შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-222 - 1948 წელი


1948 წელი

მარჯანიშვილის სახელობის თეატრი  რვაას ოცდათხუთმეტ მაყურებელს იტევს (835). პარტერი - 510, მარცხენა და მარჯვენა გვერდის ბალკონები - 71, თვით ბალკონი კი - 218. სულ - 799... ჰმ! საიდან გამოტყვრა, მაშ, 835? ა? ეს როგორი ანგარიშია. პირველივე სტრიქონი რომ შეცდომით დავიწყე, ვერაფერი კარგის მაჩვენებელია. ე. ი. ვერაფერი კარგის მომასწავებელია. მაგრამ რა დროს ცრუმორწმუნეობაა! შევუდგეთ საქმეს! მაშ, ასე. ჩემი საღამო იმართება იქ 9 ნოემბერს და უნდა დაესწროს მას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი კაცი. ე. ი. 800. ერთი კაცი დააკლდება! ჯანდაბას იმ ერთი კაცის თავი! ერთი კაცი გინდ იქით და გინდ აქეთ. ერთი კაცი რა ანგარიშში ჩასადგებია. და ისიც ამდენ ხალხში...
მთავარია პარტერის ხუთას ათი კაცი.
პარტერში  ოცდაერთი რიგია: თვითოში 26 სკამით - მე-14 რიგამდე. ოი, მგონი, აქაც შეცდომა დავუშვი... მაგრამ რა დროს ესაა. შევუდგეთ საქმეს.
ჩემი საღამო  იმართება 9  ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში, დღესასწაულებს შემდეგ.

შეიქმნა ჩემს ირგვლივ ჩვეულებრივი მახინაციები. დირექტორმა თეატრისამ მოითხოვა მწერალთა კავშირიდან მოწერილობა - საღამოს გამართვის შესახებ. ეს მოწერილობა კი დიდი ხანია წარდგენილია თვით მასთან (დირექტორი გვინჩიძე). შემდეგ დირეკტორი ამ საკითხზე დაუკავშირდა ცეკას (გ. ჯიბლაძეს). ჯიბლაძე დაუკავშირდა ისევე ჩიქოვანს (მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს). ჩიქოვანი - მთავლიტს (დ. ბენაშვილი). მთავლიტი - ჯიბლაძეს. ჯიბლაძე - ისევ ჩიქოვანს.  ჩიქოვანი - ისევ ბენაშვილს. და გაგრძელდა ასე ხუთი დღის განმავლობაში. მეტისაც. მგონი, ერთი კვირის განმავლობაშიაც. გვინჩიძე (თეატრის დირექტორი) რას დაეძებს. ბოლოს თვით მე ჩავები ამ  საქმეში და როგორც იქნა, რეპერტკომმა დაასვა ბეჭედი აფიშის ტექსტს - სტამბაში გასაგზავნათ.

გავექანე სტამბაში აფიშის ასაწყობად. წავიღე ქაღალდი და კლიშეები, მაგრამ იქ მითხრეს, რომ დღეს უკვე გვიანაა (2 საათი იყო) და აფიშის აწყობას ხვალ დილით შევუდგებითო. პეტუროვი (აფიშების ამწყობი) ძველი ასოთამწყობია, უყვარს გადაკვრა და... ქრთამი. თუ ცოტა მეტი არ მიეცი, ისე გულიანად საქმეს არ მოეკიდება,  მაგრამ თუ დაიწყო, აფიშას უსათუოდ კარგს გააკეთებს. ვნახოთ, ეს საქმე როგორი იქნება მის ხელში. აფიშა იქნება 150 ცალი. ორმოცდაათი ცალი ქუჩებში გაიკვრება, რანაირად უნდა გავრცელდეს დანარჩენი ასი?

აფიშა - უნდა დარიგდეს დაწესებულებებში, მაღაზიებში და კიდევ ისეთ ადგილებზედაც გაიკრას, სადაც ხანგრძლივად დარჩება. კარგია, როდესაც კარგი აფიშა დიდხანსა რჩება რომელიმე ადგილას და, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ პრაკტიკულ როლს არ ასრულებს (ვთქვათ, საღამო უკვე გაიმართა), რაღაც მოგონებასავით არის. მე ძლიერ მიყვარს  ამგვარი აფიშები.

ჩამოვთვალოთ ადგილები, სადაც აფიშები უნდა დარიგდეს:
1. სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნუნუს საშუალებით. წაიღო ნუნუმ.
2. თბილისის სადგური (კიოსკში). მარშანიას საშუალებით.
3. რკინისგზის სამმართველოში..
4. სტალინის სახელობის დახურულ ბაზართან (ბაზრის უფროსის?).
5. სახკინმრეწვში. ადგილკომი.
6. ჯაფარიძის სახელობის წიგნთსაცავში. გამგის საშუალებით.
7. რკინისგზის ქალთა სკოლაში. ნინას საშუალებით.
8. დიდუბის სამკითხველოში. გამგე.
9. ნაძალადევის სამკითხველოში. გამგე.
10. ღრმა-ღელის დასასრულში (სად?).
11. მარჯანიშვილის თეატრში - შიგნით (ღვინჩიძე ან...) 10 აფიშა დავუტოვე.
12. ახალ სახლზე - მოედანზე (ჩვენივე საშუალებით...).
13. სასურსათო მაღაზიაში მოედანზე. გამგე.
14. უნივერმაღში. გამგე.
15. საკომისიო მაღაზიაში. გამგე.
16. ჩვენს სახლთან. აფიშორი.
17. ვერის ხიდთან -  გამყიდველი წყალის.
18. სახელგამში.. ადგილკომი.
19. ვერის ბორანთან.. (?).
20. სახელგამის წიგნის მაღაზიაში (ბერიძე).
21. საქწიგნის მაღაზიაში (გვეტაძე?).
22. ტრამვაის გასაჩერებელთან (4 №).
23. ტროლეიბუსებთან (დინამო) წყალის გამყ. ან კიოსკი ან სხვ.
24. რუსთაველის ძეგლთან (დანგრ. სახლი).
25. რუსთ. მოედნის სასურსათო მაღაზია (გამგე).
26. ვერის ბაზართან - რომელიმე მაღაზია (შიგნით).
27. ვერის წიგნის მაღაზია. გამგე.
28. ჩელიუსკინელთა მოედანი. მაღაზიები ან პურის მაღაზია.
29. საბურთალოს ბაზარი.. (ბიბლიოთეკა).
30. საბურთალოს დასასრული (საპარიკმახერო ან...?).
31. უნივერსიტეტის წინ (სადაც სტუდენტ. იკრიბებიან). სად? როგორ? ნუნუ გაიგებს.
32. ვერის სამკითხველოში. აფთიაქის წინ. გამგე.
33. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტ. (სადაც ტრამვაის გაჩერებაა). როგორ?
34. ნიკოლაძის ქუჩასთან, მოედანი. ჟურნალ-გაზეთების კიოსკი, წყალის გამყიდვ., აფთიაქი.
35. იქვე რომ  წიგნის მაღაზიაა, თუ საკანცელიარიო ნივთების? გამგე.
36. გაზეთების კიოსკთან.
37. ზარია ვოსტოკა - ადგილკომი.
38. კომუნისტი - ადგილკომი.
39. არსენთან - პირადათ.
40. სახალხო განათლებას! იდუმალ.
41. ავეჯის მაღაზია. რუსთ. მარჯვენა მხარეზე. კიოსკთან. გამგეები.
42. საკანცელიარიო მაღაზიასთან. გამგე.
43. ნოტების მაღაზია. გამგე.
44. კავშირებში შესავალთან (როგორ?).
45. მხატვართა ატელიეში რუსთ. გამგე.
46. წიგნის მაღაზიაში რუსთ. გამზ. გამგე.
47. ლაღიძესთან. გამგე.
48. კავშირ-გაბმულობაში (კომენდანტთან).
49. ბორჯომის წყალი. გამგე.
50. წიგნის მაღაზია. კავშ. გაბმ. გამგე.
51. პატარა უნივერმაღი. გამგე.
52. მთავრობის სასახლესთან (ცეკა). პიონერთა სასახლე? გამგე.
53. სასახლის ქუჩის უნივერმაღში. გამგე.
54. საკომისიო მაღაზიაში. გამგე.
55. ჩვენს წიგნის მაღაზიაში. გამგე.
56. მონადირეთა კავშირის მაღაზიაში. გამგე.
57. მთავრობის სასახლის კიოსკში. გამგე.
58. მთაწმინდის ბაღთან. როგორ?
59. "ნაყინი"-ს გამგესთან. სოლოლ. გამგე.
60. სასურსათო მაღაზია სოლოლაკში. გამგე.
61. ბანკში... ადგილკომი.
62. მწერალთა კავშირში. ადგილკომი.
63. აკადემიაში.. ადგილკომი.
64. „ხელოვნება“-ში (წიგნ. მაღ.). გამგე.
65. სერგიევის (მაჩაბლის) ქუჩის შესახვ. მაღაზია ან კედელი.
66. ქალაქის თვითმმართველობაში - ადგილკომი.
67. ქალაქის თვითმმართველობის ქვეშ (ორი ხე). გამგე.
68. წიგნის მაღაზია (სომხ.). გამგე.
69. ლიტფონდის წინ. სად?
70. კოლმეურნის მოედანზე (სადაც ტრამვაი ჩერდება). სად?
71. კოლმეურნეთა ბაზრის წინ (ან შიგნით). როგორ?
72. ბიობლიოთეკა კოლმეურნის ბაზართან.. გამგე.
73. ტროლეიბუსებთან (სემინარია). როგორ?
74. მარქსის ბიბლიოთეკა. ადგილკომი.
75. „გიგიენა“. გამგე.
76. ცეკავშირი (შიგნით). ადგილკომი.
77. დიდი მაღაზია სასახლის ქ. მარცხნით. გამგე ხილის.
78. მუზეუმის წინ (როგორ?).
79. მასწავლებელთა სახლთან (როგორ?).
80. კაფე ორიანტი. გამგე.
81. სასტუმრო ორიანტი. გამგე.
82. რესტორანი ორიანტი. გამგე.
83. მხატვართა კავშირი. გამგე.
84. მაღაზია ციტრუსების. გამგე.
85. სასტუმრო თბილისი. გამგე.
86. რესტორანი თბილისი. გამგე.
87. აკადემ-წიგნი. გამგე.
88. თეატრალური მუზეუმი. დირექტორი.
89. ლეჩკომისია... ადგილკომი.
90. მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტი. ადგილკ.
91. კიდევ წიგნის მაღაზია. სად. ფრ. გამგე.
92. ბილეთებს რომ ჰყიდიან  (ერევნ. მ.). გამგე. ქალაქის სადგური.
93. ტრამვაების გასაჩერებელი მუხრ. ხიდთან.
94. ნავთლუღში ჯვარედინზე მაღაზიები?
95. ნავთლუღში კოტესთან მივიდეთ ან ტელეფონით.
96. ჩემი ქუჩის რაიონში.. წავიდეთ უნდა.
97. სადაც ავტობუსები ჩერდებიან, ბილეთებს ჰყ. (ხიდი). გამგე.
98. ვორონცოვის ხიდთან. სად? როგორ?
99. ნაძალადევის მუშათა ხიდთან. სად? როგორ?
100. კახეთის მოედანზე. მაღაზიებში და სხვ.

მარშრუტი: 1. იწყებ რკინისგზის სადგურიდან. მოდიხარ სამმართველოში სადგურის ქუჩით. სამმართველოდან უხვევ სტალინის სახელობის დახურულ ბაზრისკენ. იქიდან დინამოსკენ. 2. დინამოდან: სახკინმრეწვში, რკინისგზის ქალთა სკოლაში, დიდუბის სამკითხველოში, ნაძალადევის სამკითხველოში და ასე შემდეგ.

ომის ხანძარი მძვინვარებდა
მოსალოდნელი ომის შესახებ [არა ერთი და ორი] მრავალზე მრავალი მგზნებარე ლექსია [ჩემმიერ] გალაკტიონის მიერ დაწერილი. ჯერ ისევ 1923 წელს „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“. აქ ის ხაზგასმით [დამაჯერებლად] წინასწარ ამბობს, რომ "არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი". გენია გალაკტიონისა წინასწარ გრძნობს, გალაკტიონი ყოველთვის წინასწარ გრძნობს,  იგი წინასწარ განიცდის ყოველივეს.. ბევრი, ძალიან ბევრი პოემა და ლექსი შეიძლება დავასახელოთ [პოეტის] ჩვენი სახელოვანი პოეტისა, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული ესა თუ ის ისტორიული მოვლენა. აი, თუნდაც იმავე სამამულო ომამდე [რამდენიმე] ათეული წლების წინად დაწერილი ლექსი „ჩვენ, პოეტები საქართველოსი“. წინასწარ ყოვლის მგრძნობ და განმცდელ პოეტის გულში მარად და მარად ისევ იმავე გრძნობით ბრუნდება ეს წინასწარ გრძნობა, ეს მოლოდინი.. ომისა. აუცდენელის, პირდაპირ მომავალის - ეს მოლოდინი რეკავს პოეტის გულში. რას ნიშნავს, მართლაც, ეს წინადადება: „და მოლოდინი დარეკავს ჩუმი“ - თუ არა იმას, რომ ომი - საცაა იფეთქებს, რომ მსოფლიო გაეხვევა ახალ, ჯერ არ ნახულ ქარტეხილში. დიდი იყო რეზონანსი ამ [ლექსისა] წინასწართქმულის. სათანადო შეფასება მიიღო მან.