შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-25 - 1927 წელი


ეს მასალა გამოდგება 192...? წლისთვის, როდესაც რიონგესის შენება დაიწყეს. როდის დაიწყეს?
 
სადგური.
სადგური თითქო კიდევ უფრო დაპატარავებულა, ვინემ იყო 15-20 წლის წინად. ეს იმის გამო, რომ დიდი სასადილო მაგიდა აღებულია და მის ნაცვლად ჩამწკრივებულია ხის სკამები, სავსე მძინარე მგზავრებით...
მოედანი სადგურის წინ.
მოედანზე სადგურის წინ მგზავრებს უცდის სულ ხუთი თუ ექვსი მეეტლე დანჯღრეული ეტლებითა და გამხდარი ცხენებით. თვითონ მეეტლენი გახვეულნი არიან რაღაც ძონძებში. ყურადღებას იქცევს ეტლების კონსტრუქციის შინამრეწველური ხასიათი. ერთი ეტლი, მაგალითად, ჰგავს კალიასკას, მეორე ძველ დროშკას, მესამე ურემს, მეოთხე ჩვეულებრივ ქალაქურ ეტლს. ცხადია, რომ მათით მგზავრობა შორს გზაზე შეუძლებელია.
სულ სხვა იყო წინად რიცხვი და ხარისხი ეტლებისა და მეეტლეების. მატარებლის მოსვლის დროს სადგურიდან ტფილისის ქუჩის მოსახვევამდე თითქმის ნახევარი ვერსის მანძილზე ჩამწკრივებული იყო გაკრიალებული, სუფთა ეტლები, ლამაზი და ღონიერი ცხენებით, დაბამბული ახალთახალი მაუდის ანაფორის მსგავსი ტანთსაცმლიანი მეეტლეებით. კონტრასტი ასეთი - უსათუოდ სიღარიბის ბრალია.
რამდენიმე ფაბრიკა.
გზაზე გვხვდება რამდენიმე ფაბრიკის მილი; ეს მილები რკინისაა და წვრილი, როგორც წინანდელი მანდილოსნების პაპიროსები, სამაგიეროდ - მაღალი. ისინი შნოიანად უშვებენ კვამლს ცის სივრცეში.
ჩამტვრეული ფანჯრები.
სადგურის ქუჩაზე უმრავლესობა მინებისა ჩამტვრეულია. ეს ნიშნავს, რომ ფანჯრის მინების კრიზისია აქ.. ზამთარი კი მოახლოვებულია. შემოდგომა მიდის. გუშინ მთელი დღე წვიმდა და კიდევ წვიმას აპირებს.
დილის 7 საათია.
7 საათია, მაგრამ ქალაქში ჩვენ არ შეგვხვედრია არც ერთი ავტომობილი, არც ერთი ავტობუსი. სამაგიეროდ ბლომად მიდის დაბალი, პატარა გოგორებიანი იმერული, უფრო მეტად იმერული ურმები.
არც ერთი სასადილო.
სადგურის ქუჩიდან „გრანდ-ოტელამდე“ არ არის არც ერთი სასადილო. როგორაა ამ ხალხის საქმე: სად სჭამს ნეტა ან სადა სვამს?
ნაცნობი სახლები.
აი, ნაცნობი სახლებიც: ეს წინანდელი რეალური სასწავლებელია, სადაც არა ერთი და ორი კარგი მოგონება იღვიძებს. ეს ის სახლია, რომელშიდაც ჩემი მეგობარი ცხოვრობდა, იქ კიდევ რედაქცია იყო მოთავსებული წინად, სხვაგან სტამბა იყო, ზოგან კაფე, ზოგან არალეგალური ბინები, ზოგან ქალაქის დაწესებულებები, ჟანდარმერიის ბინები, საპოლიციო უბნები და სხვ. და სხვ. ყველა ეს სახლები ეხლა სხვა დანიშნულებას ემსახურებიან.
დავბინავდი გრანდოტელში.
გრანდოტელში ჩვენი ოთახია №6, [მიდის] საკმარისად სუფთა ოთახია. ორი დიდი სინათლიანი ფანჯარით, რომელიც ყოფილ კლასიკურ გიმნაზიის პირდაპირაა, იყურება ქუჩისკენ. ფანჯრებს აქვს სუფთა ტილოს ფარდები ჩამოფარებული. როდესაც ფარდა გადავწიე, დავინახე ჩემი ძველი ნაცნობი ჭადრები, რომლებიც ფანჯრის პირდაპირა სდგას, უკვე შეყვითლებული ფოთლებით, რადგან ეხლა შემოდგომაა.
ოთახში არის ერთი საწერი მაგიდა, ერთი გრაფინი, ერთი ტანისამოსის შკაფი, ერთი დიდი [დივანი] სავარძელი, ორი პატარა დივანი, ერთი საწოლი პატარა ბალიშით, საზამთრო საბნით, სუფთა ზეწარითა და პატარა ნოხით წინ. [კუთხეში] მაგიდაზე სდგას საფერფლე, და მაგიდის ელექტროს სანათური. ორი ვენის სკამი, გრაფინი, ჭიქა და ლამბაქი, ერთი ტუმბოჩკა, ლეიბი, მატრასი, პირსაბანი და დასაკიდებელი, ერთი სარკიანი შიფონიერკა. იატაკი ახალი ლინოლეუმისაა. ელექტრონი არის, მაგრამ ვერ ანათებს კარგად (როგორც მთელ ქუთაისში, სადაც ჯერჯერობით, რიონგესის დამთავრებამდე, ასეა საქმე). საზოგადოთ, ჩვენი ბინა დამაკმაყოფილებელია.. პირს ვიბანთ, ტანისამოსს ვიცვლით და მივდივართ ქალაქში.
წითელ სასადილოში.
მოგვიტანეს „ჩახოხბილი“ ქათმის (აქაური ქათმის ხორცი ძალიან გემრიელია), იმერული მაჭარი, და სხვ. დაავიწყდათ სალფეთქი. როდესაც იგი მოვითხოვეთ, კელნერშამ გვიპასუხა:
- დიდად უკაცრავად. ხელსახოცები არა გვაქვს, ჩვენი გაზეთის დამტარებელი ორი დღის წინად მოგვიკვდა და ამის გამო, საერთოდ, ქაღალდის კრიზისია.
„ერემია წარბა“.
გაიარა პროცესიამ, რომელსაც დიდძალი ხალხი მიყვებოდა. ასაფლავებდენ რომელიღაც თერძს და უკრავდა ორკესტრი. ორკესტრი იყო სასულე. ალბად, ორკესტრი, თერძის პირადი გემოვნების პატივსაცემად, უკრავდა არა სამგლოვიარო მარშს, არამედ წარბას მოტივს ("ძმა ბიჭებში დაჩაგრული მე ვარ ერემია წარბა").
„სულიმჯან, გულიმჯან“.
სახანძრო რაზმმა გრიალით გაიარა, ალბად სადმე ცეცხლია, რაზმის მედუდუკე, ჩვეულებრივი სიგნალების მაგიერ უკრავდა მოტივს „სულიმჯან, გულიმჯან, ჯან, გულიმჯან“. ეს მხოლოდ აქაა შესაძლებელი.
ლენინის ძეგლი.
ძველი საკათედრო ტაძრის ნიშანწყალიც კი არ არსებობს. მის ადგილას ფართო მოედანია და მოედანზე ლენინის დიდი ძეგლია, ლამაზი პიედესტალით, თაღებით, ქვის კიბეებით თვითონ ძეგლისაკენ. დაუდევრობა აქაც თავს იჩენს: ძეგლს ყოველი მხრივ გარს უვლის საძაგელი სუნი ექსკრემენტების.
წყალი რიონიდან მოაქვთ ბოჩკებით.
წყალი რიონიდან მოაქვთ ბოჩკებით. წყალსადენი ჯერ კიდევ არაა, არც კანალიზაცია.
ბულვარი.
მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მხოლოდ შიგ ეხლა არავინ არ დადის. ეს უზარმაზარი ბაღი სავსებით ცარიელია. ბაღში ენგელსის ძეგლია.. და ორანჟერეა, რომელიც წინად არ იყო. წულუკიძის ძეგლიცაა.
ისიდორე შემხვდა.
„აღარავინ არააო ქუთაისში, - სთქვა ისიდორემ, - ინტელიგენცია გაიქცა. სულ სამი კაცი დავრჩით: მე, ივანე კილაძე და ვასო ბეჟანეიშვილიო“.
მართლაც აღარავინაა.
მე მთელი დღე ვათვალიერებდი ქალაქს, მაგრამ არც ერთი ნაცნობი არ შემხვედრია. ეს ძლიერ ცუდია.
ქალაქის თეატრი.
სეზონი ჯერ არ დაწყებულა. თეატრისათვის ახალი რემონტი უქნიათ. ფასადი, როგორც ბევრი სხვა სახლები აქ, რაღაც სხვა ფერის, რუხი ფერის ცემენტითაა შელესილი.
რადიუმი.
„უმცროსი ვაჟი“ გაროლდ ლოიდის მონაწილეობით...
А всеже пустота!
არც ერთი კაცი არაა ნაცნობი და ძველი მეგობარი... შევარცხვინე მე ასეთი ქალაქი. მიმიფურთხებია ასეთი ქუთაისისათვის.
„გრანდ ოტელი“.
უმთავრესი სასტუმროა. რა უნდა იყოს უმთავრესი, სადაც „გრანდ ოტელი“ უმთავრესია და ფეხისალაგიც კი არა აქვს ხეირიანი.

*
მთელი რიგი ლანდები,
წარსულთ დღეთ აჩრდილები.

*
980. 10 к.
1. ფული მთლად აღებული არაა.
2. სტრიქონები თითქმის უახლოვდება 5.000.
300.

Жан К.
ერთხელ და საბოლოო[დ]. პირადათ.
Какой-то дурак и очень, очень глупый человек.

ამხანაგს
[მე ბევრი მ.]
[მტერი ამ ქვეყნად ვის არ ჰყოლია,]
მტერი ვის არ ჰყოლია...