შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-241 - 1949 წელი


1949 წელი

მცხეთა. 23 ივლისი. 1949 წ.
1. - ჰიი, კამეჩო... რასა შვრება, ამას უყურე (გადუჭერს შოლტს).
2. - იყიდე, დედი, მამალი! დახედე, როგორი წითელი თვერი აქვს - ეგ იმიტომ, რომ სულ ალუბალსა სჭამ[და]ს... სულ მურაბას მიირთმევდა, სულ წითელ ღვინოსა სომდა.
3. მცხეთის გზას აშენებდენ. უეცრად მოვარდა ერთი კამეჩი, ეცა ერთ მშენებელს, დასცა, ეცა მეორეს, დასცა. დანარჩენმა მშენებლებმა თავს უშველეს.
4. - დღეს შენ შინ იქნება!
- საღამოს ჩამოვალ!
5. - გამარჯობა თქვენი... ილიკო, როგორა ხარ, ილიკო... რათა?
6. კარგი იქნება, ვინმე ამიწერდეს მარ[ი]ს ლექციების კითხვის დროს. ეს მის ძველ სტუდენტებს ემახსოვრებათ. ნაწილობრივ არის მასალები „იაფეტიურ სემინარიებში“ (კ. დონდუა? ვ. დონდუა?).
7. ილია მრევლიშვილის ბაღის წინ გაჩერდა ავტობუსი. გადავიდეთ, დავათვალიეროთ; ნამდვილი აგარაკია მტკვრის პირად გაშენებული. რა ხეხილი არ უდგას შიგა, თუთა, ალუბალი, კაკლის ხეები, ატმები, და სხვ. და სხვ. ამას წინად ნავით მოადგნენ მტკვრის პირიდან, ღამით, დაესიენ ალუბლებს რუსები, ტოტებს მტვრევა დაუწყეს.
8. პუშკინის გამოფენაზე ვნახე „მცხეთობა“ - არ მახსოვს, ვისია. იქ კარგადაა გამოყვანილი მესტვირე, რომელსაც უსმენენ გლეხები (ვკითხოთ ბადრიაშვილს).
9. - მოუბრუნდება არსენა, კამეჩივით მოუბღვერსა.
10. - ნინას ტემპერატურამ აუწია - 37, 3. ნუნუდან.
11. მცხეთის გზაზე მიდის ორი ქალი. სტალინის ქ. №8. ერთი მათგანი დასისხლიანებულ ფეხზე იხედებოდა, ხელს ისობდა და ტირილით საყვედურობდა მეორეს: შე ქალო, შენ წინ მიდიოდი, შენ მაინც რატომ არ გამაფრთხილე, თუ ეს გადარეული, გიჟი კამეჩი მოჰყავდათო. მეორე პასუხობდა: მხოლოდ მაშინ შეგხედე, როცა დაგეტაკაო. პირველმა ტირილს უმატა, ტკივილის მომატებასთან ერთად, და ძლივს ძლივობით, ფეხის ათრევით განაგრძო გზა. მე ვკითხე: რა დაგემართა, რა გატირებს, რამ გიქნა ეს სისხლი-მეთქი. მან მიპასუხა: აგერ გიჟი კამეჩი დამეტაკა, განა ვერ შეხედეთო? როგორ თუ გიჟი-მეთქი. გიჟიაო, გაგიჟებულიაო - სთქვა ქალმა.
როდესაც რვა ნომერს მოუახლოვდით, დაღლილები, სიცხისაგან გათანგულები, თითქოს ჩვენთვის განგებ [მო]გამზადებულ სკამებზე ჩამოვსხედით, ჭიშკრის წინ, ჩრდილქვეშ. იმ ორმა ქალმა კი განაგრძეს გზა. ჩვენს სკამის პირდაპირ იჯდა მომავალი ჩვენი დიასახლისი. ჩვენ დავინახეთ ამ დროს გზაზე მიმავალი მოხუცი გლეხი, კოლმეურნე, რომელსაც ბაწრით ტუჩებგაკრული, რქებზე და კისერზე შემოხვეული ბაწრით კამეჩი მოჰყავდა. მან გააჩერა ეს კამეჩი, [სახეზე] პირზე ბაწრის ცემა დაუწყო, რადგან ტუჩებზე ბაწარს არ იჩერებდა კამეჩი, ეწინააღმდეგებოდა, ეურჩებოდა, თავს ხან იქით გასწევდა, ხან აქით, წრიალებდა ვეფხვივითა. გამოველაპარაკეთ, ვკითხეთ, თუ რათა სცემს, მან გვითხრა შემდეგი:
- კოლმეურნეობაში ჩემს მეტი ამ კამეჩს ვერავინ ეკარებაო. ჩემს მეტის არავისი ეშინიაო. სხვა კოლმეურნეობიდან ვიყიდეთო, რადგან იქ ყველას ერჩოდაო, გაგიჟებულიაო; ე ვერანა განსაკუთრებით ბავშებს, ქალებსა და ინლიგენციას ეტანებაო (აქ კიდევ ერთი მაგრად მოსცხო). დაინახავს თუ არა კაბას, მაშინვე გამოეკიდებაო, აგრეთვე ბავშებსო. აკი, იმიტომ გაჰყიდეს იმ კოლმეურნეობიდანაო. ეხლა ჩვენც გვინდა მოვიცილოთ, მაგრამ ყველამ გაიგო ამისი ამბავი და აღარავინ ყიდულობსო, სახორცეთ კიდევ ვერ ვიმეტებთ, რაც არ უნდა იყოს, მუშა ძალაა, კარგი მუშააო. ჩემს მეტის არავის რიდი არა აქვს, მე დამინახავს თუ არა ხელში ბაწრით, გარბისო. აგე, ის ორი ქალი რომ მიდის და ერთი მათგანი რომ სტირის, გზაზე დაეტაკა და ურქინა. კიდე კარგი, რომ დროზე მოვუსწარი, თორემ რქებით მტკვარში გადაისროდაო იმ ქალსაო, მერე მეორესაც მიაყოლებდაო. ამის გამგონეს ნინასაც კარგა გვარიანად შეეშინდა. იგი დიასახლისს შეეკითხა: ეს რა კამეჩი ყოფილა ასეთი საშინელიო.
- ჰიი,  კამეჩო, შე ვერანაო. კიდევ ერთხელ გადაჰკრა გლეხმა კამეჩსა და თავის გზას გაუდგა.
- ეგ რა არისო, - სთქვა ეხლა დიასახლისმა, - აქ ამას წინად მცხეთის გზას აშენებდენ. მოვარდა ერთი კამეჩი. მშენებელთა ჯგუფში. გაჰკრა ჯერ ერთს, მერე მეორეს დეეტაკა. მესამემ თავს უშველა, გარბოდა, კამეჩმა რა ჰქნა, იცი? გაეკიდა მას, სდია კარგა  ხანს; კაცი მობრუნდა ახლა, აიღოს ქვა [თუ რაღაც] უნდა, დაიხარა, კამეჩი დაეტაკა და, იმ კაცის საბედოთ, რქებზე იმ ილას ქუდი შერჩა. ქუდი კამეჩმა კარგა ხანს აბუღრავა, მუშამ კი თავს უშველა. ამ დროს, მხოლოდ შუბლის არემარეში ჭრილობა ჰქონდა. სისხლი სდიოდა, ქუდი რომ არ ჰხურებოდა, კამეჩი სულს გააცხებინებდა.