შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-515-4 - 1953 წელი


საქართველოს სსრ სახალხო პოეტის, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის - გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 60 წლისა და სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის 45 წლის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი შუამდგომლობს, რათა სახელმწიფო გამომცემლობის მიერ [ნება დაერთოს] გამოიცეს გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებთა კრებული (რჩეული), როგორც I, II, III, IV, V, VI და VII ტომებში მოთავსებული ლექსები და პოემები, ისე უკანასკნელად საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალა.
[წიგნი] კრებული შედგენილია ქრონოლოგიური წესით: 1908-1916, 1917-1932, 1933-1940, 1941-1945, 1945-1952 წწ.
წიგნს ექნება აგრეთვე: 1. წინასიტყვაობა, 2. კომენტარიები, 3. სიტყვარი,   4. სარჩევი ალფაბეტის მიხედვით, 5. სარჩევი კრებულის გვერდთა მიხედვით.
წიგნის პროეკტი შეიცავს დაახლოვებით 700 გვერდს, დაახლოვებით 40 ფორმას.
სახელმწიფო გამომცემლობას უკვე გადაეცა მთლიანად მთელი მასალა, ამ დღეებში კი წარედგინება პროექტი და მაკეტი წიგნისა.
სასურველია წიგნის გამოსვლა საიუბილეო დღეებისათვის.
ჩემს წიგნებზე დიდი მოთხოვნილებაა, არსად კი არ იშოვება.