შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-11 - 1936 წელი


16 ენკენისთვე.
ქობულეთი
სადგურზე: ა. სადგურის მორიგემ არ იცის, სად არის კურორტთა სამმართველო, კურზალი, სასტუმროები. იგი ცნობისთვის მიმართავს სადგურის ბარგის მზიდავებს. ბ. ავტობუსები და მელინეიკები. 80 წლის მეეტლე ამბობდა: ერთი ამერიკელი მიმყავდა, რომელმაც მითხრა, რომ ავტობუსებმა იქაც თავი მომაბეზრეს: ლინეიკით მგზავრობა უფრო მიმზიდველიაო. გ. ამინდი კარგია, ცოტა მოღრუბლულობაა. დ. დავბინავდით რივიერაში: მშვენიერი ხედი ზღვაზე. ზღვა წყნარია, ჰაერი თბილი. ე. სადილი კურზალში: პატარა წიწილი ღირს 14 მანეთი. ვ. პატარა აჭარელი მოწაფე - დურსუნ ბარამიძე დასდევს მწყერებს: - ბევრია? - უუ. აუარება! ისეთი მსუქნები არიან, ისეთი მსუქნები, ერთი ნამცეცა ხორციც კი არა აქვთ. სულ ქონია. აი, ეხლაც ოთხი დავიჭირე - სულ ხელით. - ხელით როგორ? - მწყრები უმთავრესად ბუჩქებზე სხედან. სულ ყრუები არიან. შენ ამჩნევ ბუჩქებში, მიგაქს ხელი, და ისინი კი ვერა გრძნობენ. ზ. საღამო ხანს სასტუმროში: ერმილე ჩიგოგიძე: ამბავი ბენდელიანის, ვიღაცა ქურდის, ისტორიკოსი მახათაძის. ბათუმის თეატრის და შჩუსევის ოპერეტისა და დრამის. ვინ დადის ოპერეტაზე? რატომ არ დადის დრამაზე ხალხი? ამბავი ყოჩაშვილის სიკვდილის. მწყერების ამბავი: ქობულეთს უამრავი მწყერი მოაწყდა. ყანებში ცუდი ამიდი დადგა და მწყრები გასაფრენად ემზადებიან. გადაშლი გორტენზიის ბუჩქს და იქ რამდენიმე მწყერი მიმალულა. მსუქნები არიან და შორს ვეღარ მიფრენენ. მეც დავიჭირე გუშინ ორი მწყერიო. ერთი ერთს მივეცი, მეორე მეორეს. იგი მსახურობს კურორტთა სამმართველოში. ქალები დიდ დარბაზში ლოტოს თამაშობენ. მათში ზის ეფთვიმე, სასტუმროს დირეკტორი (ის ყოველთვის ლაზღანდარობაშია). იგი გაოცებულია ჩემი ეხლანდელი მატერიალური მდგომარეობით. გ. ბ.-ვმა განსახკომისგან 2.000 მანეთი აიღოო. საბჭოთა აჭარის რედაკტორია დ. დუმბაძე.