დღიური-597-7 - 1952 წელი
24 ოკტ., 1952.
1. 1939 წელს დაწერილ ლექსში „საქართველოს ბოლშევიკებს“ პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე გატაცებით უმღერის ჩვენი ქვეყნის განახლებისა და აყვავების ისტორიულ ფაქტს, უმღერის კომუნისტურ პარტიას, რომელმაც „ხალხს მოუტანა თავისუფლება“, მოსპო ჩაგვრა და მონობა, ნაჭაობარზე გააშენა ბაღები და ქვეყანა წალკოტად აქცია. პარტიის ძლიერების წყარო ისაა, რომ მას წინ მიუძღოდა (ხაზი ჩვენია) დიდი ლენინის უკვდავი საქმის გენიალური განმგრძობი ამხანაგი სტალინი.
თქვენ სტალინი მიგიძღვებათ,
თქვენ არ ივლით მრუდედ,
შენ, თაობავ მშენებელო,
გაგიმარჯოს მუდამ.
ამ აზრს უფრო მეტი გამომსახველობით, ძალით ავითარებს გ. ლეონიძე ერთ-ერთ მერმინდელ საუკეთესო ლირიკულ ლექსში „რაიკომის მდივანი“ (რომელ წელსაა დაწერილი? გ. ტ.).
„შენ არაგვიდან მოდიხარ,
მოგდგამს სიმაგრის ფესვები,
მუშა ხარ, მწყემსი, მებაღე,
მევენახე და მთესველი". და სხვ.
აქ კარდინალურადაა დასმული და გადაჭრილი საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იმღერა პირველად სტალინზე, ვინ ახსენა პირველად სტალინი? ლენინი პირველად ნახსენებია 1918 წ. ქართულ პოეზიაში ჩემ მიერ და სტალინი კი ცოტა მოგვიანებით 1928 წ. (მანამდე, ტყუილია, არავის არ უხსენებია – სტალინი).
მთავარი აქ ისაა, რომ ავტორი სრულებით არ ახსენებს 1934 წლამდე არსებულ საბჭოთა პოეზიას. გამოდის, რომ ამ წლამდე არ არსებობდა საბჭოთა პოეზია.. საკითხავია, რას ემსახურებოდა ჟურნალი „მნათობი“ დაარსებული 1923 წელში? რას წარმოადგენს „ჯონ-რიდი“ დაბეჭდილი ამავე წელს? რას წარმოადგენს გ. ტაბიძის ლექსების ციკლი: აღმოსავლეთი, ქარი, ეპოქა, რევოლიუციური საქართველო, პაციფიზმი?
გამოდის, „ლიტერატურა და ხელოვნება“-ს აზრით, რომ 1933 წ. გ. ტაბიძეს ტყუილად მიეცა რ. სახალხო პოეტის სახელწოდება!
ამას ჰქვია ფაკტების დამახინჯება! ამასა ჰქვია კრილოვის იგავ-არაკის „კუნსტკამერას“ გმირის ამბავი, კაცი ბუზსა ხედავს და აქლემს კი ვერ ამჩნევს.
მაშ, სცდებოდა პარტია, როდესაც გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტობა მიენიჭა იმისთვის, რომ მან "შესაფერისი ღვაწლი დასდო სოციალიზმის აშენების საქმეს“ (მთავრობის დადგენილება), სწორედ კომუნისტურმა პარტიამ, როდესაც აქ იყო ბერია!!!!!!!!!
მთელი წერილი მიმართულია ამ დადგენილების წინააღმდეგ (ეს „რევიზია“ აკაკი თოფურიასი უნდა გამომჟღავნდეს).
ეს დიდი ხნის წინად აღებული ხაზია „ლიტ. და ხელოვნებისა“, კერძოდ, გ. ნატროშვილისა და სარედაქციო კოლეგიის, აგრეთვე პრეზიდიუმის. „მიღწევათა მიჩქმალვის“ თეორია აქ იჩენს თავს პრაქტიკაში.
„ლიტერატურა და ხელოვნება" საბავშო გაზეთად გადაიქცა. მართალი ყოფილა, როდესაც ამბობდენ:
თუ გაქვს ნამუსი და გემოვნება,
სადაც არ იყო,
„ლიტერატურა და ხელოვნება“
ხელთ არ აიღო!
მართლაც, აკლია „ლიტერატურასა და ხელოვნებას“ ლიტერატურული სინიდისი!!!
განა 1934 წლამდი არ არსებობდა ქართული საბჭოთა მწერლობა?
ო, ეს საზიზღარი ბრალდებაა!
აქ იხსნება „შეთქმულება“ - დიდი ხნის შეთქმულება. რისთვისაა, რომ შეთქმულების წევრები დიდი ხანია ეწევიან პროვოკაციულ მუშაობას.
აშკარაა, ეს ჯგუფი თავდადებით იბრძოლებს, კიდევ და კიდევ, ჩემს წინააღმდეგ.
წერილს სწერდე საბჭოთა მწერლობაზე და არ ახსენო გალაკტიონ ტაბიძე? თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა! საბჭოთა მწერლებად აქ ნახსენები არიან: გ. ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, სიმონ ჩიქოვანი, რევაზ მარგიანი - ეს მეცხრამეტე ყრილობამდე, მეცხრამეტე ყრილობის პერიოდში (1952 წელს!). თავი იჩინეს გ. კაჭახიძემ, ნონეშვილმა, ს. ეულმა, ო. ჭელიძემ, კ. ბობოხიძემ, ვ. გორგანელმა და გ. აბაშიძემ. უკანასკნელი სპეციალურად ირკვევა და აშკარად უპირისპირდება წინად ნახსენებს.
გამოდის საბჭოთა პოეზია იწყება ლეონიძით და თავდება აბაშიძით.
1. მართალია თუ არა, რომ ქართული საბჭოთა პოეზია იწყება მხოლოდ 1934 წლიდან?
2. პოემა „გორი“ (რომელ წელსაა დაბეჭდილი?). მიეძღვნა იგი სტალინს.
„ლიტ. და ხელოვნება“ უკანა ხევს ქართულ საბჭოთა მწერლობას მთელი 17 წლით! (ქართული საბჭოთა მწერლობა იწყება ოკტომბრის რევოლიუციის პირველ დღიდანვე. იხ. გ. ტაბიძე, ტ. II იხ. გვ. 24. „რა საჭირო სიტყვები? მჯერა!“) უფრო ადრე, ვიდრე მაიაკოვსკის გამოსვლა მოხდებოდა „Левый Марш“-ით.
აი, თურმე, რატომ ეწინააღმდეგებიან ჩემს იუბილეს მწერალთა კავშ. პრეზიდიუმის წევრები.
აი, რატომ აგვიანებენ მას. აი, რატომ არ ეხმაურებიან ჩემს წიგნებს. აი, რატომ წლების განმავლობაში „ლიტ. და ხელოვნებაში“ გაურბიან გ. ტ. სახელის ხსენებას.
აი, რატომ არ არის გ. ტაბიძე საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმის წევრი.
რომ ქართული საბჭოთა მწერლობა იწყება ოქტომბრის რევოლიუციის პირველი დღიდანვე, ამის მიჩქმალვას ენერგიულად ცდილობს, დიდი ხანია, გ. ნატროშვილი. იგი 17 წლით აშორებს 1917 წელს ქართულ მწერლობას.
„მშენებელ თაობაზე“ ეპოქაში განა არის, მაგრამ ქვეყანა მაინც შენდება.
არც ეს არ გაუვათ!
თოფურია წყალს ამღვრევს.
ასე აშკარა დუმილი გამოხატონ (მე ხომ გავიფიქრე?).