შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-623-8 - უთარიღო


ჩვენი სახელოვანი მგოსანი აკაკი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.
[ცნობილია აკაკის] ხშირად მოგვისმენია მისი აღტაცებული ლექსები ცხრაას ხუთი წლის რევოლიუციისადმი მიძღვნილი.
ამ რევოლიუციის დამარცხებისა და რეაქციის გაბატონების ხანაში აკაკი გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს [ჩვენი] ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ყოველ ნაბიჯს.
სწორედ იმ ხანებში გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე გალაკტიონ ტაბიძე. მან მაშინვე მიიქცია მთელი ქართველი საზოგადოების ყურადღება. აკაკი წერეთელი გალაკტიონის შესახებ ამბობდა: აი, ნამდვილი, გულწრფელი პოეტიო. ბატონი აკაკი უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა „მე და ღამის“ ავტორს. აკაკი ამბობდა: [თუ] გალაკტიონი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მასშტაბის პოეტი [არ შეიქნეს, ეს მხოლოდ ჩვენი დანაშაული იქნება, ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მას] შეიქნებაო.
აკაკი წერეთელს ხშირად დაინახავდით ხელში გალაკტიონ ტაბიძის წიგნით. ერთხელ ხაშურის სადგურზე მატარებლიდან გადმოსვლისას აკაკის ჩვეულებრივად უამრავი ხალხი შემოეხვია. სხვათაშორის ჰკითხეს: ვინ არის თანამედროვე პოეტებში ღირსშესანიშნავიო. ბატონმა აკაკიმ გალაკტიონ ტაბიძე დაასახელა.
ერთერთ სალიტერატურო საღამოზე ბატონ აკაკისთან ერთად გალაკტიონიც გამოდიოდა. გალაკტიონმა წაიკითხა ერთ-ერთი ლექსი, რომელმაც საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. ფარდის დაშვების შემდეგ ბ. აკაკიმ გალაკტიონს მიმართა:
- თქვენ ლექსის მშვენიერი, მუსიკალური წაკითხვა გცოდნიათ, უსათუოდ რაჭველი უნდა იყოთო.
- რატომ, ბატონო აკაკი, რაჭველს რა მიგავსო, - იუცხოვა ახალგაზრდა მგოსანმა.
- ენის მუსიკალობა - სთქვა ბატონმა აკაკიმ - ძირითადი ქართული მოვლენააო. დასავლეთ საქართველოში რაჭველები, აღმოსავლეთში ქართლელები და კახელები როდესაც ლაპარაკობენ, თითქო მღერიანო. თქვენ როდესაც ლექსს ჰკითხულობდით, [ეს სასიამოვნო ანალოგია აღმოვაჩინეო] ეს გამახსენდაო.
ამ სიტყვებით ბატონმა აკაკიმ გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მუსიკალობას მოუნახა ძირითადი, ეროვნული საფუძველი.
ასეთი აზრის იყო მეცხრამეტე საუკუნის ბუმბერაზი მგოსანი აკაკი წერეთელი - მეოცე საუკუნის პოეზიის უდიდესი წარმომადგენლის – გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.