დღიური-661-2 - 1941-1945 წლები
ამხანაგებო!
ნება მომეცით, [ჩვენი შეხვედრის დღეს] ორიოდე სიტყვა წავუმძღვარო ლექსს, რომელსაც მე აქ წავიკითხავ.
ძლიერი, მქუხარე ძახილი უფრო და უფრო აღმატებული ძალით გაისმის დედამიწის ყოველ კუთხეში.
ეს არის მშვიდობის მომხრეთა, მშვიდობისათვის მებრძოლთა ძახილი.
მშვიდობისათვის ბრძოლაში წინ მიიწევს ასი და ათასი, მრავალი მილიონი უბრალო ადამიანებისა.
მშვიდობის მომხრეთა საკავშირო კონგრესის მუდმივი კომიტეტის მოწოდების ქვეშ ჩნდება ახალი და ახალი მილიონების ხელისმოწერა.
ამ ისტორიულ საბუთს ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის გემთმშენებელი და ფრანგი მემაღაროე.
ჩინელი ჯარისკაცი და ბოლგარელი მსწავლული, პროგრესიული ამერიკელი მწერალი და პოლონელი მქსოველი ქალი.
[თავდადებული] კორეა - უმაგალითო თავდადებით იცავს მშვიდობას.
მშვიდობის უდიდესი არმიის რიგებში სდგებიან სხვადასხვა პროფესიის, წლოვანების, რელიგიური რწმენისა და პოლიტიკური პარტიების ადამიანები.
მაგრამ მათ აერთიანებს ერთი რამ - უსაზღვრო ზიზღი ინგლისელ-ამერიკელთა ომის გამჩაღებელთადმი, შეუდრეკელი მისწრაფება დაიცვან მშვიდობა, რათაც არ უნდა დაუჯდეს.
[ჩვენ] ვართ შვილნი იმ ხალხისა, რომელმაც მსოფლიოს მისცა კაცობრიობის უდიდესი გენია იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.
ჩვენ ხმას ვიმაღლებთ ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ!
ქართველი ერი, უდიადეს საბჭოთა კავშირის ყველა ძმურ ერებთან ერთად თანამიმდევრად და თავგანწირულად იბრძვის ჩვენი მართალი საქმის გამარჯვებისათვის, იცავს მშვიდობას, დემოკრატიას, სოციალიზმს!
ჩვენ დავამტკიცეთ ეს იარაღით ხელში ლეგენდარული საბჭოთა არმიის რიგებში, რომელსაც წინ უძღოდა დიდი სტალინი, გადავარჩინეთ რა კაცობრიობა ფაშისტური მონობისაგან!
ჩვენ ვამტკიცებთ ამას ჩვენი შემოქმედებითი შრომით გენიალური სტალინური ომის შემდგომი გეგმის შესასრულებლად!
და თვითეული ჩვენგანი, იქნება ეს რუსთავის ფოლადის მდნობელი, ტყვარჩელის მემაღაროე, გორელი კოლმეურნე, თუ მწერალი, ვამაყობთ იმის შეგნებით, რომ ჩვენ შევადგენთ - ნაწილს მშვიდობისათვის მებრძოლთა აურაცხელი არმიისას, კაცობრიობის ბედნიერებისათვის მებრძოლი არმიისას!
ამას წინად ჩვენი სამშობლოს ხელუხლებლობის დარღვევა გაბედა ამერიკელმა სამხედრო თვითმფრინავმა, ამერიკის იმპერიალიზმის ციხე-სიმაგრემ. მან სცადა გაესინჯა საბჭოთა საზღვრების დამცველთა სიმაგრე. უშიშარმა საბჭოთა მფრინავებმა ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს ჭკუა ასწავლეს.
ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ გულახდილად და ხმამაღლა:
არავის!
არასდროს!
ნებას არ მივსცემთ!
თავისი მტაცებლური თათებით!
გადმოსწვდეს! ჩვენი! სოციალისტური!
სამშობლოს! უწმინდეს! მიწას!!
შუბლი, ფრონტი მშვიდობისა უძლეველი და თვალუწვდენელია. 500 მილიონიანი ხალხი თავისუფალი ჩინეთისა!
დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიეტნამი! გმირი მებრძოლები ინდონეზიის, ბირმის, მალაიის!
სოციალისტური მშენებლობის ბრწყინვალე გზაზე დამდგარი სახალხო დემოკრატიის ქვეყნები!
კაპიტალისტურ ქვეყნებშივე, საზღვარ-გარედ, ჩვენი ერთგული, მტკიცე მეგობრები!
უკვე დღესაც შიშით ძრწიან იმპერიალისტური მტაცებლები: ისინი, ეხლავე ჰგრძნობენ, გარდუვლად, მოახლოვებულ შურისძიების მრისხანე მსვლელობას!
ვერა, ვერ გაექცევიან ათასგვარი ტრუმენები და ჩერჩილები, დე-გოლები და ტიტოები - დამსჯელ ხალხთა რისხვას! იმ ხალხთა, რომელთაც მტკიცედ გადასწყვიტეს არ დაუშვან ახალი ომი! შეაყენონ დამნაშავის ზეაღმართული ხელი, რომელიც ანთებულ ჩირაღდნით მიიწევს ტყვია-წამლის კასრებისაკენ!
მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან დოკებზე მომუშავენი, ისინი უარს ამბობენ გადმოტვირთონ ამერიკის იარაღი!
მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, რომლებიც ასუფთავებენ თავისი ქვეყნის უკანასკნელ კილომეტრებს იმპერიალისტური ნაძირალებისაგან!
მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან დედები, რომელთაც არა სურთ შეჰყარონ თავიანთი შვილები იმპერიალისტური ხოცვა-ჟლეტის ხორცსაკეპ მანქანის პირში!
მშვიდობის სადარაჯოზე მშვიდობის ბანაკის სათავეში ფხიზლად სდგას ჩემი საყვარელი მხარე, ბრწყინვალე მხარე სოციალიზმისა, საბჭოთა კავშირი.
და დღეს, მე, ქართველი მგოსანი, შვილი საბჭოთა ხალხისა, ვაცხადებ:
ჩვენ არ მივსცემთ ნებას იმპერიალისტურ ყაჩაღთა ხროვას, არ მივსცემთ ნებას - ატომურ წყალბადის შანტაჟისტებს ახალი ომის უფსკრულში გადაჩეხონ კაცობრიობა!
ჩვენ დავიცავთ მშვიდობას და ბედნიერებას კაცობრიობისას, თავდებია ყოველივე ამისა ის, რომ ჩვენ მიგვიძღვის სტალინის ბრწყინვალე გენია!