შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-637-4 - 1936 წელი


ანდრო ქიტესას ძე გაბარაშვილი, ოსი 75 წლისა, მიამბობს:

                                              უკვდავ-უბერებელი

     - მინდა ვიპოვო ადგილი, სადაც ადამიანი უკვდავია და უბერებელი, - გა­დასწყ­ვი­ტა ხელმწიფის ვაჟმა.. და გასწია ასეთი ადგილის საძიებლად.
     ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მთიან ადგილს მივიდა. ველად უზარმაზარი, ტო­ტებ­გაშლილი ჭადარი იდგა. ყმაწვილმა კაცმა მის ჩრდილს ქვეშ მოისვენა და სანამ ისევ გზას გაუდგებოდა, ჭადარსა ჰკითხა:
     - მითხარი, ჭადარო, რამდენი ხანია ამ ადგილსა სდგეხარ?
     - ორასი წელიწადი იქნება, - შეიშრიალა ჭადარმა.
     - მაგრამ ბოლო რა არის შენი?
     - სიკვდილი! - უპასუხა ჭადარმა, - მოვა ადამიანი, მომჭრის, ცეცხლს შე­­მი­­კე­თებს - და ვიქცევი ნაცრად, - ამოიოხრა ჭადარმა და გაჩუმდა.
     დაფიქრებული მიდის  ყმაწვილი კაცი. ბევრი იარა თუ ცოტა იარა  - ველად და­ი­ნახა უზარმაზარი, ტოტებ-გაშლილი, მძლავრი მუხა. ყმაწვილმა კაცმა მის ჩრდილს შეაფარა თავი და სანამ ისევ გზას გაუდგებოდა, მუხასა ჰკითხა:
     - მითხარი, მუხავ, რამდენის წლისა ხარ?
     - ხუთასის, - მოკლედ და დინჯად უპასუხა მუხამ.
     - მაგრამ ბოლო რა არის შენი?
     - განადგურება, - უპასუხა მუხამ, - მოვა ადამიანი, წამაქცევს, ცეცხლს შე­მი­კე­თებს... - ამოიოხრა მუხამა და გაჩუმდა.
     უფრო მეტად დაფიქრებული მიდის ყმაწვილი კაცი. ბევრი იარა თუ ცოტა იარა - ერთი რაღაც ჯერარნახული, უზარმაზარზე უზარმაზარი, ხავს მოდე­ბუ­ლი უძ­ველესი ხე დაინახა. ეს იყო მუხათა-მუხა. დაღლილმა ყმაწვილმა კაცმა მის ჩრდილს შეაფარა თავი და სანამ ისევ გზას გაუდგებოდა, მუხათა-მუხას ჰკით­ხა:
     - მითხარი, მუხათა-მუხავ, რამდენის წლისა ხარ?
     - [ათას] სამი ათასის წლისა, - უპასუხა მუხათა მუხამ.
     - მაგრამ ბოლო რა არის შენი?
     - ცხადია, სიკვდილი. ის ისეთი აქლემია, რომელიც ყველას წინ დაიჩოქებს. მაგ­რამ მიპასუხე, ყმაწვილო კაცო, ვინა ხარ, რას დაეძებ, სად მიეჩქარები?
     - მე ხელმწიფის ვაჟი ვარ... დავეძებ ადგილსა და საგანს, უკვდავ-უბე­რე­ბელს.
     - ძნელი საქმე განგიზრახავთ, მაგრამ აი, რა გითხრა. გახვალ აი, ამ ტყის ბო­­­ლოს, იქ ერთი დედაბერი დაგხვდება და ყოველივეს ის გასწავლისო.
     მართლაც, ტყის ბოლოს დახვდა ყმაწვილს კაცს ეს დედაბერი, რომელმაც ასე უთხრა:
     - აი, არც ისე შორს, ერთი აუზია. იქ საღამოთი თორმეტი ანგელოზი მოფ­რინ­­დე­ბა საბანაოდ. მოჰპარე ერთ მათგანს ტანისამოსი, და არ დაუბრუნო, სა­ნამ ღვთის ფიცს არ მოგცემს და საიდუმლოებასაც არ აგიხსნისო.
     აი, აუზიც. მოფრინდა 12 ანგელოსი. ყმაწვილმა კაცმა მოიპარა ერთის ტა­­ნი­სა­მოსი. 11-მა ჩაიცვა, მე-12 შიშველი დარჩა. „დამიბრუნე ტანისამოსი, და ნაცვლად მიი­ღებ სამს ვაშლს. ის სამი ვაშლი ყველაფერს აგისხნისთო“.
     გამობრუნდა ვაჟი სამის ვაშლით.
     როდესაც პირველი ვაშლი შესჭამა - ისეთი ჭაღარა შეიქნა, როგორც ეხლა მე ვარ. როდესაც მეორე ვაშლი შესჭამა - მოიკაკვა, დაპატარავდა, აი ამ თი­თი­ვით. რო­დესაც მესამე ვაშლი შესჭამა - მტვრად იქცა, ნაცრად.
     არ არსებობს ადამიანი უკვდავ-უბერებელი. რისთვის სცხოვრობს ადა­მი­ანი? აი, თუნდაც ჩემი შვილი - ყოჩაღი კაცია. მამაძაღლობაში პირველი მა­­მა­ძაღლია, ბო­ზობაში, პირველი ბოზია, მხოლოდ ერთი ხასიათი აქვს: საშინ­ლად მკაცრია და გულ­მოსულობა იცის. მოიყვანა ცოლად ერთი რუსის ქალი. გა­ნა ქალი არაა სა­ქართ­ველოში?
     ხედავ, აი, ამ რკინას, განა ის როდისმე ტოტებს გამოისხამს? რად გინდა უტო­ტო, უჯი­შო ცხოვრება? ცხოვრება - შთამომავლობაა. ეს რუსის ქალი კი?

                                                                                            *

     ვიყიდით გალაკტიონ ტაბიძის წიგნებს:
     ლექსებს - 1914 წ. ლექსებს, გამოცემულს [სახელგამის მიერ 1927 წ.] 1919 წელს, ლექ­სებს, გამოცემულს 1927 წ. [ხვალისთვის].

     რათა ჩემს ბინაში არავინ არ იქნას ჩასახლებული და ამითი მომეცეს სა­შუ­ა­ლება...