შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-238 - 1949 წელი


მოქმედება პირველი
წიგნი
„რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო სასარგებლოა იგი თავის სამშობლოსათვის“ - ამბობს ა. გრიბოედოვი.
აქედან: რაც უფრო გაუნათლებელია კაცი, მით უფრო მეტი ზიანი მოაქვს სამშობლოსათვის.
ლენინის ცნობილი თქმა: „ჩვენ უნდა მივაღწიოთ მას, რომ უბრალო მზარეულ ქალს შეეძლოს სახელმწიფოს მართვაო“ - სწორედ განათლების შესახებაა ნათქვამი. თორემ რა მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ საცივისა და ღომის კარგად მკეთებელი მზარეული ქალი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სათავეში დაგვესვა?
„ან უნდა გავნათლდეთ, ან უნდა გავმრავლდეთო, - სწერდა ვაჟა-ფშაველა, - და თუ ორივე ერთად იქნება - ამას რაღა აჯობებსო?“
უნდა გავნათლდეთ, რა თქმა უნდა!

N. B. 1. ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

2. მღელვარებაა გარედ, თუ სიმშვიდეა შიგნით -
ყველგან, სადაც კი [წახვალ], მიხვალ, უნდა მიხვიდე წიგნით!

3. სხვა სიმდიდრისთვის ვერ მიმიგნია -
ეს წიგნი ერთად ერთი წიგნია...

4. რამდენი წიგნი ქვეყნად იცემა ღირსი, რომ ეგდოს სანაგვის ბოლოდ,
მე კი მეგონა, პატივისცემა ნიჭს და ღირსებას ეკუთვნის მხოლოდ.
ეს სასწაული  ვის არ სმენია, დასავლეთისას იყიდი პრესას
და იმის შემდეგ, როგორც გენია, მოევლინები პოლლის, აგნესას.
ბევრს სისხლის სმისთვის ხახაც აქვს, მადაც. წიგნიც უნიჭოდ ნაკერ-ნალამბი.
რად არ დაიწვის დარაბა, სადაც ჰიტლერის წიგნი ძევს: „მაინ კამპფი“.
5. წიგნით „სტალინზე“ (ჰანრი ბარბიუსი).
6. პოემა წიგნზე (დაუბეჭდავია). და სხვ.
და, აი, გადავეცი სახელმწიფო გამომცემლობას ჩემთა თხზულებათა VI ტომი.

ნიკო კიკნაძეს.
ნიკო კიკნაძე - დირეკტორი სახელგამისა - დიდ საქმეს აკეთებს: ადგენს გეგმას წიგნებისას, რომელიც 1949 წელს უნდა გამოვიდეს. იგი სწერს:
გეგმა 1949 წელს გამოსაცემი წიგნებისა.
და შემდეგ:
გეგმა 1949 წ. გამოსაცემი წიგნებისა: 1. გალაკტიონ ტაბიძე. ტ. VI.
ეს ხდება სახელგამის შენობაში.
ალ. ჭეიშვილი (გვაქვს) მწერალთა კავშირში აცნობს მწერლებს გეგმას.
პარტიის ცეკა - ამტკიცებს გეგმას (კ. ჩარკვიანი).

გრ. აბაშიძე - რედაქტორია წიგნის.
გაზ. „კომუნისტის“ რედაქციის შენობა.
ვხვდები გრ. აბაშიძეს, რომელთანაც წინდაწინ ვარ შეთანხმებული - მივუტანო წიგნი.
ის დანიშნულია ჩემი წიგნის რედაქტორად.
ის აღტაცებულია - ამბობს:
- მშვენიერი წიგნი გამოვა.
და შემდეგ ფურცლავს, ჰკითხულობს ადგილებს.
გულდასმით ჰკითხულობს წიგნს.
რამდენიმე დღის შემდეგ იგი წიგნის თავფურცელს (ხელნაწერს) წააწერს:
აიწყოს - გრ. აბაშიძე.
წიგნი ისევ უბრუნდება ნ. კიკნაძეს.
კიკნაძე ისევ ათვალიერებს წიგნს და ითვლის სტრიქონებს.

ერთი საქმეა - წიგნის დაწერა - წიგნის შექმნა, მეორე კი (და უმთავრესი ჩვენს დროში) იმ წიგნის ხალხში გატანა. გაძღოლა უნდა წიგნს. წიგნი სულიერ არსებად უნდა აქციო. წიგნი რომ ფეხის ადგმას იწყებს, სანამდე თვით ივლიდეს,  ის შენ უნდა წაიყვანო, გაუძღვე შემდეგში წინ, დიდის თვალყურის დევნებით, რომ ის არ წაიქცეს, როგორც ეს ემართება ახლად ფეხადგმულ ბავშვს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, დიდი გულმოდგინება. დიდი ყურადღება. აქ მარტო ავტორი ვერას გახდება: საჭიროა ყურადღება ორგანიზებული მასსისა, თვით იმ მასის, ვისთვისაც შექმნილია თვით ის წიგნი.

ლარისა ითვლის სტრიქონებს ჩემი VI ტომისას.
აი მომენტი - პარალელი.
ახლოა დრო - როდესაც ვიტყვი:
იყო ცხრაას ცხრა. ოპერას თითქო
უდაბნო - სიცხე სწვავდა ტიელი,
        რა სიცხე იდგა -
იქ, სადაც იდგა პოლიციელი.

ცხრაას ორმოცდა ცხრა. გზა გავიგნეთ
სრულიად ახალ მწერვალთ მიწვდომით.
ახალგაზრდობა სდგას ახალ წიგნით
ჩემი ლექსების მეექვსე ტომით.

12 მაისს - წიგნი გადაეცა სახელგამის საწარმოო სექტორს (იარალოვს).
14 მაისს - ხელნაწერი გადაეგზავნა „კომუნისტი“-ს სტამბას - ასაწყობად...
ხელნაწერი სტამბას გადაეცა.

მთავრდება პირველი მოქმედება, რომელშიაც მონაწილეობას იღებდენ (ჩემს გარდა):
1. კანდიდ ჩარკვიანი. 2. ნიკო კიკნაძე. 3. ალექსანდრე ჭეიშვილი. 4. გრიგოლ აბაშიძე. 5. ლარისა. 6. ბენო გორდეზიანი. 7. იარალოვი (სან. სექტ.). 8. მხატვ. გვეტაძესთან მყოფი. 9. უცნობი (რომელსაც მიაქვს ხელნაწერი - სახელგამიდან "კომუნისტი"-ს სტამბაში). და მრავალი სხვა (ალბად, შინჯავდა ბევრი).
აქ - ფარდა ეშვება.

მოქმედება მეორე
მოქმედნი პირნი:
1. გრიგოლ აბაშიძე - რედაკტორი წიგნისა.
2. იარალოვი - საწარმოო ცეხის უფროსი.
3. პაპუკაშვილი - გამომშვები.
4. გალუსტოვი - „კომუნისტის“ სტამბის გამგე.
5. კორეკტორები -  პინა და მისი ქმარი.
6. „მავნებელი“, „სვიორსტჩიკი“.
7. მე.

წიგნი 1 ივლისისათვის მთლად აწყობილია: გააფუჭა საქმე „სვიორსტკამ“ (აკაკი წერეთლის პოემაზეა საუბარი). საერთოდ რას აკეთებს გამომშვები? ვინმე ხომ უნდა ადგეს თავს წიგნს იმ დროს, როდესაც ის იკვრება? (თუ ეს არ არის საზოგადოთ კანონში მიღებული?) ამის გამო წიგნს დააგვიანდა.
ვიღაც „მავნებლობდა“, უეჭველია.
რედაქტორიც ხვალ აპირებს ბორჯომში წასვლას, ლიკანში. ამბობს, რომ ხუთ დღეში აქ ვიქნებიო!
დეტალი: „აკაკი წერეთელი“ ხუთი დღის წინად გასწორებული გადავეცი პაპუკაშვილს. იმ დღესვე სტამბისთვის უნდა გადაეცა. მან კი დღეს გამომიცხადა, რომ პირველ სტამბაში მიეჩქარება და წიგნს ვერ წაიღებს „კომუნისტის“ სტამბაში. იძულებული ვიყავი, წიგნი მე წამეღო. იქ გალუსტოვი ახტა, დახტა. რა ამბავია ამდენი შეცდომებიო. დღეს ჩვენ ამის სწორებას ვერ შევუდგებითო და სხვ. და სხვ.
ასეა თუ ისე, ერთ კვირაში დათავდება, მე მგონია, მთელი ეს კანიტელი, თუ რაიმე ხათაბალა კიდევ არ შეგვხვდა! ყველაფერი მოსალოდნელია ჩვენს დროში.

ორიოდე სიტყვა იმაზე, რაც წიგნს არ ეხება; დღევანდელ გაზეთში დაბეჭდილია ("კომუნისტში") გერასიმე ფირცხალავას წერილი ბ. ჟღენტის შესახებ.  სავსებით სამართლიანია ბესოს შესახებ სიტყვები, რომ იგი უპრინციპო კრიტიკოსია.
მაგრამ მე მაინტერესებს აქ მეორე მხარე: წერილი ფირცხალავასი, პარტიის წევრის, მელანქოლიური წერილია. საზოგადოთ, ყველა ჩვენი კრიტიკოსები მელანხოლიკები არიან: შალვა რადიანი, ასტვაცატუროვი, ბესო ჟღენტიც, აბზიანიძეც,  ლევან ასათიანი, განსაკუთრებით - ნატროშვილი. ენციკლოპედიაში კარგადაა განხილული მელანხოლია, Малахолия в капут - კრუჩიონიხი. განსაკუთრებული მელანხოლიკია სიმონ ჩიქოვანი (დავით გურამიშვილი).