მაინც გვიან არაა. საღამო ხომ უფასოა. ეხლა მთავარია საღამოს შინაარსზე ზრუნვა და საღამოს ისეთი იერით დაგვირგვინება, როგორც საჭიროა. რიხიანად, რაღა? რანაირად უნდა გადაიდგას ნაბიჯი? ორშაბათიდანვე თუ... იქნება, დაცდა სჯობნის. აქ ვახტანგის აკტივობაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ბ. ჟღენტი, პიერ კობახიძე, და კიდევ ერთი კაცი. 3-20-49 - ეს ბესიას ტელეფონის ნომერია, 3-55-22 - ვახტანგისა.
ვიყავი აღმასკომის (ტფილისის საბჭოს) წითელ დარბაზში. მშვენიერებაა! იქ - სასცენო მაგიდაზე, ტრიბუნასთან დადგმულ კარგ ყვავილების თაიგულს არა-აჯობებს რა! მოსაწვევი ბარათებიც საჭიროა უსათუოდ. გამოვლენ, ალბად, მწერლები. დაესწრებიან მწერლები! წინადადებით გამოვლენ მწერლები!
4 სექტემბერი.
კვირა დღეა. ვერის ხიდიდან ჩელიუსკინელების ხიდემდე დავათვალიერე სანაპირო. დიდებული მომავალი აქვს ამ სანაპიროს. ვერის ხიდზე შემხვდა ნიკოლოოზ ტაბიძე - ჩელიუსკინელების ხიდის ქვეშ - ნიკოლოოზ შახულოვი. ორივ - აღტაცებული ახალგაზრდაა. მუშებს დღეს დასვენების დღე აქვთ - მაგრამ მაინც სჩანს - რა თავდადებით მუშაობენ, როგორის ენტუზიაზმით! ათი დღე - რამაც შესძრა კაცობრიობა - ანათებს!
ჩემი ათასი მანეთი ნაპირთ ერთ დიდ კლდეში დევსა! 9, 12, 15.
5 სექტემბერი.
და ასე, შეხვედრა მოეწყობა არა 9 სექტემბერს, არამედ 22-ს. სულიკომ ვერაფერი ვერ მოაწესრიგა, ან...
და საიდან უნდა ყოფილიყო გაკრული განცხადება, როცა არც მდივანმა აღმასკომისამ, არც პარტბიურომ, არც აღმასკომის თავმჯდომარემ (მაღრაძე)...
აქ უნდა დაისვას მრავალწერტილი. მე და ფატის აქტივობამ მაინც გაიტანა 22.
იყვნენ ჩემთან ბევრნი. საუბარი გვქონდა იმ გამოურკვევლობაზე, რომლებშიაც მწერლები არიან ჩაყენებულნი. ლაპარაკობდა ამის შესახებ კ. ჭიჭინაძე, ს. კლდიაშვილი.
საქართველოში ძლიერ ჩამოქვეითებულადააო საქმე. ვნახოთ, რას იზამს 12 სექტემბერი. მოსაწვევები.
6 სექტემბერი.
კატასტროფების დღეა. მაღრაძეს დაურეკავს გუნიასთვის. რაშიაო საქმე. რას დადიანო, ვინ არისო ეს ფატი. გუნიას დაურეკავს ახვლედიანისთვის, რომელსაც უთქვამს: რაშიაო საქმე, როდიდან შემოიღეთ ასეთი ფორმა ლექციებისო. ვინ არისო ეს ფატი. ახვლედიანს - გამოუძახნია გურგენიძე. რაშიაო საქმე. როდიდან შემოიღეთ ლექციების ასეთი ფორმაო. გურგენიძემ - განუცხადა ფატის - ეს ამბავი. ეტყობა, გურგენიძე დაშინებულია.
ნიშნიანიძე - ეჭვიანობს, ეს ყველაფერი მწერალთა კავშირის ოინებიაო, ინტრიგააო, მეტი არაფერი. ვინ არისო მაღრაძე? რატომ მოუწყვესო ნონეშვილს და უწყობენო გრიშაშვილს შეხვედრებსო. ის მდივანი კი არაფერ შუაშიაო... რა გვარიაო ის მდივანი? მაღრაძეს ყოფას ვუტირებო.
ქიქოძემ - დაურეკა რუსთაველის თეატრს..
კანდელაკმა - მოითხოვა ნებართვა და 2000 მანეთი. აქ შევჩერდეთ.
გაზ. „ახ. კომ“-ის რედაქტორი გადაყენებულია.
ც. კ. მეორე მდივანი - გადაყენებულია.
მერვე ტომის საქმე - გამოსარკვევია.
უნდა მიეცეს განცხადება სახელგამის დირექტორს, აგრეთვე ცეკას (ხვალ ან ზეგ ვნახავ მჭედლიშვილს).
ჭილაია - არ ბეჭდავს მოსაწვევ ბარათებს 12-სათვის (პოეტების დღე).
10 დღე, რამაც შესძრა კაცობრიობა.
შოფერმა გამიჭირვა საქმე. დამათრევს თავის მასალებისთვის (ხე-ტყის მასალები სჭირდება).
7 სექტემბერი.
გოცირიძის მოთხოვნით „პოეზიის დღე“ ეწყობა არა მბეჭდავთა კლუბში, არამედ მწერალთა კლუბში (დაგვრჩა 4 დღე).
რუსთაველის თეატრის ამბავი გამოსარკვევია.
მთავარია ეხლა „პოეზიის დღე“. გამოვიდნენ უნდა პოეტები (სად გამებნა, გამებნა სია?).
მაღრაძეს ეტირება ყოფა. მაგ ჩერჩეტმა არ იცის, ვისთან აქვს საქმე.
ხვალ:
1. განცხადების ტექსტის შედგენა და გაკვრა მწერალთა კავშირში.
2. ტექსტი პრესსისათვის.
3. დარაზმვა პოეტებისა (სიის მიხედვით).
4. შესავალი სიტყვის მომზადება. აი!
5. წესრიგი კლუბში. წინ წამოწევა იმ დღეს, „პოეზიის სექციის დარაბის“ (კავკაზაგის „სპეციალური საღამო“).
*
მაღრაძეს დაურეკავს გუნიასთვის - რაშია საქმეო. სად დადიანო. ვინ არის ეს ფატი ნიშნიანიძეო?
გუნიას - დაურეკავს ახვლედიანისთვის - რაშია საქმეო, ლექციების ეს ფორმა როდის შემოიღეთო. ვინ არის ეს ფატი ნიშნიანიძეო.
ახვლედიანს - გამოუძახნია გურგენიძე - რაშია საქმეო. როდის შემოიღეთ ლექციების ეს ფორმაო. ვახტანგს უპასუხნია: რომ გალაქტიონი ესწრება ამ ლექციებსო და სხვ.
ვახტანგმა - განუცხადა ფატის ეს ამბავი.
ფატიმ - განაცხადა, რომ ცეკაში დასვამს ამ საკითხს, თვითონ კი არასოდეს იქ ლექციას არ წაიკითხავს.
ფაკტია, მაშასადამე, რომ შეხვედრა - ჩაიშალა.
მაღრაძეს დედა ეტირება.
1. ვინ არის მაღრაძე?
2. რატომ არ უნდა, რომ შეხვედრა მოეწყოს?
3. რატომ მოუწყო ნონეშვილს და უწყობს გრიშაშვილს?
4. ის მდივანიც რა ამბავშია? რა გვარია ის მდივანი?