შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-131 - 1940 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. რევოლიუციური საქართველო. 1930.

27 მაისი. 1940.
დღის I საათზე ვიყავი მწერალთა კავშირში. შევედი მდივანთან (ირ. აბაშიძესთან). ის ამ დროს ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა. როდესაც დაასრულა, მე მომმართა:
- გალაკტიონ, თუ ძმა ხარ, უსათუოდ მოდი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის დღევანდელ [სხდომაზე] კრებაზე. იქნება კალინინი. გვიამბობს რამეს.
- წიგნის შესახებ?
- წიგნის შესახებ დღეს გავიგებ... (ჩემმიერ განცხადება მიცემულია რაცა ხანია და ის ამბობს სულ: ხვალ, ხვალ!). ეხლა მოსაწვევი ბარათი გამოართვი ინსტიტუტისთვის. ჩქარა, ერთი საათის შემდეგ [სხდომაა] კრებაა (ინტელიგენციის საერთო-საქალაქო კრება).
დავბრუნდი სახლში, საჩქაროდ გადავიცვი ტანზე.. და გავსწიე ინსტიტუტისაკენ.
მივუსწარი სწორედ დროზე. ვუჩვენე დოკუმენტები კარებშივე.
როდესაც დარბაზში შევედი, წინა ადგილები უკვე დაკავებული იყო და მე გავეშურე ზევით - მერვე რიგში.
იქ მალე - პროფ. მუხაძე მომიჯდა გვერდს. იყვნენ არტისტები მარჯანიშვილის თეატრიდან და ერთი მწერალი (ჩხეიძე).
ვესაუბრებოდი მუხაძეს.
უეცრად თავს დამადგა მილიციის ფორმაში გამოწყობილი კაცი და მითხრა:
- გთხოვენ ქვევით, საქმისათვის..
მე ვაჩვენე, რომ ეხლავე ჩამოვალ.. შევამჩნიე, რომ საზოგადოება ყურადღებას მაქცევდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩაველი.
ვიხედები - ვინ მეძახის მეთქი, - არავინ არა სჩანს. მერე ისევ ის მილიციის ფორმაში...
- მობრძანდით, ერთი წამით... მიაცილეთ იმ კარებიდან, - უთხრა მეორე მილიციელს.
მე გავოცდი. რაშია საქმე მეთქი ვიფიქრე, ვერაფერი ვერ მოვისაზრე და გავყევი მილიციონერს, რომელმაც ჩამატარა კიბეები და მიმიყვანა საკომენდანტოში.
- ეს კაცი გამოგიგზავნესთ. - უთხრა მან ჩემთვის უცნობ კაცს კომენდატურაში.
- რაშია საქმე?
- არაფერი ვიცი!
ამხედ-დამხედეს.. „მაინც რაშია საქმე“? - მეც გაოცებასა ვარ.
- ეხლავე ჩამოვა უფროსი და ყველაფერს გავიგებთ (დაასახელეს სომხის გვარი).
ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა ის, ვინც ბრძანა ჩემი კომენდატურაში ჩამოყვანა.
- Ваши документы. ვინა ხართ?
ვუჩვენე დოკუმენტები, ვუთხარი, ვინცა ვარ.
- უკაცრავად, - მითხრა მან, - საზოგადოთ ვამოწმებთ, არ გეწყინოსთ, მიაცილეთ ეს კაცი თავის ადგილას.
და გამომყვნენ - მიმიყვანეს არა იქ, სადაც ვიჯექი, არამედ სულ სხვა მხრით და სხვა გზით - სულ ზევით უკანასკნელ რიგთან.
ვფიქრობდი თუ - რაღა მე ამირჩიეს [მეთქი] ამდენ ხალხში შესამოწმებლად. რა იყო მიზეზი? ვის მიერ იყო? არაფერი არ ვიცი.
კაცს, რომელიც დოკუმენტებს მთხოვდა, პირიდან ღვინის ოხშივარი ამოდიოდა.
- არ გეწყინოსთ, გალაკტიონ, - წამოსცდა მას ჩემი სახელი.
ვუგდებდი ყურს კალინინს...
შემდეგ თურმე ბანკეტი იყო!

28 მაისი.
ეხლა, ვინ როგორ იჭერდა თავს:
პირველ რიგში ამაყად იჯდა შალვა დადიანი: მის სახეზე ეწერა უდიდესი ამპარტავანება, შემომხედეთ, მე ვარ ინტელიგენციის უკეთესი წარმომადგენელიო. შემდეგ ყურადღებას იქცევდა ბესო ჟღენტი, მთელი თავისი არსებით თითქო ამბობდა: ოპერატიული მოქმედება. ყველაფერს ავასრულებ, ვის წინააღმდეგაც ეს არ უნდა იყოსო. ოღონდ... დამიფასდეს... ირაკლი აბაშიძე დარბაზში რომ შემოვიდა, გარეშემო მიიხედ-მოიხედა, პირდაპირ ბესო ჟღენტისაკენ გასწია მან; რაღაცა წასჩურჩულა, რის შემდეგაც ბესო ჟღენტი ადგა, და რაღაც დავალების ასასრულებლად კარებისაკენ გასწია. მისი ადგილი ირაკლიმ დაიკავა. ბესო დიდხანს არა სჩანდა... ან უკეთ, მე სულ არ მახსოვს, რომ შემდეგ იგი შემოსულიყოს. რა დავალება იყო ეს დავალება? უნებურად გამახსენდა - წინანდელი ამბავი - წინანდელი გაპარვის, უჩემოდ, სხვა რამეების მომიზეზება, მე რომ ფეხი მოტეხილი მქონდა... ხა,ხა,ხა! ინტელიგენცია!
ყურადღებას იქცევდა ივ. ჯავახიშვილი, ის უსმენდა ყურზე აპარატის მიდებით, ვინაიდან ყრუ ყოფილა. ტაშს სცემდა გაცხარებით.
ყველანი აპლოდისმენტში და ფეხზე ადგომაში მარდი ხალხია.
მაგრამ საინტერესოა ბესია! მივყვეთ მას ამ საქმეში კვალდაკვალ.
შემხვდა გაჩეჩილაძე, პოეტი და მთარგმნელი (ისიც ნ. ლორთქიფანიძის ცოლთან ერთად - სულ უკანასკნელ სკამებზე ისხდა). მან სთქვა:
- კარგი გამოსვლა იყო, მხოლოდ ის არ მესიამოვნა, რომ კალინინს, მიხეილ ივანიჩს, რუსთაველი არა სცოდნიაო.
მე ვუთხარი, რომ ის ხუმრობდა, რომ იგი ასეთნაირად ხუმრობდა წინადაც ოპერის თეატრში (ორახელაშვილს ოხერაშვილს ეძახდა).

საღამოთი გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე ვიყავი. ჰქონდათ მოხსენებები გეხტმანსა და ბალაბუევს ლომონოსოვის შესახებ. გეხტმანი მშვენიერი ქართული ენით ლაპარაკობდა.
გეოგრაფიულ საზოგადოებაში - ყველანი ის-ის იყო დაბრუნდენ ინსტიტუტიდან, და ყველანი უკმაყოფილონი იყვენ: პროფესორები კარგად ვერ გამოვიდნენ. ვინ გამოსულიყო არტისტებიდან? ლილი გვარამაძეო... საიდან სადაო! უნდა გამოსულიყო არტისტი, რომელიც რაიმეს იტყოდა ხეირიანადო და სხვ.

ერთად მიდიოდენ მოხსენების შემდეგ: შალვა დადიანი, გერონტი ქიქოძე და ვანო წულუკიძე. უკანასკნელი გაფაციცებით ცერებზე იდგა. ისინი, ალბად, მიდიოდენ ბანკეტზე.

29 მაისი.
ილია აღლაძე - დაგინახეთ, რომ შემოდით დარბაზში.. (ილია ამ სიტყვებს ამბობდა რაღაც სხვანაირად, თითქო...)
კალე ბობოხიძე - რა იყო, რომ შემოდი დარბაზში და მალე ისევ გადი? ხომ არაფერი უთქვამთ ორდენის შესახებ? ალბად, ორდენის შესახებ გექნებოდათ საუბარი (ვისთან?). კალინინი ხომ ორდენების დასარიგებლად ჩამოვიდა... და (მე ვუთხარი, რომ არაფერი მსგავსი... და სხვ).
ალ. გომიაშვილი - რაზედ გაგიძახესთ? რა იყო?
ირაკლი აბაშიძე - რა იყო გალაქტიონ? (როდესაც გუშინ შევედი მასთან, ის ესაუბრებოდა სანდრუა ეულს). რა იყო? რაცხა გაფითრებული ხარ... (რა უნდოდა ამითი ეთქვა?..).
მაგრამ გაზეთების გამოსვლამ ბევრი რამ გამოარკვია.
ინტელიგენცია!!!

30 მაისი. 1940.
კალინინმა თავის სიტყვაში სთქვა:
- მე მიყვარდა და მიყვარს საქართველო მთელის სულითა და გულით. მე მინდოდა აქ მემუშავნა, რომ აქ გადმოვეყვანეთ სამუშაოდ. სულ მუდამ ვყოფილიყავი აქ.
მაგრამ ეს არ მოხერხდა: არ დამეთანხმენ - და არ გადმომიყვანეს საქართველოში (დარბაზში [ამ დროს] რატომღაც ჩუმი სიცილი გაისმა).
ძალზე მოხუცებულია კალინინი: მას მხრებში უდგენ სამხედრო პირები, როდესაც ინსტიტუტში შემოვიდა და გავიდა.
ილია აღლაძე ამბობდა: ვერაფერი მაინც ვერ გავიგე, რა სთქვა, ან რისი თქმა უნდოდაო!

მე დამიძახეს დარბაზიდან სწორედ იმ დროს, როდესაც დარბაზში კალინინი შემოდიოდა. ამ გარემოებამ დროებით შეფერხება გამოიწვია განკარგულების „წაიყვანეთ იმ კიბეებით“-ის შესრულებისათვის. განმკარგულებელიცა და აღმასრულებელიც დაიბნენ...

1940