შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-12 - 1947 წელი


ნიკორწმინდა
ელექტროსადგური
შეიძლება ვინმემ მკითხოს: რა იქნა ის წიგნი, „ქართული ორნამენტი“, რომელსაც ვსწერდი ჩემს არა-ლეგალურ მდგომარეობაში ყოფნის დროსო.
ო, ეს მთელი ისტორიაა.
მას მერე ბევრმა ხანმა გაიარა, ბევრი რამ დავკარგე, ის ხელნაწერიც დაიკარგა.
როდესაც ნიკორწმინდელი დურგალი აქ შოვში მაგიდას მიკეთებდა, თან მიყვებოდა ამბებს ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ და მე თვალწინ მედგა მე-10, მე-11 საუკუნის ჩვენი დიდი ხელოვნება, მაშინდელი ხუროთ-მოძღვრება, შენობის დიდებული გარე-სამკაული, განსაკუთრებით ჩუქურთმა (ორნამენტი), უდიდესი ძეგლები მაშინდელ ხუროთმოძღვრებისა, ალავერდის ტაძარი, ბაგრატ III-ის ტაძარი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ბედია, სამთავრო, ნიკორწმინდა. რიგი ტაძრებისა შემკობილია საუცხოო ჩუქურთმით, ქვაზე ჭრის ისეთი რელიეფური წესით, რომელიც სინათლისა და ჩრდილის მკვეთრი შეპირისპირებითაა ნავარაუდევი; ორნამენტი სულ უფრო და უფრო მდიდრული ხდება, და კედლების სულ უფრო და უფრო დიდ ნაწილს ჰფარავს ხოლმე.
ჩვენს ოსტატს მე დავპირდი, რომ [სწორედ ამ მაგიდაზე] დავსწერ რაიმეს - იმ ძეგლის შესახებ.
და -
ვინაიდან -
ჩემი სიტყვა ყოველთვის საქმეა, ამასთანავე ჩვეული არა ვარ დაპირების არ-ასრულებას,
ვკითხულობ ლექსს... ნიკორწმინდის შესახებ.

ეხლა:
ჩვენ ეს ძეგლები გადმოგვეცა ისტორიულად, და მოვალენი ვართ დავიცვათ ისინი და გამოვიყენოთ იარაღად, სადაც და როგორც კი დაგვჭირდება.
ამიტომ არის, რომ „მონუმენტალური არქიტეკტურის ისტორიული ძეგლების სისტემატიურ შესწავლას აწარმოებს ჩვენს აკადემიაში შემავალი ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. ეს ძეგლები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ჯერაც გამოვლინებული არ არის მთელი დღემდე შენახული მასალები“.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების წინაშეც სდგას ამოცანა
განაგრძოს,
გააფართოოს,
და
გააღრმავოს - შესწავლა -
საქართველოს ეროვნული კულტურის...
ეს ძეგლები გვეუბნებიან ჩვენ -
ქართველთა შესახებ, იმ ქართველთა, რომელზედაც ძველი ისტორიკოსი ამბობს:
„ზნენი ქართველთა აქვნდათ: პირ-მტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრება ქვეყნისა“.
სწორედ ეს „ზნენი“ გამოიჩინა საქართველომ ჩვენს უკანასკნელ დიდ სამამულო ომში...
ამ ომიდან დაბრუნებული ქართველობა თავდადებით განაგრძობს ვერაგი მტრის შემოსევით შეწყვეტილ შემოქმედებით მუშაობას.

დიდი პოეტი, აკაკი წერეთელი აქ ბრძანდებოდა 1912 წელს. მაგრამ მაშინ მას არ შეეძლო ენახა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს: ავიღოთ მხოლოდ ელექტრონი, ნება მომეცით, ამის შესახებ წაგიკითხოთ...