შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-625-1 - უთარიღო


უპატრონო, ყველასაგან მიტოვებული მწერალი ქალი დარია ახვლედიანი, როდესაც ამ მოგონებებსა სწერდა, ძალიან ავად იყო. საწოლში იწვა და ისე დაამთავრა მოგონებები აკაკის შესახებ, რომელსაც ძალიან დაახლოვებით იცნობდა. ცალკე ავადმყოფობამ, ცალკე მძიმეზე მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ თითქმის მთლად დასცა საწყალი ქალი, ფიზიკურად და სულიერად.
ეს გაიგო მაშინ ლიტერატურული მუზეუმის დირექტორმა გიორგი ლეონიძემ.
მან ისიც გაიგო, რომ მოგონებებში იყო ადგილი, სადაც [ახალგაზრდა] მწერალი ქალი, როდესაც აკაკი წერეთელი ესტუმრა, ეკითხება აკაკის ახალგაზრდა პოეტების შესახებ, აკაკი წერეთელი ახსენებს გალაკტიონ ტაბიძეს, როგორც საუკეთესო წარმომადგენელს ახალგაზრდობისას.
- თქვენ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ხართ, თანაც ავადა ხართ? არა? ეკითხება ლეონიძე დარია ახვლედიანს.
- თქვენი მტერი იქნეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიდაც მე ვარ... - უპასუხა სულთმობრძავმა ავადმყოფმა ქალმა.
- მოგეშველებით, ჩვენი მუზეუმი შეისყიდის თქვენს მოგონებებს აკაკი წერეთელზე...
- ძალიანს დამავალებთ: მუზეუმი უწმინდესი ადგილია... იქ ჩემი ნაწარმოები არასოდეს არ დაიკარგება, - მიუგო დარიამ, რომელსაც ცოტაოდენი იმედი მიეცა მდგომარეობის გაუმჯობესებისა.
- ჩვენი მუზეუმი შეიძენს თქვენს მოგონებებს აკაკი წერეთელზე, მხოლოდ ერთის პირობით... - მნიშვნელოვანი და დინჯი სახით [განაგრძობს] განიმეორა ლეონიძემ, – შეიძენს, მხოლოდ ერთი პირობით..
- რა პირობით? რა პირობას გულისხმობთ? - ჰკითხა დარიამ.
- თქვენი მოგონებიდან უნდა ამოიღოთ ადგილები, სადაც აკაკი წერეთელი გალაკტიონ ტაბიძეს ახსენებს...
- უი, რა მითხარით, - შესძახა გაფითრებულმა დარიამ, - ეს მე არ შემიძლია. ეს... ეს...
- ოო, თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ... ზედმეტია ლაპარაკი სალიტერატურო მუზეუმის მიერ თქვენი მოგონებების შეძენის შესაძებ, - სთქვა ლეონიძემ და [ავადმყოფი] ძალმიხდილი ქალის ოთახიდან გავიდა.
- სინდისი, პატიოსნება, [არ მაძლევს] როგორ მომცემს ნებას [მწერალ ქალს] ეს [ლიტერატურული] დანაშაულობა ჩავიდინო, - ამბობდა დარია, მაგრამ როდესაც ავადმყოფობამ ძალზე ჩასჭიდა ხელი, არსაიდან შველა არ იყო, თან მეზობლებიც ეუბნებოდენ:
- რა გახდა, დარიკო, ასეთი უსაშველო? ის ადგილი, სადაც აკაკის აზრია გამოთქმული გალაკტიონის შესახებ, საიდუმლოდ გაუგზავნე თვითონ გალაკტიონს. ასე არ აჯობებს? გალაკტიონი ამ დოკუმენტს [არასოდეს არ დაჰკარგავს] მიუჩენს თავის ადგილს. დანარჩენი მასალა კი მიჰყიდე ლეონიძეს, თან უთხარი, რომ...
- მეტი რა გზაა, ასე უნდა მოვიქცე, - სთქვა დარიკომ. მან ხელახლა გადააწერინა "მოგონებები".
ლეონიძემ რაღაც ორიოდე გროში მიუგდო სიკვდილის პირს მყოფ მწერალ ქალს, რომელიც სულ მცირე ხნის შემდეგ - გარდაიცვალა კიდეც.
ინახება თუ არა ეს დოკუმენტი მუზეუმში?

* * *
არ გასულა, ამის შემდეგ დიდი ხანი, [რომ] გ. ლეონიძემ გაიგო, რომ ერთერთ მწერლის სახლში ინახება ხელნაწერებად წერილები მხცოვანი მწერლების: დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, განდეგილის, ია ეკალაძისა, ზაქარია ჭიჭინაძის, შიო მღვიმელისა და სხვების გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ. თან ისიც გაიგო, რომ ის მწერალი, რომელთანაც ეს დოკუმენტები ინახებოდა, მძიმე ავადმყოფი იყო და მძიმე მატერიალურ მდგომარეობასაც განიცდიდა.
- თქვენ [მძიმე მატერიალურ მდგომარეობას] ხელმოკლეობას განიცდით, თანაც ავადა ხართ, არა? - ეკითხება ლეონიძე მას.
- არ გავეჩინე ნეტავი ღმერთს, - პასუხობს მწერალი.
- მოგეშველებით, ჩვენი მუზეუმი შეისყიდის თქვენგან დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, განდეგილის, ია ეკალაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, შიო მღვიმელისა და სხვების წერილებს გადაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ. მოიტა ხელი!
შეთანხმდნენ.
ლეონიძემ მასაც ორიოდე გროში მიუგდო, მოუსვა ხელი ამ წერილებს და დაეშვა კიბეზე.
რისი მუზეუმი, რა მუზეუმი. ეს წერილები მან შეიძინა მათი ცეცხლით განადგურების მიზნით.
ამ გვარად განაგრძობს ბრძოლას გოგლა ლეონიძე გალაკტიონ ტაბიძის წინაააღმდეგ. სხვა აუარებელი ფაქტებიც ამას მოწმობენ, მაგრამ როდემდის უნდა ითარეშოს ამ საზიზღარმა ტიპმა, როდემდის?