შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-164 - 1944 წელი


ლევან მეტრეველის ნაამბობი სვანეთის შესახებ:
„სვანეთში მე ვიყავი 1925 წ. ფ. მახარაძესთან  ერთად. აქ მე მოვიარე ბევრი ადგილი, სადაც ძველი ძეგლებია.
ყველაფრიდან დავრწმუნდი, რომ სვანეთი უძველესი კულტურის ქვეყანაა.
წმ. კვირიკეს ეკლესიიდან მე გადმოვიწერე სამეგრელოს მთავრის ეკლესიისადმი შეწირული ხატის წარწერები. სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი დაწვრილებით აღწერდა თავის სამხედრო საქმეებს, თავდასხმებს იმერეთზე და სხვ. სამწუხაროდ, ეს ხელნაწერი დამეკარგა.
წმ. კვირიკეს ეკლესიას მიჩენილი ჰყავთ მცველები; ეს მცველების თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო. სულ ერთი გვარისანი იყვენ. თუ ეს გვარი [რაიმეს დააშავებდა] აღმოიფხვრებოდა, მაშინ თემი (სოფელი?) ირჩევდა ახალ მცველს რაიმე თვალსაჩინო დამსახურების მიხედვით. ამჟამად  წმ. კვირიკეს ეკლესიას სდარაჯობს გვარი გულბანი. იმ გულბანსა ვკითხე: „თქვენ როგორღა მოხვდით მცველებად?“ მან მიპასუხა: „როდესაც ერთი გვარი გადაშენდა, მაშინ ხალხი შეიკრიბა ახალის ასარჩევად. ეს იყო  ძალიან დიდი ხნის წინად. სხვა გვართა შორის დასახელებული იყო ჩვენი გვარიც. ამასთანავე პირობაც: არჩევანის დროს მთაზე გადმოდგა ჯიხვი. „მცველად არჩეულ იქნას ის, ვინც იმ ჯიხვსა მოჰკლავს“ - იგრიალა ხალხმა. მართლაც, ყველა, დასახელებული მცველის თანამდებობაზე გაემართენ სანადიროდ. ჯიხვი მოკლული იქნა ჩემი წინაპრის მიერ დაახლოებით ორასი წლის წინად. მას შემდეგ მემკვიდრეობით მოდიოდა ეს თანამდებობა და მოაღწია ჩემამდე. აი, იმ ჯიხვის თავიც, ეკლესიაში რომ მიმაგრებულია“. მართლაც, ეკლესიაში მიმაგრებულია ჯიხვის რქები“.
„მე მჯერა, - განაგრძობს მეტრეველი, - აქ ბევრი რამ ძველი ისტორიული ნაშთებისა გადამალულია სხვა და სხვა ადგილას“.

ტენორი ჭუმბურიძე სვანეთის შესახებ:
სვანეთში მე ვიყავი (დასი იყო ჩემთან) იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ საავტომობილო გზა არ იყო. ჯვარში ცხენები ვიშოვეთ და ისე გავემგზავრეთ. მესტიაში რომ მივედით, სულ ასე შემოგვჩიოდნენ: "მთელი ქვეყნის მოგზაურები აქ დაეხეტებიან, რა მოხდა, რომ ჩვენები არავინ არ მოდისო, არ გვეკარებითო". დიდებულია მესტია! უშბა და თეთნულდი აქედან ისე სჩანან, თითქო ორ ნაბიჯს გადადგამ და ყინულს ხელს შეახებ. თვით მესტია ვაკე ადგილასაა, მთები კი ასე ახლოს არიან. თქვენ მეკითხებით, რა მდინარე ჩამოდის მესტიაში? მესტიაში... ოო... ეს კი აღარ ვიცი... რა სიძველეებია?.. მართალი გითხრა, არც ეს ვიცი...

თედორე ჩუდეცკი სვანეთის შესახებ:
ჩემი ბავშობა ლაილაშში გავატარე. მამაჩემი იქ ექიმად იყო დანიშნული - კარგად ლაპარაკობდა ქართულად: საქართველოში იყო აღზრდილი, გიმნაზია ტფილისში დაამთავრა. მახსოვს 5-6 წლის ვიქნებოდი (ეხლა ხომ ორმოცდა თერთმეტისა ვარ), ლაილაშში სწორედ აღდგომა დღეს მოვიდენ სვანები და მამას შეეხვეწენ: გვიშველეთ, ექიმო, წამოგვყევით, მძიმე ავადმყოფი გვყავსო. მამაჩემი არ დაზარდა, იმ წამშივე ცხენზე შეჯდა და სვანებს გაჰყვა. მეორე დღეს დილით მეძინა ისე, როგორც მხოლოდ ბავშებს შეუძლიათ ძილი. უცებ საშინელმა კივილმა გამომაღვიძა. ფანჯარაში გადვიხედე და რას ვხედავ, უბრალო, ხეზე ასასვლელ პატარა კიბეზე დაუსვენებიათ მკვდარი მამაჩემი და მოაქვთ სვანებს.  დედაჩემს გული წაუვიდა, მე კინაღამ გონება დავკარგე: მამაჩემი თურმე ასე დაიღუპა: აღდგომის მეორე დღეს რომ ავადმყოფი სვანი დაათვალიერა, გასინჯა - წამლები გამოუწერა. რა ღირს წამლებიო - ჰკითხეს სვენებმა. მანეთი, მანეთნახევარიო - უპასუხა თურმე მამაჩემმა. ჩვენ ამდენი ფული სადა გვაქვს და რაღა გვეშველებაო - სთქვეს სვანებმა. მაშინ მამაჩემმა თვითონ მისცა სვანებს წამლის ფულიც  და წამოსვლა დააპირა. სტუმართმოყვარე სვანებმა აღდგომა დღეს არ გაუშვეს ექიმი. კარგად გაუმასპინძლდენ. მამაჩემი თურმე შეზარხოშდა (ცოტა სმა უყვარდა კიდეც), შემდეგ ცხენზე შეჯდა და სახლისკენ გამოეშურა. მდინარე ცხენისწყალს მიადგა, რომელიც გაზაფხულზე ადიდებული იყო. იფიქრა: რაღა ხიდისკენ წავიდე, ოთხი-ხუთი ვერსია გასავლელი, პირდაპირ ფონით გავჭრი წყალსა და შეაცურა ცხენი წყალში. ძლიერმა ტალღამ იმ წამშივე მძლავრად შემოკრა და მამაჩემი დაიხრჩო. სვანები, რომლებიც მოყვებოდენ, გულგახეთქილი მივარდნილიყვენ ლაილაშში მაზრის უფროსთან. მაზრის უფროსმა იმ წამშივე კაცები დაგზავნა საძებრად, მაგრამ მათ ვერ იპოვეს - მეორე თუ მესამე დღეს გარიყული იპოვეს. ლაილაშში ვიყავი გავლით 1908 წელს. ლაილაშელებმა მიცნეს, მეც ზოგი ვიცანი, ზოგი ვერა. სვანეთში წავედი ამხანაგთან ერთად. იქ დავბინავდი ერთი დეკანოზის ნიჟარაძის [ბინაში] სახლში. ეს ნიჟარაძე ძალიან განვითარებული კაცი იყო. ჰქონდა მეცნიერული შრომები - დაბეჭდილი და აგრეთვე დაუბეჭდავებიც. სვანეთში დიდის გავლენით სარგებლობდა (დაუძახებდა სვანს, აბა, წყალიო, და სვანიც ენგურზე გარბოდა წყალის მოსატანად). ცოტათი დონჟუანობდა კიდეც ეს ხუცესი. მას ორი შვილი ჰყავდა. ერთი მათგან საშინლად არ უყვარდათ სვანებს: ეკლესიიდან ჩუმად, რაღაც დიდათ ძვირფასი, ისტორიული მნიშვნელობის ნივთი წაიღო და, ალბად, სადმე გაჰყიდაო. სვანები ახლო არ აკარებენ ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებთან ვინმეს, მაგრამ ეს ნიჟარაძე ხომ მამის სახელით სარგებლობდა და ვინ რას დაუშლიდა. რა თქმა უნდა, მას ყველაფერი შეეძლო. მესტიაში მაშინ ცოტა ხანს ვიყავი. ყბა ამტკივდა და ისევ დაბრუნება განვიძრახე. გამომყვა გზაში ცხენით ის მღვდელიც. ერთი ვნახოთ, მოსახვევ გზაში მეორე მღვდელი მოდის. მან რომ პირველი მღვდელი (დეკანოზი, დაინახა) სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, ცხენი აღვირით წაიყვანა, ქუდმოხდილი მივიდა დეკანოზთან და ფეხებზე აკოცა (ეამბორა რაღა). ერთ ოჯახში რომ ჩამოვხდით, მასპინძელმა ხბო დაჰკლა, და მოხარშა (სვანეთში ხორცს არა სწვავენ, ხარშავენ). ერთი უზარმაზარი ხორცის ნაჭერი მე დამიდეს წინ და ბასრი დანაც მომაწოდეს: მე ვიცოდი ხერხი. დანით ძაბრივით ამოვჭერი შუაგულში ხორცი - ამოჭრილი ადგილი წვნით აივსო. მე ცოტა მარილი ჩავყარე შიგნით და გემრიელზე გემრიელი კერძი გამოვიდა. რა ჰქვია  ამ კერძს სახელად, არ ვიცი, მარა მისი გემო ხშირად გამახსენდება ჩვენი მშიერი პროფესიის (მხატვრობის, ფერწერის) ერთ-ერთ წარმომადგენელთაგანს. მეორეჯერ სულ რამდენიმე წლის წინად მომიხდა გამგზავრება ტფილისში არსებულ შკოლის - მთიელ ბავშებთან ერთად. ისინი წავიყვანეთ თავიანთ სამშობლო  სვანეთში ლატფარის გზით. ავედით ლატფარზე. თვალწინ გაიშალა ალპიური ველი. რომ იცოდე, რა საარაკო სანახავია ალპიური ყვავილები, მაგრამ ამ სიმაღლეზე ისე ცხელოდა, რომ ტანს თოვლით ვიზელდით და ტანი პილპილისფრად წითლდებოდა. ლატფარიდან სულ ახლო კალაში კი სივიცე ვიგრძენით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თვე იყო. შკოლაში ცეცხლი დავანთებინეთ და მორიგეობით ვთბებოდით. კალადან მე ცხენით წავედი. სვანები კი წინ მიდიოდენ. უცებ წინ გადასასვლელი ხიდი დამხვდა. ისე ქანაობდა, როგორც ბაწრები. ქვევით კი უფსკრულია. დიდის შიშითა და სიფრთხილით გავედი ამ ხიდზე (დასწყევლის ღმერთი, მესტიაში მთვრალი სვანი, ცხენოსანი ისარივით გაირბენს იმ, მართლაც, საარაკო ბეწვის ხიდს, რამდენჯერ მინახავს). ხიდს რომ გავსცილდი, დავადექი ერთ ბილიკს და მალე ვიგრძენი გზის დაბნევა. კითხვა-კითხვით, როგორც იქნა, გზა მოვნახე და მესტიაში ისე ჩავედი. მესტიას არაჩვეულებრივად ლამაზი ადგილმდებარეობა აქვს. ჩვენ მასწავლებლები სასამართლოს შენობაში დაგვაბინავეს: ჩვენ წინა ოთახში, ფაფალა გარდაფხაძე კი - გვერდით. მოდიოდენ სვანები და კითხულობდენ: სად არის ფაფალა? ფაფალა ჭკვიანი ქალია, სვანებს გონიერ რჩევა-დარიგებებს აძლევს, ისინიც დიდად სცემენ პატივს ფაფალას.
წარმოიდგინე: მესტიიდან უშბა ძლივსძლივა სჩანს,  თეთნულდი კი თითქო სულ ახლოა. მაგრამ ერთხელ ჩვენი მოწაფეების მშობლებმა სათიბზე მიგვიპატიჟეს, ეს თიბვის დღეები სვანებს აღდგომის დღესასწაულივით აქვთ. თიბვენ თივას, აგუგუნებენ სიმღერას. მივედით და რა დავინახეთ: ეს უშბა, რომელიც მესტიიდან ძლივასა სჩანს, საარაკო სანახავია ამ სათიბიდან. სათიბი ცოტა დაქანებულია, და სადაც დაქანება თავდება, იქვე აღიმართება უშბა და ისე ზღაპრულად სჩანს ნაპრალები (трещины), სულ ახლო. სვანებმა გაშლილ სუფრაზე მიგვიპატიჟეს. მთელი ძროხა ჰყავდათ დაკლული და მოეხარშათ კიდეც (იქ უმთავრესად ხარშავენ, არ სწვავენ). მოიღეს არაყი, ანწლისა თუ რაღაცაის. ჩვენი მასწავლებლები არა სომდენ, მე კი, აბა, რას დავაკლებდი: სვანები ჩემზე გაიძახოდენ: აი, ჩვენი კაცი სწორედ ეს ყოფილაო. მესტიის ხიდი ძალიან მაღალია. ქანაობს საოცრად. მაგრამ სვანი ისე გაეშვება ზედ, თითქო დოღზეა და ვისმეს ეჯიბრებაო. არ ეშინია სრულებით, ქვევით რომ ჩქარი ენგურია. ენგური ისეთია, რომ იბანავო, გაიყინები, 20, პირდაპირ ყინულებიდან მოდის. ჩანგი? ოო, ჩანგი საყვარელი, მელოდიური ინსტრუმენტია. მე მქონდა ჩანგი და მეძმარიაშვილს ვაჩუქე.. გინდა, შენაც გიშოვი ჩანგს. ჩანგი, აი, ასეთი კონსტრუქციისაა (ჩუდეცკიმ დახატა ჩანგი). შენ უნდა წახვიდე სვანეთში. აი, მართლაც, იქ არის ბუნება! სვანეთში ჩონგურზედაც უკრავენ.
- მე იქ ქალი ვნახე... საკუთარი  თვალით... წისქვილიდან გამოვიდა და ტანისამოსის ჩოთქით პალტოს იწმენდდა ისე თამამად... ისე გაბედულად.
- ლაჯანურა ორი კლდის შუაა. ისეთი ხმაურობა გააქვს, ერთ მეტრზე მდგომ ადამიანისაგან ხმას ვერ გაიგონებ და ვერც მას გააგონებ!

დოცენტი მირზაშვილი - სვანეთში:
სვანეთში თითქმის სამი თვე გავატარე. თითქმის ტყეში. ჩემთან „ჩიჩერონე“-დ იყო სტუდენტი სვანი, რომლის საშუალებითაც ვეცნობოდი სვანებს. სტუდენტი თარჯიმანის როლსაც ასრულებდა. სვანები ქურდები არიან: მომპარეს სამუშაო ხელსაწყოები, კარანდაშები, ქაღალდი. მივედი აღმასკომში - იქ მითხრეს: ნუ გეშინიანთ, თქვენი ხელსაწყოები სამ დღეში დაგიბრუნდებათო. მართლაც, მღვდელმა დაიბარა ადგილობრივი სვანები, გამოიტანა [ჯვარი] სახარება და სთქვა: - ამ [ჯვარის] სახარების მადლი ძირიან-ფესვიანად აღმოფხვრის მათ, ვინც იქურდაო. [ჯვარის] სახარების ქვეშ მან და დეკანოზმა გაატარა ყველა დამსწრეები. [ბევრი] ქურდები შეშინდენ და არ გაიარეს ჯვარქვეშ. მოპარული ნივთები კი მეორე დღეს ეწყო იმ ადგილას, საიდანაც წაღებული იყო.
მთელი სამი თვე ბალახით და სხ. ვიკვებებოდი, თუმცა ფული ძალიან ბევრი მქონდა, მაგრამ სასყიდლად ვერაფერსა ვშოულობდი (ეს იყო 1926 წ.). იქაური პური კაცს არ ეჭმევა: პურს არ უშვებიან საფუარს, არც მარილს  და გამოდის ხმელი, უგემური.
ერთხელ ჩემი ჩიჩერონე სტუდენტი გავაგზავნე ერთ სვანის სახლში - ყველი მიყიდე-მეთქი.
- სამ მანეთ ნაკლებ არ იძლევაო. - სთქვა მან. მე გადავიხადე სამი მანეთი. ცოტა ხნის შემდეგ, ერთიც ვნახოთ, იმ სვანის პატარა გოგონა მოვიდა.
- დედაჩემმა დამაბარა, ყველი სამი მანეთი კი არა, ხუთი მანეთი ღირსო. მე დავუმატე 2 მანეთი.  ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ის გოგონა მოვიდა:
- დედაჩემმა დამაბარა: ყველი ქმრის დაუკითხავად მოგყიდეთ. ქმარი დაბრუნდება და შავ დღეს დამაყენებს, თუ ერთი მანეთიც არ დაამატეთო. მე იძულებული ვიყავი, დამემატებია.
როდესაც გოგო წავიდა, ის იყო სულგუნის შეწვა უნდა დამეწყო, ცოტა ხნის შემდეგ კი მომადგა ვეებერთელა სვანი და მითხრა:
- თქვენ ყველი შვიდ მანეთად გიყიდნიათ. შვიდ მანეთად ვინ მოგცემთ ყველს. მე გუშინ მეგრელს თუმნად მივყიდე ყველიო.
- რისი თუმანი, - ვუთხარი გაბრაზებულმა, - თუმნად ხომ გუდა თუშურ ყველს ვიყიდი - და ერთი  ნამცეცა სულგუნი - თუმანი? (მეთოდი?).
ყველი დავუბრუნე და ფულიც უკანვე მივიღე. ეს სვანები სომხებისა და ურიების ნაშიერები თუ არიან?
ისე ძლიერ გულკეთილი ხალხია.
მთის მდინარეები ძლიერ ვიწრონი არიან, მაგრამ ფეხით ვერ გადახვალ. უსათუოდ წაგაქცევს, ისეთი ჩქარია. წყალი არა სჩანს, სულ ქაფია სიჩქარისაგან.
მარტო წასვლა არ ვარგა, უსათუოდ ვინმეს უნდა ეყრდნობოდე. წერილებს სვანების შესახებ იმდენსა ვწერდი ცოლს, რომ მთელი ტომი გამოვიდოდა, მაგრამ ჩემმა კნეინამ დასწვა... (ო. ი-ნას ნაამბობი).
დოც. მირზაშვილი სპეციალობით - „ჩაი გრუზია“ მუშაობს. ფეხები დასივებული აქვს ტყეში ნასიარულევი.

მხატვარი დავით კაკაბაძე:
სვანეთში კარგია ივნისში, ივლისში და აგვისტოში. ხშირად ვყოფილვარ (ხვალ ან ზეგ კიდევ მივდივარ).
როგორც კარგი წიგნის ხელახლა გადაკითხვა მოგინდება, ისეა ჩემთვის სვანეთიც.
დევების ქვეყანაა. ყოველ წელს აიყრებიან სოფლები და მიდიან მთაში, სადაც ტბაა, იქ იმ დღეს დევი უნდა ამოვიდეს ტბიდან. იქიდან მომავალ სვანებსა ვკითხე:
- რა ჰქენით, ნახეთ დევი?
- ცოტას ვერ მოვუსწარით, თორემ დევი მართლა ამოვიდა. შენ არა გჯერა, ჩვენ კი ვიცით, რომ იგი უსათუოდ ამოვიდა ტბიდან. კარგი დრო გავატარეთ (იციან სანოვაგისა და სასმელის თან წაღება მთაზე).
მხატვრობა აქვთ. არა ეკლესიებში, არამედ წინა ფასადზე, გარედ. იქ დახატულია დევები და სხვ. აგვისტოში კარგია, მაგრამ უშგულში სეკტემბერში უკვე თოვს. უშგული კი მთელ სვანეთში ყველა მხარეს მირჩევნია.

კოლაუ ჩერნიავსკი:
მე ვცხოვრობდი ბეჩოში. სვანეთში  ბორბალი არ არის. რაღაც ბავშის სათამაშოსავით ორი მარხილი ვნახე. ერთ ადგილას ისე ვიწრო გასავალია, რომ ამ მარხილის გვერდს კლდე გაუხაზავს მუდმივი ხახუნით. ვმუშაობდი „ოპტე“-ს ხელმძღვანელად. სად ადიანო, სვანეთში კოშკები არ არის. არის დიდრონი ბალახი (ნიადაგი მსუყეა). ჩემს იქ ყოფნის დროს სამი მკვლელობა მოხდა სისხლის აღების ნიადაგზე. ერთი ასეთი მკვლელობათაგანი ჩემს თვალწინ მოხდა: მთიდან ნაბადში გახვეული მოკლული სვანი  ჩამოჰყავდათ აღმასკომის უფროსთან.  უკან თმაგაშლილი ქალი მისდევდა ტირილით. მოსამართლემ პასუხი აგებინა მკვლელს და შემდეგ ის მოსამართლე მოჰკლეს: თავისთვის იჯდა ფანჯარასთან. ტყიდან ესროლეს და გათავდა.
ქართველები არ ეტანებიან. ჩემსობას იქ იყო ნ. ტიხონოვი, ტარასოვ-როდიონოვი (შოკოლადის ავტ.) და სხვ. ბევრი მოდიოდენ უცხოელები (ეს იყო 31 წ.). ვკრებდი ფოლკლორს.
სვანეთში საშინელი სიჩუმეა (ხევსურეთში არაა ასე).
რუსულად ვინც ლაპარაკობს სვანი, შვენიერი აქცენტით ლაპარაკობს, არა ისეთით, როგორც მაგ. იმერლები (ალბად, იმის გამო, რომ გადასავალია იქვე ან და მისვლა-მოსვლა?). ხევსურებიც კარგი აქცენტით ლაპარაკობენ რუსულად. მაჩუბი რაა, არ ვიცი - წიგნში კი წამიკითხავს. კოშკები ისეთია - ეკლესიებივით. არიან „კრემლ“-ები. იკითხეთ იქ მასწავლებელი კვიციანი (ბევრი ზღაპრები იცის). იქ ერთი მღვდელი იყო, მერე მჭედლად დადგა, რუსები გადარევაში მოჰყავს. ქურდობა კია, მარა ქურდობა ხომ მეგრელებისა და ოსების საქმეა. ერთი ხარი ჩამოიყვანეს რომელიღაც გამოფენაზე გასაგზავნად, იმ ღამეს ხარი მოიპარეს, გაატყავეს და ხორცის ნახევარი წაიღეს, ნახევარი იქვე დატოვეს, ვერ მოახერხეს წაღება. შემდეგ იმ ნაქურდალ ნახევარს ჩვენ შევექეცით. სოფლად მე შევაგროვე ექვსი ზღაპარი.

*
ამ არჩევნებში,
[მეგობრებო, ჩვენ ყველანი ხმას, ყველაზე წინ მივცემთ სტალინს,
ყველანი ამ არჩევნებში,]
მეგობრებო! [როცა თვალწინ დიდი არჩევანი არის შლილი,
მეგობრებო! დროა ერთხმად ავირჩიოთ ჯუღაშილი.
მეგობრებო! თუ [გვინდა, რომ] გვსურს ჩვენ და ჩვენი შვილის-შვილის-შვილი,
ვით ყოველთვის, [მაშინ] ეხლაც ერთხმად ავირჩიოთ ჯუღაშვილი!
ჩვენ ამითი ხმა მივეცით - უდიადეს გრდემლს და ნამგალს,
[ვით ყოველთვის, ეხლაც ერთხმად ავირჩიოთ ჯუღაშვილი.
დღეს უმაღლეს საბჭოს წევრად.]
[ვით ყოველთვის ჩვენ ხმას მივსცემთ - უდიადეს გრდემლს და ნამგალს]
ჩვენ ამითი კვლავ ხმას მივსცემთ - [მუშა] [ერთი] ზოგი ქურას, ზოგი სამკალს:
ცხრა თებერვალს - კვლავ <აღიღებს> ზოგი ქურას, ზოგი სამკალს,
და ამითი კვლავ ხმას მისცემს უდიადეს გრდემლს და ნამგალს.

*
რამიშვილი,  რამიშვილი.
არ იკარგება,
არ იკარგება,
არ იკარგება
წუთიც კი
ჟამთა
მდინარებაში!

*
საქნარი. ქნარისი - [Папка] საქაღალდე, ყდა, მხოლოყდა. [საქნარე] ქნარისი - ქნარისყდა; ქნარისი, ქნარიდა... [ყდა] №2. ქნარითი, ქნარეული, ქნარიდი. ქნარი. №26.
მასალები.
Лировязь. Лирозвукь.
1. არტისტის არლენევის მოგონებებიდან: 1. როლის შესრულება და სულის დაცალიერება (აკაკი: „დააკვდა გული შენს სიმებს და გულიც დაიცალა“-ო. პუშკინი: „Окончень [путь] труд мой долголетний“). 2. გადადებული [სალი.] წარმოდგენის ტრაგედია.
2. პოეტი და ჟურნალისტი პეტრე ივანეს ძე თ-დი შალიკაშვილი.
3. ინტიმური საუბარი ცოლ-ქმარს შუა (ქმარი ბრუნდება შორიდან).
4. არაყიშვილის წერილის (ქართული მწ., ოკტ., 1927) გამო.
5. წვიმის შემდეგ გამოჩენილი ცისარტყელა. 2. ვარსკვლავებისა და ადამიანების რიცხვი. 3. მოუნათლავი ბავშები. 4. რა არის წარსულზე ფიქრი? 5. ბნელი, წყვდიადი ღამე. 6. ანკარა, როგორც... 7. ცხენი - რომელსაც ფაფარი ჯაგებში ეჩრება. 8. ღამე, როგორც გატ. თოფი. 9. გოლიათი სწევს გულაღმა. 10. არიან ადამიანები... 11. ენგურის მარცხენა მხარეზე. 12. შეძახილები: ეჰე, ჰოი! (საინტ.). 13. ჩადიოდა მნათობი (ლექსი). 14. რომ შეხედო, ჩაპაევი გეგონება. 15. მეწისქვილის შვილი (თქმულება). 16. ქობულეთში, კოოპერატივში. 17. სალამი! 18. გორტენზიის ამბები. 19. Нюра, а, Нюрь...
6. 1. გამოთქმები - ხუთი კაცი ხართ, ხუთი სახარება შეგეწიოსთ. 2. შეიძლება იყოს მრავალი ავადმყოფობა, მაგრამ გარეგნულად ხალხს არ აჩნია ნევრასტენია. 3. მოხუცი ეუბნება ახალგაზრდებს: თქვენ ერთმანეთს.. 3. Поэт должен быть... 4. კაცი: აი, ეს პეპელა ბუზი უნდა იყოს. 5. ფუტკარივით მშვიდი. 5. ეს რამდენიმე დღეა (ლექსი). 4. ლევანა პარიკმახერის ნაამბობი. 7. ქვა ააგდე და თავი შეუშვირეო. 7. დამტვრეული საათი გადაუგდეს ეზოში. 8. სვანური ნანა. თბილისის ბაღები.

* * *
სახელები: 1. გუგუნა. 2. შიუკა. 3. იოველი და იორამი. 4. „კრუხის პალო“ (ბჟიტები). 5. მამუკა. 6. ბუბა (სვ. ბიძა, დედის ძმა, მამის ძმა, დეიდისა და მამიდის ქმარი. შეიძლება კაცსაც ერქვას სახელად). 7. გიერგი. 8. იაზონი. 9. გუია (გუა). 10. რამინი. 11. ყარამან. 12. კოსდა. 13. მუშნი. 14. გБუი. 15. ედუარდ? 16. მალენ? 17. ალმაის. 18. სასო. 19. ფუთუ. 20. ბექა. 21. ინდიკო. 22. ნუა. 23. ტარიელ. 24. ბიკი. 25. ჯიტი. 26. რამზეБ. 27. გუბა. 28. ძუბა. 29. შოთა. 30. თამარი. 31. გიერგილ. 32. ქემზა. 33. გივი. 34. შეხზა. 35. იეტა. 36. აჩი. 37. პირიბე. 38. გიერგ. 39. რაფა. 40. სასო. 41. ვაჟა. 42. რატი. 43. კახაბერი. 44. მურზაყან. 45. კახბერბერა. 46. ადიგო. 47. ჰანდრია.  48. დადაში. 49. ფუფალა..

*
დაღმართი, მოახმარდი. ხიდია, ჰკიდია. კუბოებს, მოუპოებს. კაკტუსს, გადააგდოს. ბალახი, ყაბალახი. მიფლეთილი, მოტოციკლეტი. ეხლად დარგული, ამოქარგული. "მოოჰ" - კამეჩი, მოკამკამეში. აჭერს, მოაჯერს. ნუნები, მოიღუნები. შემზარა.

1944