შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-34 - 1929 წელი


1929, 30 ივლისი, ორშაბათი.
I. ჩემი წიგნი, სახელგამის გამოცემა 27 წლის - არ არის გამოფენილი მაღაზიის ვიტრინებზე. არც სახელგამში, არც სხვაგან - ასე გრძელდება [3] 5 წლის განმავლობაში. დღეს გამოვიარე მარშანიასთან (მოსკოვის სააგენტო), არც იმას აქვს. სპეციალურად უნდა გადავდო დღე ყოველივე ამის მოსაგვარებლად. არც „ჯონ რიდია“. მიღებული უნდა იქნას ზომები.
 
* * *
II. მუშათა სასახლეში შემხვდა დამბლა დაცემული ახალგაზრდა მუშა. იგი მუშაობს რკინის გზაში დამლაგებლად და იღებს თვეში 8 მანეთს. აი ბედი! მას უნდოდა კავშირის წევრად გახდომა, მე მივასწავლე და ის ამბობდა:
- Не знаю, я ничего не знаю.
საშინელია დამბლა!

* * *
III. სახელგამში შვეიცრად მსახურობდა ერთი მოხუცი კაცი, მეტად ტკბილი მოხუცი კაცი იმერეთიდან. იგი ყოველთვის გულღიად და პატივისცემით მეპყრობოდა.
დღეს იგი არ იყო. როდესაც ვიკითხე, მითხრეს: გუშინ დილით მას დამბლა დაეცა. ეხლა სიკვდილის პირზეა. ხროტინებსო. ყველას სწყენოდა. განსაკუთრებით „ჩემო“-ს მოსამსახურეებს (აქ იგი დიდხანს იყო).
საშინელია დამბლა!

* * *
აზერბეიჯანიდან ჩამოსულმა იქაური მთავლიტის გამგემ სთქვა:
- კულიევს (განათლების კომისარს) დააბრალეს ნათესავების მოწყობა სამსახურში და პარტიამ საყვედური გამოუცხადაო.
ამას მოჰყვა საუბარი ბაქოს ამბების შესახებ.

* * *
IV. მუშათა სასახლის წინ იდგა ახალგაზრდა კაცი. იგი იდგა კიბესთან და უცქეროდა ქვეშიდან კიბით ჩამომავალ ქალებს. ალბად იმიტომ, რომ დაენახა შიშველი მუხლები ქალისა.
საბრალო ახალგაზრდა. მე შემეცოდა მისი დაუკმაყოფილებელი ახალგაზრდობა.

* * *
- ჩიკაგოში იბეჭდება ენციკლოპედია 30. 000. 000 სიტყვიანი. მუშაობს 300 გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი. ექსპერტათ მათ ჰყავთ ერთი 7-წლედის მოწაფე. რა სიტყვასაც ეს მოწაფე ვერ გაიგებს, იმ წამშივე შლიან. რობაქიძისთვის სად ვიშოვოთ ასეთი ექსპერტიო - ამბობდა ვ. წივწივაძე დღეს.

* * *
V. „შრომა“-ში არის რამდენიმე მოსამსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან.
აი ჩემი ტრაგედია!
რამდენია კარგი კაცი, რომელსაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი, სად შემხვედრიან და არ მახსოვან.
ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები.
ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?

* * *
VI. დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელი ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს.
„ბაღლინჯო“ - მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა.

* * *
VII. ვ. წულუკიძის წერილია დღეს კომუნისტში „ხორვარდაინ ჰაისტან“.
შალვა აფხაიძე დღეს ნახავს მაჩაიძეს „რჩეული ლექსები“-ს შესახებ. ქაღალდი სახელგ. არ არის კარგი. რაც არის, სულ ერთია. „ეპოქა“.

*
„ეპოქა“ გადაეცა პირველ სტამბას.
კორეკტურა - არნო ონელი.
პირველი რიცხვი არის პარასკევი...
Насчет бумаги. Насчет печат. Насчет коректуры. Насчет срока.
Можно ли жить так? Оставить 2 стр.
მაკარი გოგვაძე - ინსტრუკტორი.
მნათობი - 5-6. 1928.
ერთ კვირაში გათავდებაო, რაკი დავიწყებთო.
გ. ბააზოვი. შ. რადიანი.

*
[სახელგამის გამგეს!
გთხოვთ ჩემი წიგნის „ეპოქა“-ს (რომელიც იბეჭდება) ანგარიშში გამომიწეროთ ასი (100) მანეთი.
გ. ტაბიძე].

[გამომცემლობა „შრომა“ს!
ვინაიდან მატერიალურ სივიწროვეს განვიცდი, გთხოვთ მიღებული ჩემი წიგნის ჰონორარის ანგარიშში გამომიწეროთ (100) მანეთი].

[სოცუზრუნველყოფის კომისარ...
ვინაიდან ამჟამად მეტად შევიწროებულ მატერიალურ მდგომარეობაში ვარ და არავითარი შესაძლებლობა არა მაქვს განვაგრძო ექიმობა, გთხოვთ ჩემი ჰონორარის ორი თვის ანგარიში (ივლისი და აგვისტო) მომცეთ ერთად.
გალაკტიონ ტაბიძე].

*
ფოტოგრაფიები:
1. თოფის დამიზნება.
2. ზღვაში შლიუპკაზე.
3. ერთი დღე წარმოებებში.

კახელები პროტესტს აცხადებენ. „ამბოყარი“.

წიგნის შეს. №11. გიორგი ჟორჟ.

დღეს: 1. 1 სტამბა (ნახ. საათ.); 2. შრომა; 3. [სობესი]; 4. სახელგამი; 5. სახლში ხელნაწერები; 6. ავანსი „შრომის“; 7. ავანსი „სახელგამი“.
ხვალ პენსიას ვიღებთ.