შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-651-5 – 7 მაისი, 1947 წელი


7 მაისი. 1947.

ორთავე მხრით მწვანე ტყით შემოსილი ხეობები დაფარულია ცხვრით. [რა­ღაც] დი­დებული სანახაობა.
მოდის ეს ჯოგი,
კი არ მოდის, მოედინება.
ცხვრის ფარა,
თვალუწვდენი, როგორც ზღვა -
მიდის თიანეთისკენ -
საზაფხულო საძოვარზე.
საარაკო სანახავია
ეს ფარა.
მათ წინ მიუძღვის მაღალრქიანი
გრძელწვერებიანი [ყოჩი].
ყოველთვის ასეა.
ყოჩი უნდა მიუძღოდეს ფარას.
ფარა უნდა [ნების] დანდობით
მიჰყვებოდეს მას.
მორჩილებით, [დანდ.] პატივისცემის გრძნობით,
უსიტყვოდ.
წინ მიდის ყოჩი ამაყად.
წაწვენთებული წვერების ცანცარით.
ყელზე უხვად დაყრილი ფაფარით.
ცხვრების ფეხების ბაკუნი
რაღაც თავისუფალი, ზღვის ნელი ხმაურის მსგავსი ხმოვანებაა.
აჰა, მეთაურმა თხამ დაიძახა:
- მე-ე-ე.
- მეეე-ე, - ეხმაურება ცხვარი.
- მეე, - გაისმის ბატკნების პეტელი.
- მეე-მეეე! - გაისმის ჯოგის სულ ბოლოს ახლად გზაში დაბადებული ორი თიკანის ძახილი, ისინი ხურჯინიდან
იძა­ხიან.
ის ხურჯინი კიდევ მხარზე გადაკიდებული აქვს მეცხვარეს.
ეს მეცხვარე კი ცხვარში ყოფნის გამო მზისგან დამწვარი ახალგაზრდა კა­ცია. თავ­ზე ცხვრის ვეებერთელა ქუდი ჰხურავს, [ფეხებზე შინ მოქსოვილი ჭრე­ლი პაჭიჭები და ლამაზად ჩამოსხმული] ტანზედაც ცხვრის მატყლისაგან შინ მოქ­სოვილი ჩოხა და ფეხებზედ ცხვრის მატყლისაგან დართული ჭრელი პა­ჭიჭები აც­ვია, მისი ლამაზად მოთასმული ქალამნებიც ცხვრის ტყავისგანაა, ხელ­ში ცხვრის ტყავისაგან გაკეთებული... ლოყები რომ ასე ალისფრად უღაჟ­ღა­ჟებს, ეს იმიტომაა [რომ ცხვრის წვადებს შეექცევა შეს­ვე­ნე­ბის დროს], რომ დილდილობით ცხვრის გემრიელ ყველს შეექცევა და ძვირფას ცხვრის სულ­გუნებსაც არ იკლებს. საღამოთი კი ცხვრის მწვადებსაც არ იკლებს...
სხვა მწყესები: - საიდან მოდიხართ, - ეკითხებიან.
- კახეთიდანა...
- დიდი ხანია?
- ორი კვირაა, რაც მოვდივართ.
- სად მიგყავთ ცხვარი.
- იალაღზე, საზაფხულოდ, მთაში!
- ჰაა, - გასძახა მან თიკანს, რომელიც ჩამორჩა.
- მეე, - ისევ გაისმის ცხვრის ჟივილი. შუა ჯოგიდან, სადაც ხორაგ-აკიდე­ბუ­ლი ცხე­ნიც მიდის თავის კვიცით. უცნაური სანახავია ეს ცხენი - იგი მიდის ცხვრე­ბის ამ თეთრ ზღვაში, „ასში გამოსარჩევიო“, რომ იტყვიან.. რაღაცა უც­ხოა ის ამ დე­ნისთ­ვის, მაგრამ აუცილებელი.
და სამი დიდი, ბამბურა ძაღლიც.
მწყესების ძაღლიც.
იდუმალად, საშიშრად თავჩაღუნულნი მიდიან ისინი. „მათ მკვლელების ისე ეში­ნიათ, როგორც მე შარშანდელი თოვლის“ - ჩაილაპარაკა მწყესმა.
მაგრამ რად წამომსცდა ეს სიტყვა „მე“ მწყესს?
რად გაიმეორა მთელმა ცხვარმა და მათთან ხეობამ „მე“.
ეჰ, სხვა სახისაა ეხლა ნიცშეანიზმი, ინდივიდუალიზმი, საკუთარი [„მე“] პი­როვ­ნება, სრულებით „მე“-ს ძახილი მაშინ, როდესაც არავითარი მეობა შენ არ გა­გაჩნია, ცხვარო. ეს ტკბილი ილიუზიაა, ეს მომხიბლავი მოჩვენებაა. სი­ნამ­დვილე კი სხვებთან ერთად მიგრეკავს, [ვინ იცის] უცნობლობისკენ: არ იცი, სად, რისთვის, რო­დემდის?

                                                               *

ეს მეცხვარე მუდამ ცხვარში ყოფნის გამო მზისგან დამწვარი ახალგაზ­რდა კა­ცია: გვერდზე ხანჯალი ჰკიდია. თავზე იმავე ცხვრის ვეებერთელა ქუ­დი ხურავს. ტან­თაც ცხვრის მატყლისაგან დართული ჩოხა აცვია. ფეხებსაც მშვე­ნიერი ჭრელი პა­ჭიჭები უმშვენებს - ისიც ხომ ცხვრისაა. მისი ლამაზი, მო­თასმული ქალამნებიც ცხვრის ტყავისგანაა. ლოყები რომ ასე უღაჟღაჟებს ალის­ფრად, ეს იმიტომ, რომ ცხვრის გემრიელ ყველს შეექცევა და ძვირფას სულ­გუნსაც [არ იკლებს] კარგად გე­ახლებათ; შეღამებისას კი, როდესაც სხვა თო­ფებითა და ხანჯლებით შე­იარა­ღე­ბულ მწყესებთან ერთად ცხვარს მო­ას­ვე­ნებენ და თვითონ კოცონს მოუსხდებიან - ცხვრის მწვადებსაც არ იკლებს...

„შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი? ეგ, ჩემო ცხვარო, ნუ შეგშურდებაო“ - ამ­ბობდა დიდი ილია!

                                                              *

ფეხებზედაც მშვენიერი - მის პაჭიჭებს იერი,
[სახლში დედამ მოუქსოვა] ცხვრის მატყლისგან მოუქსოვეს,
მისთვისაა ბედნიერი.
და ქალმებიც, ვით ასხმული,
[ასე უცხოდ მოთასმული] სილბილისთვის ქონ-წასმული,
ცხვრის ტყავისგან ნაკერია,
ასე უცხოდ მოთასმული.

სხვებს რომ არ ჰგავს სოფლის ვაჟებს,
ლოყები რომ უღაჟღაჟებს,
ეგ მიტომ რომ ცხვრის გემრიელს
[შეექცევა ყველს და ნაღებს]
ყველს და სულგუნს არ ამლაშებს.

[საღამოს კი, როცა ციკნებს, და]
[ღამით, როცა სძინავთ ციკნებს]
და როს მზე სხივს გადაიკრეფს,
[მთვარის] ღამის შუქიც ფერს დაიკლებს,
[სხვებთან ერთად] ის მეცხვარე კოცონს უზის
და ცხვრის მწვადებს არ დაიკლებს.

ფეხებზედაც მშვენიერი
მის პაჭიჭებს აქვს იერი,
ცხვრის მატყლისგან მოუქსოვეს,
მისთვისაა ბედნიერი.

შემდეგ, [რა კი კარგად გასცდა] რა კი დრო გადაცდა,
[აწ მარქსის კომუნისთვის] აწ არსენას მებრძოლთ აზრთა,
დაუშრეტელ სიბრძნის წყაროს
ეწაფება ახალგაზრდა.

                                                                *

[ქოროღლი].
შემოსილი - შემოცლილი, გარეშემო - სილით.
ხეობებით - დღეობები, შეობებით (ობობებით).
დაფარული - დაბარული, ჩაპარული, უმაღული, დაფარული.
დიდებული - მიდებული, გადაკიდებული, [იდებული].
სანახავი - გადანანახავი, შემოსანახავი.
მოდის ჯოგი - ზოგი, ბოგირ-ბოგირ.
კი არ მოდის - მიკიოტის, ზოდილს, ლოდის, ლოდინს, მორჩილს.
ედინება - ვინ ინება, ეფინება.
ფარა-ფარა - მოეფარა, მოეპარა, გადაფაფარა. ათარა და სხვა.
თვალუწვდენი - კლდენი, დაუცდენი, მდენი (3).
თიანეთის - ცვრიან ქედის, ერთმანეთის, შედის.
საზაფხულო - გაზაფხულო, გადაფხულო..
საძოვარი - ამოსაწოვარი. მთხოვარი, მგლოვარი, სახსოვარი და სხვ.
საარაკო - არაკრაკო, დაალაგო, არ-აგო!
სანახავი - სანაყავი, განაყავი.
და ეს ფარა - მარა, რა-რა, შარა-შარა.
წინ მიუძღვის - სიურცხვის, ურიცხვის, [უძღ] მიუძღვნის.
მაღალრქიანს - ქიანს, გვიანს, ზიანს, ყიალს.
წვერ-ცანცარა - ყბა-ყანცარა, ჩქარა-ჩქარა (ვინ დასცარა?).
[რქებ-მაღალი].
გადაგრეხით  - მანჭვა-გრეხით, ნეკერის კვრეხით.
და ყოველთვის ეს ასეა - ასი თუ ათასია.
მიუძღოდეს - ვინ უწყოდეს, უწოდეს, ოდეს და სხვ.
ფარა უნდა - ბუდრუგუნთა.
დანდობილი - განდობილი, ან დობილი, ან...
მიჰყვებოდეს - ვერ ყვებოდეს, მიხვდებოდეს, გაირიყებოდეს.
მორჩილებით - ნორჩ ღილებით, მხილებით.
და პატივისცემის გრძნობით - წლობით (მრავალსაუკუნეთ).
და.. უსიტყვოდ - ვერრა ჰკითხოთ.
და წინ მიდის ის ამაყად - მძიმე სახით, შეგეძახათ, დაეძახათ, დაღად, ბა­ღად.
ცანცარებით - (გამწარებით, ხანძარებით), ხან ნარებით, ფარებით, არ კა­­რებით.
ყელზე უხვად - ჯმუხად, მუხათ.
დაყრილ ფაფრით - აფრით, მას ვერაფრით, ზაფრით.
ცხვრის ფლოქვის ფეხთ ბაკუნი - განაგონი, მონაგონი, მსაყუნი, მონა­გუ­ნი.
თავისუფალს - მსუბუქს [და] უღრუბლოს.
ხმაურს.. არაქაურს, მშვიდს მეზღვაურს.
ხმოვანებას - ახოვანებას, ბრძანებას...
დაიძახა - ჩაისახა...
- მეე, მეე - „მე“...
- მეე, მეე - იმერთ „იმე“.
- მეე, მეე - ამერთ ვაჰ, და ვეჰ.
[გაეხმაურა] ცხვარი - არა-ცხარი, წინამძღვარი.
და სულ ბოლოს - უთავბოლოს, [იტყვის] სოლოს, შენ მხელოოს.
ახლად შობილ - და ყმოფილ. ჯერ არ ყოფილ. განუყოფელ.
ორ თავიანს - სიგრძისა და სიგანის, შიგანის, ინტრიგანის.
პეტელი - [გან] ოქრომჭედელი, კედელი.
ხურჯინიდან - ჯინიდან, უკანიდან და წინიდან.
იძახიან - წაღიან.
გადაკიდებული - ის ხურჯი დიდებული.
ხურჯინი - ლურჯი, ურჩნი, ბურთი.
აქვს მეცხვარეს - ცხვარზე - ცხარეს.
„ჰეე“ ძახილი - კახელი.
ეს მეცხვარე - მთვარე ... არე-მარე...
მუდამ - ყველის გუდამ, ძილის გუდამ.
ცხვარში ყოფნის - ჩობნის, ჰყოფნის, კიდობნის, ჭოპნის.
მზით დამწვარი - ნამცვარი, ღვარი.
ახალგაზრდა - აზრთა, ნააზრთა.
ჯეელია - შეელია, შველია.
ხანჯალი - ჩანჩალი, ჯანჯალი.
გვერდთ ჰკიდია - ამინდია, სად გინთია. ინდიდია, მიმინდვია.
ვეებერთელათი - ბელადი, ყელამდი, ყელადი.
ხურავს - სამდურავს, ნურავის.
ცხვრის მატყლისგან მოსავს ჩოხა - გული მოიოხა, ძროხა, ჭროღა.
ბუდრუგუნა - ბედმა რაც არგუნა. მიუმუჯლუგუნა.