შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-578-2 - 1920-იანი წლები


მანქანათა რახრახი ძრავს სტამბის კედლებს. ყურები გამოჭედილია ამ მშვენიერი მუსიკით‚ რომელიც მოაქვს მეტალურგიას (აჰ‚ შეიძლება საჭირო არ არის ეს სიტყვა?). ვინ იცის, რამდენი რამ არ არის საჭირო. ჩვენ მაინც ჩავდივართ იმას‚ რაც საჭირო არ არის‚ ყოველდღე‚ ყოველ საათში‚ ყოველ წამში. ვინმე თუ იფიქრებს‚ რომ მშვენიერი ცხოვრება არსებობს‚ თქვენ პირდაპირ შეხედეთ მის სახეს იმ წამში‚ რა წამშიდაც ამას გეტყვის.. შემდეგ კითხეთ მას‚ გულწრფელია თუ არა იგი? იგი უსათუოდ ჩაფიქრდება და მეორე წამში იქნება გულწრფელი‚ თუ გიპასუხათ‚ რომ გულწრფელი არ არის‚ რომ არც ჰქონია აზრად გულწრფელობა‚ შემდეგ გადააშლევინეთ რამდენიმე დღის მისი ცხოვრების ფურცელი‚ თუ იგი მაშინაც გულწრფელია‚ უსათუოდ გიპასუხებთ‚ რომ მთელი მისი ცხოვრება შემდგარი იმნაირივე დღეებიდან იყო სიყალბე‚ დიახ‚ სიყალბე‚ და ათასჯერ‚ ათიათასჯერ სიყალბე. როგორ არ გრცხვენიათ, მოწყალეო ხელმწიფეო‚ როგორ არ გრცხვენიათ? განა შესაძლებელია‚ ერთი წამითაც არ ჩაფიქრდეთ ყოველივე ამის შესახებ? განა წარმოსადგენია‚ რომ ყოველდღე სჩადიოდე იმას‚ რაც საჭირო არ არის? რად გჭიროდათ მეტალურგია? რომ მოსულიყო ტვიისმფრქვეველები‚ რომ აშენებულიყო ქარხნები ზარბაზნებისა? უკანასკნელად რომ აეშენებიათ ეს სტამბა‚ ასეთი დიდი სტამბა‚ ასეთი დიდი მაშინებით‚ ასეთი უზარმაზარი გრიალით‚ ასოთამწყობების სიმღერით და მესტამბეთა მარადი დარაჯით? მეტალურგია... ხა‚ ხა‚ ხა, მეტალურგია - ხი‚ ხი‚ ხი‚ მეტალურგია - ხო‚ ხო‚ ხო! მეტალურგია... მეტალურ... მეტალლ... ააა? განა ვისმე სურდა, რომ საჭირო ყოფილიყო წიგნები‚ ჟურნალები‚ გაზეთები‚ მხოლოდ იმისთვის, რომ აეწყოთ იგი‚ მიეტანათ წიგნის მაღაზიაში.. ეშოვათ მკითხველები. ხახა ხახა! ხახახახახახახა! მეტალურგია მედალიონი‚ პეტერბურგი. დეტალები, ელემენტარული ელემენტარობა, ჯენლტმენი მეტალურგია. დალუქული მეტალურგია‚ ლუკრი‚ აჰ‚ უკაცრავად‚ ლუკრეცია‚ შეიძლება ვენეციაც? ბარამბარინონი‚ რიზე‚ კოლომა‚ კრონი‚ მეტალურგია და ათასჯერ კიდევ მეტალურგია‚ საჭირო იყო ეს ვისმესთვის? არავისთვის‚ არავისთვის საჭირო არ იყო. არავის ეს არ წყუროდა. არავინ ამაზე არ ფიქრობდა და გამოვიდა უეცრად მეტალურგია. შეიძლება იონა მეუნარგია ცდებოდეს‚ ცდებოდეს‚ ცდებოდეს. ბერლლინ, ბერრრრრლინელი‚ ლონდონი‚ ემილ ვერჰარენი‚ მეტალურგი?!! რა საჭიროა მეტი? საჭიროა მხოლოდ ალურობა !? მეტალურგია.