შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-537-4 - 1940 წელი


კოპიო ხელნაწერიდან.

დარია ახვლედიანი
(წიგნიდან: მოგონებანი აკაკიზე)
ახალგაზრდობიდანვე მქონდა ბედნიერება ჩვენი საყვარელი პოეტის აკაკის ნაცნობობისა.
აკაკი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო. ხშირად გვიხდებოდა ერთმანეთთან შეხვედრა. ცხადია, ასეთი შეხვედრის დროს თავისთავად წამოიჭრებოდა საუბარი სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, ხან რას შევეხებოდით და ხან რას... აკაკი დარწმუნებული იყო და მუდამ მოელოდა საქართველოს განთავისუფლებას, აკაკის სწამდა, რომ საქართველოს მოევლინება გმირი, რომელიც მას გაანთავისუფლებსო. ერთხელ ჩვეულებრივად ვსაუბრობდით პოეზიაზე. მაშინ მთელი წყება ახალგაზრდები ახლად გამოსულნი იყვენ სამწერლო ასპარეზზე. მე მაინტერესებდა აკაკის აზრი, თუ როგორი შეხედულების იყო მათზე. მე ვკითხე:
- ბატონო აკაკი, თქვენს შემდეგ ვინ მიგაჩნიათ პოეტად ჩვენში-თქვა?
პირმცინარედ შემომხედა და სთქვა:
- ვაჟა-ფშაველა და ცახელიო.
- ესენი ხომ ვიცით, ბატონო, ახალგაზრდების შესახებ მინდა გავიგო თქვენი აზრი.
- ახალგაზრდებში? - ჩაფიქრდა და დინჯათ წარმოსთქვა, - ახალგაზრდებში გალაქტიონ ტაბიძეს უსათუოდ კარგი მომავალი აქვს, იმას ბევრი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაშიო.
ასეთი აზრის იყო აკაკი წერეთელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.
(ეს წერილები - მოგონებები დარია ახვლედიანისა დიდი ხანია შეისყიდა „სალიტერატურო მუზეუმმა“ - იგი აპირებდა კრებულის გამოცემას აკაკის დაბადებიდან 100 წლის თავზე).

შემდეგ:
- მომწონს აბაშელის პეიზაჟებიცო.
- ფუტურისტებზე რას იტყვით, ბატონო აკაკი?
- ფუტურისტები ეხლა სწავლობენ წერა-კითხვას. უიდეო მწერალი არ არის მისაღები. ვინ იცის, იქნებ შესცვალონ აბდა-უბდა და ბოლოს იგინიც გამოდგნენო.