შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-25 - უთარიღო


                                                    ბობოხიძის პოემის კითხვა

     შეკრებილია სულ 12 კაცი. როდესაც დარბაზში შევედი, ყველას რაღაცნა­ი­რი დაღ­ლა ემჩნეოდა. ეტყობოდა რაღაცაზე გაცხარებული კამათი დასრულდა.
     - დავიწყოთ კითხვა, - სთქვა სიმონმა.
     - რაღა დავიწყოთ. რაც საკამათო ენერგია გვქონდა, სულ დაიცალა. და­ვიწ­ყოთ, აბა.
     ბობოხიძემ აიღო თავისი რვეული და სავარძელში ჩაჯდა. ცოტა ხნის შემ­დეგ სრუ­ლი სიჩუმე ჩამოვარდა. კალე რაღაცნაირად აღელვებული იყო.
     - აი, ეს პოემა... - დაიწყო მან, - ამ პოემას - მე ვუწოდებ ლირიკულ პო­ე­მას, ვი­ნა­იდან ეპიური პოემა - სხვაა... მე ვერ გავბედავ ჩემს პოემას ეპიური პო­ემა და­ვარ­ქვა.
     - შენ ესა სთქვი, დიდია პოემა? - შეეკითხა ვიღაცა.
     - აი, ეს არის, რაც არის, - უჩვენა კალემ, - ნახევარ საათს მოვუნდები კით­ხვას. მაშ, ვიწყებ.
     - რამდენი სტრიქონი იქნება? - შეეკითხა მეორე...
     - ორი ათასი სტრიქონია - სულ... მაშ, ვიწყებ...
     - უჰ! - წამოიძახეს აქედან-იქიდან, - ამის კითხვას ორ დღეს მოვუნდე­ბით.
     - ორი დღე კი არა, სულ ერთ საათში წავიკითხავ... მაშ, ვიწყებ...
     - ერთ საათში ორი ათასი სტრიქონი? სად გაგონილა.
     - მაშინ ასე ვიზამ: მთლად არ წავიკითხავ - ზოგიერთ თავებს გა­მო­ვაკ­ლებ, შე­ვამოკლებ...
     - შეამოკლე, შეამოკლე. ასე აჯობებს, - გაისმა აქედან-იქიდან.
     - მაშ, ვიწყებ...
     და დაიწყო. ეტყობოდა, ბევრი რამ პოემაში თვითონაც არ მოსწონდა. კით­­ხუ­ლობ­და უგემურად, უგულოდ, უგუნებოდ. ხანდახან ისე შეჩერდებოდა, რომ აღარ იცო­და, განეგრძო კითხვა, თუ შეეწყვიტა: მთელ ფურცლებს სტო­ვებ­და - და ეს გა­რემოება ძალზე აბრკოლებდა კითხვის საქმეს. თან ის მაჯავ­რებ­და, რომ სულ ჩე­მი ტონი ჰქონდა გადაღებული. იმნაირივე რიტმი, რითმა, წყო­ბა. ჩემს გვერდით მთვ­რალი შალვა ბუაჩიძე იჯდა და ყურში მიჩურჩუ­ლებ­და:
     - არ გეწყინოსთ, მაგრამ ეს სულ თქვენი მიბაძვაა... საწყენად არ ვამბობ. რო­­დე­საც თქვენ სწერთ კარგია, შეგეფერებათ... ეს კი...
     კალე განაგრძობდა კითხვას. აქა-იქ ირონიული გამომეტყველება ემჩნე­ვო­დათ მსმე­ნელებს. ყველა ფიქრობდა: აჰ, ნეტა როდის გაათავებს.
     ბოლოს, როდესაც დაამთავრა, ლაპარაკი არავის არ უნდოდა, სიტყვა აიღო ჯა­ბუშანურმა:
     - რიტმი, მართალია, იცვლება ხშირხშირად, მაგრამ - რიტმი თავისი გა­რე­მოე­ბის შესაფერი უნდა იყოს. რითმები - მოძველებულია. გაზეთში რაც სწე­რია - ის პოემაში არ ვარგა. პროზაიზმი გამოდის. სიუჟეტი არ არის. სა­ერ­თოდ დიდი და­მუშავება უნდა.
     - უნდა მითხრათ გულახდით ყველაფერი, - სთქვა კალემ. ამიტომ ვკით­ხუ­ლობ ამ პოემას ვიწრო წრეში და არა საზოგადოების წინ.
     - რაკი აგრეა, - სთქვა ბესო ჟღენტმა, - ჩვენც გულახდილად გეტყვით: ეს არაა ლი­რიკული პოემა: დემონი ლერმონტოვის - ლირიკული პოემაა, ჩაილდ­­გა­როლდიც ბაი­რონის, შენი პოემა არც ერთ ამას არა ჰგავს.
     - ადგილების შესახებ რას იტყვით, - ადგილები ხომ არის? - შეეკითხა კალე.
     - ადგილები არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ, ადგილები ვერ შვე­ლიან პოე­მას. შიგ დრამატიზმი უნდა იყოს. დრამატიზმი თუ არ იქნა, ისე არ ივარგებს. პოე­მა სიუჟეტური უნდა იყოს. საერთოდ - დიდი [ხანგრძლივი] გა­დამუშავება უნდა ამ პოემას. ხანგრძლივი შრომა.
     ამ დროს მე მითხრეს, რომ ტელეფონით გეძახიანო... მეც ავდექი და ოთა­ხი­დან გა­მოვედი.
     კითხვაზე აღარ შევბრუნებულვარ.
     ცხადია, არავინ დაიცავდა კალეს. არც არ უნდა გამოსულიყო ამ პოემის კით­ხ­ვით, მაგრამ ცოტა ჭკუამოკლეა: ეგონა, მოუწონებდენ და პოემა დაიბეჭ­დე­ბოდა. ჰო­ნორარის საკითხია აქ: ორი ათასი სტრიქონია. უმუშავებია თვალ­და­­ხუჭვით და უთავ­ბოლოდ - სიდიდეს გაჰყოლია, რა არის მეტი სტრიქონები გა­მოვიდესო. პოე­მისთ­ვისაც სახელად "ჩვენი დროის გმირები" დაურქმევია. და არავითარი გმირები იქ არ არის. სულ ყველა გაზეთის ენით ლაპარაკობს. არ ვარგა  პოემის ასე წერა.