შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-2 - 1929 წელი


მან დაარახუნა კარებს, როდესაც მე დასაწოლად ვემზადებოდი. „მობრძანდით“, - ვუთხარი მე და სკამი მივაწოდე. იგი არ დაჯდა. მაშინ მე თვითონ ვუთხარი, რომ ოლია არ თანხმდება თქვენს წინადადებაზე ოთახის გადაცვლის შესახებ. მან თითქო ეს წინდაწინვე იცოდა. ის ამბობდა:

„- ჩემი ცოლი საჭიროებს ვანნას, ამიტომ თქვენი ოთახი ჩემთვის საჭიროა. შალიკომ ეს იცის. მან მირჩია, რომ ოლია დამეყენებია ფაკტის წინაშე“.
„- თუ იგი არ თანხმდება, მე იძულებული ვიქნები, საბინაო ამხანაგობას შევატყობინო, რომ სამხედრო ბინას იჭერს კერძო კაცი. მაშინ თქვენ ძალით გადაგასახლებენ“.
„- ძალით გადაგასახლებენ, მე ამისი უფლება მაქვს მორალური და იურიდიული. მაქვს ხომ ამისი უფლება მორალური და იურიდიული? ექვსი წელიწადია, რაც სამხედრო სამსახურში ვარ. მიჭირავს 12 კვადრ. მ. ოთახი. მყავს ცოლი, მეყოლება შვილი, ჩემთან იქნება დედა. ამიტომ ბინა არ მყოფნის. თქვენი ოთახი ჩემთვის ზედგამოჭრილია“.
„- ოლიას და შენ მშვენიერად გეყოფათ ჩემი პატარა ოთახი - თუ მოისურვებთ, თუ არა, თქვენი ნებაა“.
„- რაც შეეხება, თქვენ რომ აქ მეორე ოთახის გაკეთება გსურთ, ეს მოუხერხებელია - რადგან ეს აივანი ყველას გვეკუთვნის. მე ვიცი ამის შესახებ ყველა მდგმურების აზრი (უთუოდ მისი ნათესავების აზრი), თუ ჩვენ შეგვეკითხება საბინაო ამხანაგობა - ჩვენ ნებას არ მოგცემთ აქ ბინის, ახალი ოთახის მომატებისას“.
„- მე ჯერ მინდა მშვიდობიანი გზით გადაიჭრას ეს საკითხი, თქვენ მიერ ჩემთვის ბინის დათმობა. თუ საკითხი მშვიდობიანი გზით არ გადაიჭრა, იძულებული ვიქნები, განვაცხადო სადაც ჯერ არს. განვაცხადებ კიდეც. Так что, предупреждаю вас“.
„- ოლია, ალბად, ცდილობს ამას პოლიტიკური სარჩული მისცეს. ოლია, ალბად, მაგინებს მე. მე ვიცი, ეს ასე იქნება“.
„- მე ოთახი მჭირდება. რატომ არა აქვს, ან სადაა აქ კომუნისტური ეთიკა? რატომ არ იცის ოლიამ“ და სხვ... (მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ თუ ჩვენი ოთახი არ დაიჭირა, ეს იქნება კომუნისტური ეთიკის დარღვევა).
„- ერთის სიტყვით, თუ თქვენ ნებით არ დასცლით ოთახს, სულ ერთია, ძალას მივმართავ“ - და სხვ.
ასეთი იყო მისი ლაპარაკი. თითქო:
1. მარტო მისი ცოლი საჭიროებს ვანნას და სხვა არავინ.
2. ამ სამხედრო ბინაზე ჩემს მეტი კერძო კაცი არ სცხოვრობდეს (მთელი სახლი სავსეა კერძო მდგმურებით).
3. კომუნისტური ეთიკა მხოლოდ მას ესმოდეს.
საერთოდ იგი არამზადულად მსჯელობს. იქცევა, როგორც არამზადა. იგი არა თუ იმუქრება ძალით გადასახლებით, ცდილობს დამარწმუნოს, რომ მას აქვს ამისი მორალური უფლება.
გამოდის, რომ სამხედრო პირს არა აქვს უფლება თავისთან დააყენოს საკუთარი და (ამ შემთხვევაში შალიკოს).