შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-13 - 1947 წელი


 [დროშები ჩქარა]
სტენოგრამა 1947 წ. ზაფხულზე შოვში გამართულ საღამოზე გალაკტიონ ტაბიძის მიერ წარმოთქმული სიტყვისა
თავმჯდომარე: სიტყვა ეკუთვნის საქართველოს სახალხო პოეტს, აკადემიკოს გალაკტიონ ტაბიძეს (ყველა ფეხზე სდგება. ხანგრძლივი ოვაციები).
გალაკტიონ ტაბიძე: ჩემს აქ ყოფნაში [ჩემთვის რამდენიმე შესანიშნავ] ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამას წინად ბუბასკენ მიმავალ გზაზე შემხვედრმა მწყესებმა წამიკითხეს გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელშიაც ეწერა,  რომ ჩეხოსლოვაკიის მწერლები სცემენ ქართველი მწერლების ანტოლოგიას, რომლის საერთო სახელი იქნება „დროშები ჩქარა“, ჩემი ლექსის სახელი.
„დრო ყოველივესი უკეთესად შემფასებელიაო“ - [ამბობს ძველებური ქართული სიბრძნე] სთქვა ამის გამო ერთმა რაჭველმა. [თუ] რა კი ლექსი, დაწერილი ოცდაათი წლის წინად, განაგრძობს არსებობას, როგორც ცოცხალი სინამდვილე, ცოცხალი მოვლენა, [თუ იგი აღელვებს და იწვევს სიყვარულს] მაშასადამე, მასში არის [რაღაც] ის ცხოველმყოფელი ძალა, რომლითაც ერთმანეთს ეხმაურებიან კავკასიონის კალთებზე მყოფი ბუბელი მწყესი და ლეგენდარულად შორს მყოფი ჩეხოსლოვაკელი მწერლებიო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კურორტის თავაზიანი დირექტორის [ამხ. სიმონ ყურაშვილისა] და კურორტის მთავარი ექიმის [იშვიათი ადამიანის, ამხ. ვლადიმერ გასვიანის] ინიციატივით, ნიკორწმინდელმა დურგალმა - ნიკოლოზ ვაჩაძემ დამიდგა სამუშაო მაგიდა, გაიყვანა რა ბილიკი ვილლიდან ჩემს მაგიდამდე, [რისთვისაც დასახელებულ ამხანაგებს დიდ მადლობას მოვახსენებ.] ამგვარად, ჩემს განკარგულებაშია ახალთ-ახალი ხეივანი, ჩემთვის სრულიად საკმარისი დაფიქრებებისა და მოგონებებისთვის.
[ორივე ამ გარემოებამ] ბუბელ მწყესებთან შეხვედრამ გამოიწვია ჩემში ერთი მოგონება:
ეს [მოხდა] იყო 1917 წელს. მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულს, მე შემატყობინეს, რომ ქუთაისის [გენერალ] გუბერნატორის მიერ განკარგულება იყო გაცემული ჩემი დაპატიმრების შესახებ. ეს განკარგულება მიეცა ქუთაისის პოლიციას, აგრეთვე ჟანდარმერიას - სისრულეში მოსაყვანად, რის შესახებაც მე ჩუმად მაცნობა გუბერნატორის მდივანმა, გვარად დადიანმა. მანვე, როგორც ჩემს მხარეზე მყოფმა კარგმა ქართველმა მირჩია, მიმეღო რაიმე ზომები. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე არალეგალურ ცხოვრებაზე გადავედი. ვცხოვრობდი ხან ერთ, ხან მეორე მეგობართან, სახლიდან არც დღით, არც ღამით არ გამოვდიოდი.
ასეთ მდგომარეობაში განვაგრძობდი ერთი დიდი ხნის წინად დაწყებული წიგნის „ქართული ორნამენტი“-ს წერას.
საქმე იმაშია, რომ ყრმობიდანვე მიტაცებდა ეს თემა. მასში მე ვგრძნობდი და ვხედავდი ქართველი ერის, მისი ხელოვნების, მისი ადამიანების მთლიან ბუნებას, ნიჭს. ჩემთან სანახავად მოსულს მეგობარ პოეტს ვთხოვე ჩამოეტანა ჩემთვის ძველი ნანგრევიდან რაიმე ორნამენტი. მან თხოვნა შემისრულა: მომიტანა დროთა სვლისაგან ხავს-მოდებული ორნამენტი, იგი დავიდე მაგიდაზე და ასე განვაგრძობდი წერას.
მაგრამ მისი დამთავრება სადიდხანოდ გადამადებინა რევოლიუციამ.
ერთს საღამოს სახლიდან გამოვედი, სახეზე ჩაბალახი მოვიხვიე, რომ არავის ვეცნე. ქალაქის თეატრს შორიდან მოვუარე. თვით თეატრში კი რაღაც არაჩვეულებრივი რაღაც ხდებოდა.
თეატრის კულისებში მსახიობებთან შევედი.
- რა, რა მოხდა? - ვკითხულობ.
- რევოლიუცია, მგოსანო! - იყო პასუხი.
- რას ამბობ, გაიმეორე...
- რევოლიუცია, მგოსანო...
- რევოლიუცია... მერე... სად არის დროშები?
[ფოიე] კულისებიდან გამოველ ქუჩაში. იქიდან გავეშურე თეატრის დარბაზისკენ.
შევედი თუ არა თეატრის ხალხით გაჭედილ დარბაზში, აუდიტორიამ იმ წამსვე შემამჩნია და, ძახილით: „გაუმარჯოს რევოლიუციას“ – გარს შემომეხვია.
გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, თვალის დახამხამებისთანავე ხელით ამიტაცეს: ხელთაყვანილი რამოდენიმეჯერ შემომატარეს თეატრი. ისმოდა მქუხარე ტაშისცემა და ძახილი: „გაუმარჯოს რევოლიუციას...“
აი, ამ მომენტში დაიბადა ჩემი ლექსი „დროშები ჩქარა“.
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა.
დროშები ჩქარა.
თავისუფლება [სულს] ხალხს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა,
დროშები ჩქარა.
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაჰღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს,
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას.
გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები ჩქარა.
(ხანგრძლივი ტაშის ცემა, ოვაციები).
ამხანაგებო!
მახსოვს ლექსის კითხვის დროს – ყველგან და  ყოველთვის ხაზს ვუსვამდი განსაკუთრებით უკანასკნელ სტრიქონებს: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით, ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას. გათენდა... შეერთდით, შეერთდით“.
მართალი ხარო, მეუბნებოდნენ ჩვენი მწერლები: ცნობილია, რომ იმ დროს, ქუთაისი ცენტრი იყო ქართული ლიტერატურული მოძრაობის, მრავალ შეჯახებებისა და ახალ გზთა ძიების.
„რევოლიუცია მხოლოდ დაიწყოო, - ამბობდენ ისინი, - იქნება კიდევ ბრძოლები... არსებობს მტერი, ეს ცხადია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მედგრად, იმედიანათ“.
მე ადრევე მხურვალე მიმდევარი ვიყავი რევოლიუციური იდეების. ჩემს შეგნებაში კი 1917 წელი - იყო ერთი საფეხურიდან მეორე, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა. მე ვიგრძენი, რომ ლექსი „დროშები ჩქარა“ სარგებლობდა მასის მხურვალე გამოხმაურებით იმის გამო, რომ იგი გამოსახავდა ხალხის მისწრაფებას, ხალხის მოთხოვნილებას, მის სულიერ განწყობილებას. და ერთხელ კიდევ ნათელი გახდა, რომ პოეზია, რა საგანსაც არ უნდა ეხებოდეს იგი, არასდროს არ არის პოეზია, თუ მას თან არ ახლავს გულწრფელი, უმაღლესი პათოსი, თუ იგი არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. 1917 წელი ჩემთვის იყო – ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი და პეტროგრადი, სადაც ვინახულე ამხ. სტალინი.
ლენინი სწორედ იმ მომენტში ასე სწერდა: „რევოლიუცია მოახდინა პროლეტარიატმა, მან გამოიჩინა გმირობა, იგი ღვრიდა სისხლს, მან გაიყოლია თან მშრომელი და უღარიბესი მოსახლეობის უფართოესი მასები“ (ლენინი, ტ. XX, გვ. 23-24).
„რუსეთის პროლეტარიატის სამი წლის - 1905-1907 წლების უდიდესი კლასობრივი ბრძოლებისა და რევოლიუციური ენერგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეორე რევოლიუციის მოხდენა ესოდენ სწრაფად, მისი დაწყებითი ეტაპის დამთვრების თვალსაზრისით - რამდენიმე დღეში“ - სწერდა ლენინი (იქვე, გვ. 14).
ეხლა.
ყოველი შემდგომი თემა უახლოვდება შემდგომ თემას, და ეს პროცესი ხდება თანდათანობით და ლოღიკურად. ლექსიდან „დროშები ჩქარა“ გამომდინარეობს ჩემი სხვა ლექსები და პოემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ 1917 წელს ეხება.
ყოველივე ამის შესახებ თავის მშვენიერ მოხსენებაში თქვენ გესაუბრათ ჩემი შემოქმედების გულდასმით შემსწავლელი - [ამხანაგ] [დოცენტი გიორგი სამხარაძე] მომხსენებელი.
ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია - ჩემის მხრივ - რაიმეს დამატება.
გადავალ შემდეგ [საკითხზე] მოგონებაზე.