შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-104 - 1936 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1936 წ. აპრილი.
1936. 1-6 აპრილი. ფიზიოტერაპევტიული ინსტიტუტი.
წყლის აბაზანებს ვიღებ 2 აპრილიდან ყოველდღე, გამოსასვლელი დღეების გამოკლებით. დღემდე სულ მივიღე ცამეტი აბაზანა, დღეს იქნება მე-14. ნერვები თანდათან მშვიდდება და ფეხიც ნაკლებად მტკივა. აბაზანები უსათუოდ კარგად მოქმედებენ საერთოდ ორგანიზმზე. დადებითი შედეგები შესამჩნევია.
მასსაჟს მიკეთებენ ყოველდღე 5 აპრილიდან გამოსასვლელ დღეებს გარდა. დღემდე ფეხი 9-ჯერ დამიზილეს. ფეხში ტკივილები სცხრება. სიმსივნეც კლებულობს. ფეხის მოძრაობა თითქმის ნორმალურია, მხოლოდ კოჭთან ვერ იხრება კარგად მარცხნივ, თითებშიც ოდნავ ტკივილსა ვგრძნობ მათი მოღუნვის დროს. წვივშიაც მუხლამდე არის ტკივილები, შეუმჩნევი, მაგრამ მაინც არის, როდესაც ხელით ვიშინჯავ. კიბეზე ნორმალურად ვერ მივდივარ: ე. ი. ვერ ჩავდივარ, თორემ ამოსვლა სრულებით არ მიჭირს - ფეხის მხრივ. საერთოდ - მასსაჟი იძლევა დადებით შედეგებს.
იონიური მკურნალობა. ელექტრონით გულის სიგანივრის გამო ჩამატარებინეს 5-ჯერ დღემდე (ყოველდღე, გამოსასვლელებს გარდა). 10 აპრილიდან გავლენა საგრძნობია.
ნემსები. 14 აპრილიდან ყოველდღე. გამიკეთეს ორჯერ. ვგრძნობ, რომ კარგია.
სიცხე. პირველ აპრილს საღამოთი - 37. ორ აპრილს დილით - 36,6. საღამოთი - 37. სამ აპრილს დილით - 36,7. საღამოთი - 37, 2. ოთხ აპრილს დილით - 36,3. საღამოთი - 37,1. ხუთ აპრილს დილით - 36,6. საღამოთი - 37,2. ექვს აპრილს დილით - 36,2. საღამოთი - 36,3. 7/IV. დ. - 36,4. საღ. - 36,6. 8/IV. დ - 36,5. საღ. - 37. 9/IV. დ. - 36,7. საღ. - 37,2. 10/IV. დ. - 36,6. საღ. - 37,1. 11/IV. დ. - 36,6. საღ. - 36,6. 12/IV. დ. - 36,7. საღ. - 37. 13/IV. დ - 36,9. საღ. - 37,3. 14/IV. დ. - 36,7. საღ. - 37,1. 15/IV. დ. - 36,6. საღ. - 37,2, 16/IV. აპრილი დილით - 36. ამნაირად საღამოობით ტემპერატურა ყოველთვის ან 37 არის, ან აჭარბებს. რაა ამის მიზეზი? მალარია არ არის (მაშინ სიცხე ავიდოდა 38-39-მდე..), შეიძლება იყოს ექიმობით გამოწვეული რეაქცია.
წონა. 3 აპრილს - 83 - 50,0.
ასეთია საერთოდ მდგომარეობა ჩემი ექიმობის. ექიმობა გრძელდება კიდევ ორი კვირით. მთავარია გული, ფეხი, ნერვები. დიაკარბიტი...
სისხლის წნევა. დღეს დილით გასინჯეს სისხლის წნევა, რომელიც სავსებით ნორმალური აღმოჩნდა. ექიმმა მ. წულაძემ სთქვა: ერთი თვე ექიმობის და თქვენი გული ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით [სავსებით] განიკურნებაო! მაგრამ ის ერთი პროცენტი?

16-30 აპრილი.
წყლის აბაზანებს ვიღებდი ყოველდღე, გამოსასვლელ დღეებს გარდა 25 აპრილამდე. სულ პირველი აპრილიდან 20-21 აბაზანა მივიღე.
მასსაჟი ყოველ დღე დღემდე...
იონიუზაციას ყოველ დღე დღემდე.
ნემსებს. ყოველ დღე. დღემდე 16-ჯერ, დღეს კიდევ და იქნება 17 (Aსტონინ).
სიცხე. 16 საღამოთი 36,8...
ამ მხრით მდგომარეობა გამოურკვეველია: ყოველ საღამოთი სიცხე მომატებულია.
წონა. 26/IV - 85 კილო 500 გრ. 29. დაკლებულია.
კვარცის ლამპა (კანისთვის). მივიღე 11-ჯერ. დღეს, 30 აპრილს ვეწერები საავადმყოფოდან, გაცილებით ჯანმრთელი: ფეხის სიმსივნე და ტკივილები თითქმის დაცხრა. ნერვიულობა ნაკლებია. 10-დან - წყალტუბოში.

30/IV - დავამთავრე ნ. ოსტროვსკის წიგნი „Как закалялась сталь“. საჭირო წიგნია. უნდა დავუბრუნო გოკიელს (ერთ იმათგანს, [რომელთაც ჰგონიათ] რომელნიც რომ ჩემი პირველი პერიოდის ლექსების პატრიოტები არიან, ხოლო მეორე პერიოდზე გულახდილად უარს ამბობენ). თაყვანის მცემელია პასტერნაკის. ცოტას ლაპარაკობს მაიაკოვსკიზე. წინად თვითონაც სწერდა ლექსებს: ცოლზე.

შიერი, ავჭალის ბავშთა კოლონიის გამგე, ამბობდა, რომ 1914-დან ჰქონდა უზარმაზარი მუწუკი კისერზე. პროფესორებმა ვერა უშველეს რა. 1928 წელს კი ერთხელ დილით გამოეღვიძა და მუწუკი კი აღარსად იყო. არსებობს სასწაულიო.

*
ოპერა მზადაა: 10 წელი. ლიბრეტო ზღაპრული <...альм>.
1/V-36. კომპოზიტორმა გიორგი სვანიძემ, საბავშო ოპერის „ოქროს თავთავი“-ს ავტორმა, დასწერა სიმფონია, რომლის გამოქვეყნება განზრახული აქვს ამ ზაფხულს.

3-37-37. შალვა გოკიელი. მლეთის ქ. №9.

* * *
17/IV-36.
პაშა ჩახნაშვილი:
ერთმა სომეხმა სოფლელ გლეხს შვილი მოუნათლა.. ის დღე იყო და ის დღე, მუდამ ეს სომეხი ყოველ კვირას ქალაქიდან სოფლად ესტუმრებოდა ხოლმე ნათლიმამას. ცხენს ხურჯინებსა და ტომრებს გადაკიდებდა. როცა სოფლად ჩავიდოდა, გლეხი დიდებულ სუფრასა გაშლიდა, შემწვარი გოჭები, ინდაურები, საუკეთესო ღვინო.
- ეს შენს ასტღიკას გაუმარჯოს.
- ეს შენს შვილს გეურქას.
- ეს ამას, ეს იმას. სულ ცალ-ცალკე სვამდა გლეხი სადღეგრძელოებს. სტუმარიც მადიანად შეექცეოდა მშვენიერ ვახშამს და საუკეთესო ღვინოს ზედი-ზედა სცლიდა. მეორე დღეს დილით სურსათ-სანოვაგით ქალაქისკენ მოდიოდა: თან იბარებდა: "თუ ქალაქისაკენ ფეხი დაგიცდესთ, ისე არა ჰქნათ, რომ არ მინახულოთო". და ყოველ კვირა ასე.
ერთხელ ეს გლეხი შაბიამანის სასყიდლად ქალაქში ჩავიდა. იყიდა შაბიამანი და სოფლისკენ აპირებდა წამოსვლას, რომ ნათლიმამას მოჰკრა თვალი.
- ააჰ, ნათლიმამას გაუმარჯოს, ნათლიმამასა! - გაუხარდა გლეხს..
- ვაჰ, ეს შენა? როდის ჩამოსულხარ... წავიდეთ, თითო არაყი გადავკრათ.
- არ მინდა, ნათლიმამ.. ეს ეს არის ვიარყენით.
- ვაჰ, როგორ შეიძლება, - ძალით წაიყვანა სამიკიტნოში.
- აბა, ერთი სამ-სამ კაპიკიანი არაყი დაგვისხი, - მიმართა სომეხმა.
- სამი კაპიკი რა არის, შაურიანი იყოს, - სთქვა გლეხმა. და ფულიც თვითონ გადაიხადა.
- ეხლა ჩემსა უნდა მოხვიდე სადილადო.
- არა მცალია, ნათლიმამ, შაბიამანი უნდა დროზე წავიღოო.
- აბა, ეგ როგორ იქნებაო! - არ გაუშვა. სახლში კი ცოლთან ერთი გირვანქა ხორცი გაგზავნა და ერთი პატარა ბოთლი ღვინო. დიასახლისმა ამ ხორციდან სუპიც გააკეთა, კატლეტიცა. როდესაც სადილად დასხდენ, სამ კაცს არ ეყო ეს ხორცი, მაგრამ გლეხი როგორ იტყოდა. ღვინოც თითო ჭიქა დალიეს. სომეხმა ერთ ჭიქაში უდღეგრძელა გლეხს: ცოლი, შვილები და ყველა ნათესავები. მერე ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:
- კაპე (აალაგეო).
გლეხი თავის გულს ასკდებოდა და გამოსალმების დროს მაინც უთხრა:
- შემდეგში, როდესაც ჩვენსა წამოხვიდეთ, თქვენი ასტღიკაც თან წამოიყვანეთო.
სომეხმა ერთი კვირის შემდეგ შეკაზმა ცხენი. ძველებურად ცალიერი ხურჯინები და ტომრები წაიღო, ასტღიკაც თან წაიყვანა და ნათლიმამას ეწვია.
გლეხი სადილის სამზადისს შეუდგა. ისეთი ფაცაფუცი გამართა, რომ გეგონებოდათ, მთელი თელეთი სტუმრად სწვევია და პატივისცემისთვის ემზადებაო. სომეხს დილით არა ეჭამა რა და შიმშილი აწუხებდა. აგრეთვე ასტღიკასაც. სადილი კი დიდხანს არა სჩანდა რაღაც. მზე გადიხარა, სადილი მაინც არ არის. შეწუხდა სტუმარი და მისი კნეინა. გლეხი კი ამ დროს თავის ცოლს რაღაცას ეჩურჩულება და არიგებს.. სადილის დრო კარგა გადაცილებული იყო, როცა სუფრა გაიშალა. რა გინდა, რომ სუფრაზე არ გამოჩნდა: გოჭი, ინდაურები, ქათმები. სომეხს დანა არა ჰქონდა, რომ თავისთვის მოეჭრა, მაგრამ გლეხი ნამცეცებს აწვდის ხოლმე. შიმშილისაგან ნერწყვმორეული სომეხი და მისი ასტღიკა კინაღამ გაგიჟდენ. მაშინ გლეხი მიუბრუნდა თავის ცოლს და მიმართა:
- კაპე (აალაგეო). სასწრაფოდ აალაგა ცოლმა.
გლეხმა ჭიქა აიღო და დაილოცა. ერთ ჭიქაში ადღეგრძელა მთელი სომხეთი და მერე ცოლს მიმართა.
- კაპე! (აალაგეო). ცოლმაც სასწრაფოდ აალაგა ღვინო.
- ვაჰ, - გაცეცხლდა სომეხი, - მშივრები ვართ, ეგ რა ამბავიაო?
- რა ამბავიაო? - შეუტია გლეხმა, - შე ჩემანალა, სად გაგონილა, შენსას „კაპე“ და ჩემსას „ყლაპე“? ეს რომელ კანონში სწერიაო.
სომეხს გული მოუვიდა. გლეხმა სახრე გადმოიღო და სულ წაწკანი დააწყებინა. გაჰყარა სომეხი და მისი ასტღიკა...
- ჩემსას კაპე, და შენსას ყლაპე - ეგ სად გაგონილაო.

„ღვინოს როგორ დავიწუნებ,
ჩვენი ზიარებაო,
ზოგჯერ ძალით გვასმევენ
ზოგჯერ გვენატრებაო“.

ანდრე მალრო
პარიზ[ში] [მუდამ მსოფლიო განთქმის] [ქვეყნად სახელის დიდის]
მაძიებელთა იყო ბანაკი.
მალრო კი დაგვხვდა, [როგორც] ნამდვილი ფრანგი,
მოძმე, პოეტი და ამხანაგი.

* * *
პარიზში - მუდამ რეკავდა ჩანგი.
იგი ბოგემის იყო ბანაკი.
[ჩვენ დაგვხვდა] გვიყვარდა მალრო, [ნამდვილი] პოეტი ფრანგი,
[მოძმე, პოეტი] თანამებრძოლი და ამხანაგი.

*
საპარიკმახერო „ჰიგიენა“.
სევასტოპოლი შორსაა - ამიტომ კარგია.
სევასტოპოლი არასგზით არ ვარგა.

პ. ჩახნ.
ჰიმნასტიკა მუტრუკზე - არჩენს წელის ტკივილს - ქიზიყელის აზრით.

„მუშაში“, 27/IV-36, თავდაცვით ამბებში მეც ვარ გამოცხადებული. ეს ჩაჩიბაია თავს იგდებს.

*
„პარიზის კონგრესის დეკადა“ ანუ „დეკადა უცხოეთის თანამედროვე მწერლობის“:
ლეო ქიაჩელი, გიორგი ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ვასო გორგაძე, ალი არსენიშვილი, კ. ჭიჭინაძე, პ. პეტრენკო.

* * *
17/IV-36.
შავლეიშვილი:
ერთი კაცი კაკალსა რეკავდა. მეორე გლეხმა გამოიარა და ქვევიდან ახარა:
- ვაჟი შეგეძინაო...
- რაო, რაო, - გახარებულმა დაიძახა კაკლიდან.
- ვაჟი შეგეძინა, ვაჟი.
სიხარულისგან თავბრუდახვეულმა ხელი უშვა ჭოკს, ხვანჯარი გაიხსნა და თავის ფალოსს საკოცნელად დასწვდა:
- შენ კი გენაცვალე, შენ რომ არ მყოლოდი, ხომ არ მეყოლებოდა ვაჟიო...
ცოტა აკლდა კინაღამ კაკლიდან ძირს არ ჩამოვარდა.

* * *
შავლეიშვილი:
მეორე გლეხს გუთანი ება და ხნავდა. გამვლელმა უთხრა:
- ვაჟი შეგეძინაო! (აქ უნდა ჩაემატოს).
- ჰიი-ჰოო. შეაჩერა გლეხმა გუთანში გაბმული ხარები...
- აბა, სამახარობლოდ, ამ ორ ხარში ერთი აირჩიე, რომელიც გესურვოსო.
- ხარი რად მინდა, თუ დამცინიო, - უთხრა მახარობელმა.
- მა, შე კაი კაცო, განა მე არ ვიცოდი, რომ ან ვაჟი მეყოლებოდა ან ქალიო?

- შენი ცოლი ლოგინში დაწვაო.
- მერე რა, შე კაცო, ჩემი ცოლი ხან ლოგინში წევს, ხან ზეზე დადის.
- არა, მე მინდა გითხრა, რომ ვაჟი შეგეძინაო...

* * *
შავლეიშვილი:
- რაც თხამ თრიმლს უყო, თრიმლმა ის თხას უყო. ე. ი.
- თხამ თრიმლი შესჭამა.
- თრიმლი თხის ტყავს ამუშავებს.
ეგრე ნიკოლოზ მეორეც: რაც მან ხალხს დამართა, ხალხმაც მას ის დამართა.

ფიზიო-ტერაპევტიული ინსტიტუტი. ლენინის ქ., 1936.
[ექიმები:] ვლადიმერ ჯაველიძე, ნათელა ხუციშვილი, მარგო წულაძე, ფატმა თავამაიშვილი, მარო ზიმინა, თინა ამირაჯიბი-ჩაჩიბაიასი, ნინა ცაგარელი, ვენერა დოლიძე, დ. წითლანაძე, მარო პარკაძე, ნინა ზიმინა, ვლადიმერ ჯაველიძე, Павленко, გიორგი, გიგო სავანელი.. საშუა ჩაჩანიძე, ს. შავლეიშვილი, ლაურა დადუნაშვილი, რუხაძე, ბერია, ალანია, ენგელოვი, ზეფირა, ვაწაძე, ქსენია, მახათაძე, Михаил Иванович, პავლე.

*
ტინი - სალი კლდე. დიდი.
- მაღლიდან რომ დახედავ, ისეთი ციცაბოა, რომ გულში გაგიელვებს.
მაჟალო - ტყის მჟავე ვაშლი.
პანტა. შვინდა. ბია-კომში.
ტყეში შეიძლება თავი ირჩინოს კაცმა.

*
ახერხებენ ხომ ქალები - ისაუზმონ, ჩაი სვან, ლიმონადი და ტკბილეობა მიირთვან შეღებილი ტუჩებით, ახერხებენ ხომ იბანონ დახუჭუჭებული თმით.
შეღებილი ტუჩებით საუზმე ილიუზიას ბადებს, რომ, საზოგადოდ, თითქო ცოტასა სჭამენ, მაშინ როდესაც ამნაირი ქცევით მთელს ინდაურსა შესჭამენ ხოლმე.

*
ბრმა ღობეს მიადგა. სადღა უნდა წავიდეს. რაღა ჰქნას: ღობევ, შენს იქით გზა არა მაქვსო!.
ასი წლის კაცი მინახავს,
თმაში თეთრი არ რევია.

- აბა, გაიქე, - მეტყოდა პაპა და გამომეკიდებოდა.
- აბა, ეხლა შენ გაიქე, - ეტყოდა ძმას. გვჯობნიდა განა!

- ღვინოს როცა სვამ, პირველ რიგში - კარგია, ტკბილი მუსაიფი იწყება: ბებიაშენი ბაბუაჩემის ნათესავიაო, ბიძაშენი, მამაშენი და სხვ. და სხვ.. მეორე რიგში - იბადება პახონდრია რამე; მესამეში - ჩხუბი, აყალ-მაყალი. სოფლებში მაინც დიდი ჩხუბი იციან, კეტებით, ხანჯლებით, ორ-ორი, სამ-სამი.

მოედანი და მონუმენტი.
D’Альмера - Маркиз де Сад. წავიკითხე 14/IV-36.

- ხშირად მინატრია: ნეტავი სიცხე მომცეს, და დიდი ხნით ჩამაწვინოს!

- ნელ-ნელაობით გადავიხდი. ნიავის ნელნელაობა.

- აიყარა, აი, ჯანღი (ნისლი, ბურუსი).

- დღევანდელი მანეთი განა მანეთია? მანეთად იღებ და სამ კაპიკად, შაურად იხარჯება.

ვასიკო კაპანაძე - ავადაა მიაკარდიტით:
რამდენსა ვსამდი, რამდენსა არაყს ჩაის ჭიქებით.

19/IV-36.
ვ. დ.:
- რასა ჰგავს ტფილისი ეხლა?
- ცას, გადმობრუნებულ ცას.
ალია ჩეჩელაშვილი თურმე ავად გახდა, როცა მთაწმინდაზე ცხოვრობდა, წყალსადენის ახლოს. დედამისს რომ ეს ამბავი გაეგო, სოფლიდან იმ წამსვე წამოსულიყო. თავდადებით უვლიდა, თითქმის მოარჩინა, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად იყო, რომ დედამისს უთხრა: სახლი მიგიტოვებია, მე კი ეხლა სულ კარგადა ვარო. წადი ბარემ სახლშიო. ძალიან ვწუხვარ, სადგურამდე რომ ვერ მიგაცილებო.
- გაცილება რად მინდა. მეც კი გავიგნებ გზას სადგურისკენო... გამოემშვიდობა შვილს და გაუდგა გზას!. საღამო ხანია. არ გასულა ათი წამი, რომ ისევ სახლში შემობრუნდა შვილთან.
- რა იყო, ნენაო, რაზე დაბრუნდი?
- ვერ წავალ, ნენა. მეშინია. როგორცა სჩანს, ცაი გადმობრუნებულა, ჩამოცოცებულა ძირს, რაც კი ზევით ვარსკვლავები იყო, ყველა აგერ ყრიაო.

- აი, ფოკუსი. აიღეთ ეს ორკაპიკიანი, რომელსაც ფინჯანი ახურავს ისე, რომ ფინჯანს ხელი არ ახლოთ.

19/IV.
თინა ჰყვება თავის წინანდელი ავადმყოფობის ამბავს: საშინლად გავხდი, ჩონჩხიღა დავრჩი, მარტო ძვალი და ტყავი ვიყავი. ექიმებმა ვერა მიშველეს რა და ბოლოს მითხრეს: წადი სოფლად, დაისვენე, თან ეს წამლებიც თან წაიღეო. როდესაც სოფელში ჩავედი, იქ 105 წლის ბებიაჩემი შეწუხდა, ასეთნაირად რამ მოგაქციაო. წამლები სულ გადაყარა. მეორე დილით ადრე მოვიდა და მითხრა: თვალი დახუჭე, რაც დაგალევინო, უნდა დალიოო. მეც თვალდახუჭულმა დავლიე: რაღაცა მემწუთხა. მესამე და მეოთხე დილასაც ასე. ცოტა გამოვკეთდი. მალე სულ კარგად შევიქენი. ის წამალი კი თურმე, რომ მასმევდა, ჩემი პატარა შვილის შარდი იყო.

19/IV.
თინა ჩაჩიბაიამ ამ რამდენიმე დღის წინად კარტით ურჩია რამდენიმე ავადმყოფს მათი ახლო მომავალი. მარო ზამბახიძეს: ამ მოკლე ხანში ახლობელი მოგიკვდებაო. ვენერა დოლიძეს: ამ მოკლე ხანში რაიმე საფასურს დაკარგავო. პავლე ჩახნაშვილს: ფულის საკითხებში შენი ამხანაგები ერევიან და კარგს საქმეს არ გიმზადებენო.
ყოველივე ეს დღეს ასრულდა.
მარო ზამბახიძე კიბეზე ჩუმად სტიროდა. როდესაც ჰკითხეს, უპასუხა, რომ ეს ეს არის შეატყობინეს საყვარელი ბიძაშვილის სიკვდილი.
ვენერა დოლიძე შეწუხებულია: ორი დღის წინად მისი ბინა გაუქურდავთ გრიბოედოვის ქუჩაზე და ყველაფერი წაუღიათ.
პავლე ჩახნაშვილი შეწუხებული დაბრუნდა საავადმყოფოში: ამხანაგებს ჩემი ფული მართებდათ და აღარ მაძლევენ: შენზე ძველი ვალებიაო.

19/IV-36.
ვენერა როდესაც სოფელში ჩავიდა, ინიციატივა გამოიჩინა. ცოცხლად შეუდგა რეორგანიზაციის საკითხებს: როცა ძროხა ხბოს ბადებდა, ხბოს გამოსვლა არ აცალა, ხბოს გამოთრევა დაუპირა, რისთვისაც ძროხამ კინაღამ რქით არ დააშავა. შემდეგ: გაეგონა, რომ ბოსტანს ბალახებისგან გარჩევა უნდა. იგი შეუდგა გაწმენდას და პიმპილი ამოყარა, რადგან ბალახი ეგონა. ყველა გააოცა. ამის გამო ვენერას სოფლად ვერანა დაარქვეს.

*
ნავთი - ანკარა - ისეთი როგორც ლილა.

ახალი ქალამანი გამოიგონეს - თუ კი ავტომობილი და ჰაეროპლანი გამოიგონეს - ქალამანი რაღაა.
რუმბეული ქალამანი - უკეთესია. ღვინითა ან არყით გაჟღენთილი. რუმბისათვის ჩვენი ხარი არ გამოდგება. ციმპირიდანაა..

კაზაკები სულ აყარეს, ეხლა იქ სულ სხვა ხალხია.

19/IV-36.
მოხუცი.
მოხუცი ექიმებს ყველას შარლატანებს უწოდებს.. რა იციან მაგათა? მე ფეხი მტკივა და იღლიას კი მიშინჯამენ რაღაცა ჩხირითაო (ტერმომეტრით). ამ დროს შემოდის ექიმი.
- როგორა ხარ, ოსტატო.
- ვინა, მეე?
- ჰო, შენა. მოგეშვა თუ არა ცოტაოდნათ ფეხის ტკივილი. სიცხე გაქვს თუ არა?
- ვისა, მეე?
- ჰო, შენაა, სწორედ შენ...
- არაფერიც არ მომეშვა, ისევე მტკივა ფეხი!
- როგორა ხარ...
- ჰო, გმადლობთ. და სხვ...

19/IV-36.
ამბავი მასაჟისტკის ოთახში:
ჭიათურის რაიონში 1930-31 წ.წ. გლეხებში მოძრაობა შეიქნა. მოძრაობას ხელმძღვანელობდა ვინმე მახათაძე, რომელსაც სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ასე თუ ისე მცოდნე კაცი იყო. მას მხარში უდგა ერთი სემინარიელი, რომელმაც კარგად იცოდა თათრული ენა, იყო სამხედრო სამსახურში ნამყოფი. პროკლამაციებს ასე აწერდენ ხელს: "საქართველოს გლეხთა განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე - მახათაძე. მდივანი (სემინარიელი)". პროკლამაციებში მოწოდება იყო შეიარაღებული გამოსვლებისკენ.. კოლეკტივიზაციის პირველ ხანაში გლეხების უმრავლესობა მათ მიემხრო. გავიდნენ ტყეში, შეიარაღებულნი. პროკლამაციები დაბეჭდილნი იყვენ. აგრეთვე ლოზუნგებიც: ძირს საქართველოს დამღუპველი კომუნისტები და სხვ.
აქედან ჩასულნი ურუშაძე და სხვ... თურმე სულ კბილებს აკრაჭუნებდენ: - შეხედეთ ამ ხუცებსო. თურმე 4 მღვდელიც ერია ამ საქმეში. სტალინი ამ დროს წყალტუბოში ყოფილა და ეს ამბავი რომ გაუგია, სასწრაფოდ დაუბარებია პასუხისმგებელი ამხანაგები. ძალიან შეუხურებიაო: ეს როგორ მოხდაო, რომ მთელი რიგი კომუნისტებისა აჯანყებულებში მოხვდა, მათ მხარეზე გადავიდაო. რაღას იტყოდენ? მგონია კახიანსაც (?) მოხვდა მაშინ, და რომ მოხსნეს და გადაიყვანეს, ამ ამბავმაც ითამაშა ერთგვარი როლი. მართლაც, მთელი რიგი პარტიულებისა თურმე ემხრობოდენ მახათაძეს.
როდესაც რუსის ჯარი ჩავიდა და ხალხი დამშვიდდა, ბევრი შეურიგდა მთავრობას, მაგრამ მაინც ბევრი დახვრიტეს, მახათაძე საზღვარ გარედ გაიქცა. მხოლოდ ორმა კაცმა მოახერხა საზღვარგარედ გაქცევა. იწერებოდა, ძალიან გვიჭირსო. ცოლი აქ დასტოვა. შვილი არა ჰყავს: რას დავეძებო, - ამბობდა, - ცოლს სხვასაც ვიშოვიო.
- თქვენ, ყმაწვილო, - უთხრა ამ ამბავის მომყოლს მასსაჟისტკამ, - ცოტა გვიან უნდა მოხვიდეთ.
- მე რიგს გარეშე მაქვს უფლება. სტახანოველი ვარ.
- კოოპერატივში ხომ რიგში სდგებითო? და სხვ. და სხვ. (ფიფია?).

* * *
20/IV-36.
ვ.დ.:
ალია ერთ დაწესებულებაში შეხვდა კაცს, რომელმაც რუსულად დაუწყო ლაპარაკი, ალიმაც რუსულად უპასუხა, დამტვრეულად, რა თქმა უნდა. რუსულად მოლაპარაკე აღარ მოეშვა ალიას. აალაპარაკა ალია და მთელი ორი საათი (მეტიც) სულ რუსულ საუბარში გაერთვნენ. ალია [იტან.] მედგრად უპასუხებდა რუსულად ყველაფერს.
უეცრად ტელეფონით დაელაპარაკნენ ამ მოსაუბრეს.
- გისმენთ, - ქართულად უპასუხა მოსაუბრემ და მთელი საუბარი ქართულად ჩაატარა. როცა გაათავა, ალიამ მიმართა:
- კაცო, ქართველი ხარ? რატომ რუსულად მელაპარაკებოდი.
- რა ვიცოდი, რომ ქართველი იყავიო.
- შე ოჯახქორო, რა დიდი გაგება უნდოდა, ჩემი რუსულით რომ კედლებმა რყევა დაიწყეს, ეგ როგორ ვერ შეამჩნიეო.

20/IV.
ვ.დ.:
ალია ჩეჩელაშვილს საკონდიტეროში ნამცხვარი მიუტანეს სახელად "ნაპოლეონი". ალიამ მიირთვა ნამცხვარი, მაგრამ არ მოეწონა და ოფიციანტს წასვლისას დაუბარა:
- მეორედ რომ მოვიდე, უსათუოდ კუტუზოვი დამახვედრეო.

ჩურჩხელასავით კუპრში ამოვლებული.
მავანი კაცი, მავან ადგილას (ესა და ეს კაცი, ამა და ამ ადგილას).

22/IV-36.

* * *
დღეებს დღე ცვლის, წუთებს წუთი
სამატი და საკლები.
და მიჯნაა: ხუთით ხუთი -
არც მეტი, არც ნაკლები.

უცებ ჩემი სჯობნის ლექსი,
აღმავალი დიდება.
ხუთით ექვსი, ხუთით ექვსი,
მაგრამ არ დამშვიდება.

სახეებზე ჰკრთება ლანდი,
თითქო ზაფრამ დაჰქარა,
[სჩანს] სჩქეფს მრავალი ბრილიანტი,
ცეცხლოვანი ბაქქარა.

23/IV-36.
ექ. გოკიელის ნაამბობი:
საუბარი ექიმების შარლატანობაზე ჩამოვარდა. თურმე ერთი ახალგაზრდა ექიმი რაიონში მიავლინეს - წასვლისას მან თან წაიღო: ჯიბის ელექტრონის ფანარი და ტფილისის საავადმყოფოდან რაღაცნაირად მოპოებული რენტგენის ფოტოსურათები.. ჯიბის ფანარით [რაღაც] ავადმყოფებს აშუქებდა თითქო, და შემდეგ რენტგენის სურათებს უჩვენებდა: ამა და ამ ადგილას არის შენი სატკივარიო. პაციენტები ენდობოდენ და ამ გვარად ექიმი გამდიდრდა.
მეორე ექიმი საპატიმროს საავადმყოფოში მსახურებდა. ერთს ბანდიტს სიკვდილით დასჯა ელოდა, მაგრამ ნათესავები მოსკოვში აკეთებდენ საქმეს, ხოლო საქმის კეთილად დაგვირგვინებისათვის კი მთელი თვე იყო საჭირო. როგორმე ერთი თვე არ უნდა დაესაჯათ ბანდიტი. ნათესავებმა ექიმს მიმართეს. მან უთხრა, გიშველითო, თუ 20.000 მანეთს მომცემთო. მისცეს. ექიმმა საავადმყოფოში გადიყვანა ბანდიტი. გამოაცხადა, რომ მუცლის ტიფი აქვსო. სიცხის ბიულეტენს თვითონ ადგენდა. გადაარჩინა ბანდიტი, ბოლოს გაუგეს. მან ნათესავებს შეუთვალა:
- თუ გკითხონ, უთხარით, რომ 10.000 ციხის ზედამხედველმა წაიღო თქო...

23/IV.
ვენერა დოლიძის ამბავი:
გურულმა მეგრელი სადილად მიიპატიჟა სახლში: „კვირას უსათუოდ მოდი სადილად, მეგრელო“.
მეგრელი რომ მივიდა, ეზოში ბაწარზე დაბმული ძაღლი დაინახა და თამამად გასწია სახლისაკენ. მაგრამ ძაღლი გააფთრდა, აიწყვიტა და მეგრელისაკენ შურდულივით გაქანდა. მეგრელი ქვას დასწვდა, მაგრამ ქვა მიწიდან ვერ ამოიღო და გამწარებით წამოიძახა:
- გურულო, შეგარცხვინა ღმერთმა! ეგ რა გიქნია, ძაღლი აგიშვია და ქვა კი დაგიბამსო.

23/IV.
ორი კალამი: ბატის ფრთისა და ავტომატიური (ტემა ლექსისთვის).
„პრობლემა კურორტების სინტეტიურად გამოყენების“.

მისამართ. ქ. სოხ. შავლეიშვილი.
გულრიპში [აფხაზეთის სს.] (სუხუმის რაიონი).
გულრიპში[ს] [სანატორია]. ალექსანდრე პლატონის ძე ბუკშ. 350.

ოი, დიპოს. სოფოკლი. ტრაგედიები.
ოიდიპოს. Софокл. Трагедии.

23/IV-36.
ოლიას აქვს - ჩემგან მიცემული:
1 აპრილს - 30 მან.
5 აპრილს პენსია - 250 მან.
6 აპრილს დამატ. - 280 მან.
10 აპრილს ჰონორარი „Заря Востока“ - 100 მან.
სულ - 660 მან.

25/IV-36.
25 აპრილს სახელგამიდან ოლიამ მიიღო - 200 მან.
სულ - 860.
20 მანეთი უკანასკნელი (25/IV) ორასიდან დამიტოვა ოლიამ საავადმყოფოში.

* * *
23/IV-36.
ეხლა ჩემი გართობაა რგოლი, რომელიც ბოჩკიდან არის მოხსნილი. როცა გააგორებ, იგი ქანაობს ისე, როგორც მთვრალი, სახლისკენ მიმავალი. მიდის და მიქანაობს. ბოლოს ძალა ეცლება, დაეცემა, მაგრამ ისევ წამოდგება, კიდევ დაეცემა, კიდევ წამოდგება. და ბოლოს ერთ ზღართანს მოადენს, ისეთს, რომლის შემდეგაც ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია ყოვლად. და დევს, საწყალი. და გდია ისე, როგორც მკვდარი.

23/IV.
აბაზანაში:
- Александр Сергеевич, клянусь, я в первый раз в жизни ничего не понимаю.
- По какому предмету?
- По диамату...
- Наверно, преподаватель не из важных.

ციფრი - 9.
1. პირველად აუცილებლად მე უნდა დავსწერო 4 ციფრი. პირველი სამი ციფრი უცვლელად გადადის, უკანასკნელ - მეოთხეს აკლდება 2. ეს 2 ისმევა სამი ციფრის წინ. გამოკლებული ციფრის ნაშთი რჩება ადგილას.

გიგო სავანელი:
2. აი უზალთუნი: დააფარეთ რაიმე და აიღეთ ისე, რომ ხელი არ ახლოთ იმ ნივთს, რომელიც უზალთუნს ფარავს.

ჯარი, მტკვარი, ცვარი.

*
ახალგაზრდა ქალი ღეჭავს და ისე სჭამს ნახშირის ტაბლეტკებს.. კუჭნაწლავებიან ავადმყოფს გაზები უგროვდება და აწვალებს.. ნახშირი კი აქარწყლებს - ისვამს...

- სიდან სადაო? ის კოჯორია, ეს ტაბახმელა.

საუბარი „კონჩინის“ თამაშის დროს.
საუბარი „პალატკაში“.
საუბარი დილის ჩაიზე.

*
9 საათამდე - ვენერა ხელსაქმეზეა, აბრეშუმზე. მარტა ფანჯარასთან თბება. დიაბედიჩკა პაპიროსსა სწევს.. ჩემპიონები დომინოს თამაშობენ. გიგანტი დადის დიდის ტანით. ჩახმახჩევი ვართაპეტოვის წიგნს კითხულობს. სანიტრებს ავადმყოფები მიჰყავთ. თანდათან გროვდებიან ექიმები.

*
„როდესაც მარიამ ანტუანეტეს უთხრეს, რომ საფრანგეთის ხალხი დამშეულია და პურს მოკლებული, მან უპასუხა: მაშინ, დეე, მან სჭამოს პიროჟნი“. პინნებეკერი ფიქრობს, რომ ამერიკის გზებზე „ძლიერ მეტია პიროჟნი, და მეტად ნაკლები პური“. ზოგ რაიონში გადამეტებითაა ნაგები მშვენიერი გზები, მაშინ, როდესაც 6 მილიონი ფერმერი მოკლებულია კარგი გზებით მიმოსვლასო.

*
ხმაურობს დოსტი,
როგორც ნორდოსტი.

ქარია, კი არ არი კარგი დარი ჯერ.
მაგრამ.
რა მშვენიერ დღეს აფუჭებს ქარი.
„Ни мясо? ни рыба“ - არც ხორცია, არც თევზი.. არც ის, არც ეს... რაღაც საშუალო.
- ისე გავხდი, როგორც კალია (похудел).

24/IV-36.
ბანქო
(გიგო სავანელი)
1. აიღებ მთლიან კარტს. ერთს ნაწილს გაყოფ სამად და გაიგებ, სულ რამდენს შეადგენს სამი ძირი კარტი: თვითეულს პირველს ამ სამისას, მაგალითად, ცხრიანს ეთვლება შემდეგი რიცხვი ცამეტამდე; რაც კარტი მორჩება, ითვლით, გამოაკლებთ ათს და მიიღებთ იმდენ კარტს, რამდენიც ძირს დალაგებულ კარტებშია, მაგ. 7+3+6=16. მიიღებთ თექვსმეტს.
2. აიღებთ კარტს და გადააწყობთ 1-დან 12-მდე (მეთერთმეტე სალდათი, მეთორმეტე ქალი). მეორე გულში გაიფიქრებს რომელიმე კარტს, მაგალითად, ათიანს. თქვენ ეუბნებით: მე ვთვლი 21-მდე. თქვენ თქვენი კარტიდან გულში მოთვალეთ და როცა 21 მივაღწიო, შემაჩერეთ. [თქვენ იწყებთ] მეორე იწყებს: 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21. სტოპ. მაგრამ თქვენ ითვლით ცხრიდან. ცხრიდან პირდაპირ მიჰყვებით: ქალი, სალდათი, 10-იანი - მესამე კარტი. პირველი რვა არ ითვლება.
3. გაიფიქრეთ რომელიმე კარტი, გამოიყვანეთ, მაგალითად, 9 - მე კი ძალიან ვიმახსოვნებ მთელი კარტის ბოლოს, [თქვენს 9] იგი ტუზია. მის წინ მე ვდებ თქვენს ცხრიანს.. მოსაჩვენებლად ავჭრი მთელ კარტს. შემდეგ დავითვლი: უსათუოდ ტუზის წინ ცხრიანი იქნება...

ვენერა დოლიძე:
ერთ მუხას 10 შტო ჰქონდა, ყოველ შტოს 7-7 შტო, და ა. შ. თითო შტოს ება 3 ვაშლი. რამდენი ვაშლი იყო სულ?
მუხას ვაშლი არ აბია. 10 შტო, 5, 7, 4, 3.

ტფილისიდან ბათუმამდე ჰაეროპლანი გადაფრინდა 1 საათსა 20 წუთში - გამობრუნებისას კი მოუნდა 80 წუთი. რატომ დააგვიანდა ჰაეროპლანს?

25/IV.
საშუა - იოსები.
მას ძალიან რცხვენოდა თავისი ყალიონის. მაგრამ ვერ ითმენდა და მუდამა სწევდა: ოთახი მუდამ გაბურული იყო კვამლით. შემოვიდოდა ამ დროს ექიმი.
- ნუ სწევთ აქ ყალიონს, ოსტატო, აივანზე გადით და იქ მოსწიეთ.
- იქ კიდენ მრცხვენია: [სუნი] [კვამლი] ბოლი დგება.
ერთხელ ყალიონის წმენდის დროს ჩიბუხის მილში ასანთი ჩაუტყდა და ვეღარ გამოიღო. გვეგონა, ეხლა კი მოვისვენეთ: ყალიონს ვეღარა მოსწევს.
მაგრამ მოხუცი ძალიან სწუხდა, თუმცა არ იმჩნევდა უყალიონობას.
შემდეგ გიგო სავანელმა ყალიონი სამზარეულოში წაიღო, იქ რაღაც სინა გააჩინა და ყალიონი, საღ-სალამათი ყალიონი მოხუცს მოუტანა.
- აი, ოსტატო, შენი ყალიონი.
მოხუცს სახე გაუბრწყინდა. ძალიან გაუხარდა ყალიონი. "გაცოცხლოს, ჩემო გიგო". თამბაქოთი გასტენა და კმაყოფილებით გააბოლა. თან დაუმატა:
- ყალიონი მეორეცა მაქვს, განა! სულ ვერცხლითაა შემკული. გრძელია და ჯიბით ვერ ვატარებ.
- აქედან გუმაბრამდე სულ ორბელიანებისა იყო, - უჩვენებდა მოხუცი აივნიდან ტფილისს. თან ყალიონს აბოლებდა.
შემდეგ კბილი ატკივდა, მონახა თვითონ ძაფი, ჩააბა კბილს და ერთი წამის განმავლობაში ამოიგლიჯა.
- ძველად სად იყვნენ კბილის ექიმები, სულ ჩვენ თვითონ ვიღებდით კბილებს.
აივანზე ამაყად გაიარ-გამოიარა ჯოხით.
- პოლკონიკსა არა ჰგავ! - სიცილით ჩაილაპარაკა იმპერიალისტურ ომში და ავსტრიაში ტყვედ ნამყოფმა შაქრო შავლიშვილმა.
მართლაც, მოხუცი წელგამართული დადის, ატარებს ფართო ჩაშვებულ შალვარს, ძველებურ „კიზიროკიან“ ლურჯ მაუდის ქუდს, ფართო პალტოს და როდესაც ასე მორთული დილით გამოვა, პირის საბანიდან ბრუნდება, ყველას ასე ესალმება:
- გამარჯობათ, აქეთ-იქით გამარჯობა.
შემდეგ ჩაჯდება და ასე დაიწყებს:
- ესე სამოცისა თუ სამოცდახუთის წლის წინად... იქ სუ ტიალი მინდვრები იყო, რკინისგზის გადაღმა, ერთი სახლიც კი არ იდგა. წყნეთელები ჩამოდიოდენ სოფლიდანა და სამუშაო მიწები აქა ჰქონდათ და სხვ...
უყვარს ღვინო.
- ჩემი ხაშხაში ეს, ეს არის.
სადილის დროს ნელა ღიღინებს:
ავანთოთ შუშის ფანარი, მოვნახოთ ღვინის მარანი.
დავლიოთ სავსე ჭიქები, შევიქნეთ რაზბონიკები.
ან:
ერთი სტაქანი, ერთიც შუშა,
ძირს ნიკოლოზ, მაღლა მუშა.
ან:
ჩვენთვის მაშინ გათენდება -
როცა მაისი დადგება. და სხვ...
როცა ურჩევენ, რომ ქალებში გაერთოს, ის დინჯათ:
- ჰო, ჭკუასთან ახლოსაა.

25/IV-36.
- რა არის თქვენი პროფესია?
- ვენახზე ვმუშაობ.
- კახელი ხართ?
- კახელი გახლავართ.

სერგო კლდიაშვილი „სურამის ციხეს“ ესხმის თავს: ეს ნაწარმოები არ მომწონსო. სულელი! „სურამის ციხე“-ში არის ისეთი ექსპრესიით დაწერილი ადგილები, რაც კლდიაშვილებს სიზმრადაც არ მოელანდებათ.

„აბა, მაშინ უნდა მნახო“ - საერთოდ მე-19 საუკუნის ლექსებში არის ძლიერი ადგილები, პირდაპირ შედევრებათ რომ გამოდგება პროზისათვის.

გაბზარული გული? გული.

ვერის დაღმართზე ყოფილა კაცი, 130 წლის. როცა მივიდნენ, სახურავს უკეთებდა რემონტს. ახსოვს, პირველად რომ რკინისგზა მოვიდა ტფილისში.
ტემა: „ასის წლისანი, რომელთაც მე შევხვედრივარ“.

- წავიდეთ! გორგოლა ვაგორაოთ.

26/IV-36.
გურული:
სომეხი ქართველს სახლში მიუხტა და რადგან ოჯახის პატრონი სახლში არ იყო, ცოლი გააუპატიურა. „მაგრე არ უნდაო“. წაიღო ქალაქში შეშა გასასყიდად: გააჩერა სწორედ სომეხის სახლის კარებთან: რა ღირს შეშა? ფულად არ ვყიდი, ქალად ვყიდი, ერთ ღამეს ქალი ვინც დარჩება ჩემთან, შეშაც მისია, ურემიც, ხარებიცო. სომეხი ცოლს იყოლიებს. ქართველი თითქო ჯერ ვერ ნახულობს.. შემდეგ ურჩევენ. როდესაც გამოიღებს, შეიცხადებს: მიშველეთ, მიშველეთ, ამ ქალმა ცუდი სენი დამმართა, აწი რაღა მეშველებაო. და ტიროდა. შეეშინდათ სომხებს. ქვეყანა გაიგებს, თავი მოგვეჭრებაო: მისცეს მისი შეშა, ურემი, ხარი და ასი თუმანი ფული, ოღონდ ნუ იყვირებ, ოღონდ თავს ნუ მოგვჭრიო და რაც გინდა, ის წაიღეო, ასე გადაუხადა სომეხს ქართველმა.

აქ გურული ჰყვება: გურულისა და მეგრელის გადამახინჯებულ ამბავს „კარტიჭკობისას“, რომელიც სერგია ერისთავის ოხუნჯობას გვაგონებს.

26/IV.
ჰყვება გურული მძარცველი მიკიტანის და სამი ძმის ამბავს: სამნი ძმანი იყვნენ. ერთი ქალაქში გაემგზავრა, შემოღამდა და გზად მიკიტნის დუქანში შევიდა ღამის გასათევადა. მიკიტანმა უთხრა: ასი მანეთი ნიძლევი, თუ ამეღამ ფაღარათი არ დაგემართოს და ყველაფერი არ წაპილწოვო. პირველ ძმას გაეცინა. კარგი, ასი მანეთი იყოსო. შუაღამისას მუცლის ტკივილი აუვარდა. ყველაფერი წაპილწა... წააგო ასი მანეთი.
ამნაირადვე წააგო მიკიტანთან ასი მანეთი მეორე ძმამ, რომელიც ქალაქში მიდიოდა და მიკიტანთან ღამე გაათია.
მესამე ძმამ იფიქრა, აბა, თუ მე მაგას სეირი არ ვუყოვო. დაენიძლავა 600 მანეთზე.
შუაღამისას სასტიკი მუცლის ტკივილი აუვარდა. რაღა ჰქნას? კედელზე ჩექმები ჰკიდია და შიგ უშვა, ჯერ ერთში, შემდეგ მეორეში, არ ეყო. იქვე დიდი დოქი იდგა და შიგ უშვა. და დაწვა; მოიგო ექვსასი მანეთი. შეჯდა ცხენზე და წავიდა. მათრახი კი დავიწყებოდა. დაბრუნდა, შევიდა მიკიტანთან. მის ცოლს ეუბნებოდა: ჩაიხადე, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. ცოლი არ თანხმდებოდა. მაშინ მიკიტანმა ჩუმად მეორე ოთახიდან გამოსძახა: მიეციო (ეგონა, მათრახზე იყო საუბარი). ცოლმა ჩაიხადა და დანებდა. შემდეგ მესამე ძმა მოაჯდა ცხენს, დაჰკრა მათრახი და გაქუსლა. როდესაც მიკიტანი შემოვიდა, ქალმა უსაყვედურა: ეგ რა ჰქენი? ექვსასი მანეთი მიეცი, მათრახი და ცხენი, მეც ხომ გამაუპატიურაო?
- რაო? - აღრიალდა მიკიტანი.
- განა შენ თვით არ დამიძახე „მიეციო“?
მიკიტანმა თავში ხელი შემოიკრა. მერე გაბრაზებულმა: აბა, მე იმან დამაცადოსო, თუ რა ვუყოვო. სადაა ჩემი ჩექმებიო. ჩაჰყო შიგ ფეხი, ჰეიო, იყვირა. ქალო, პირი დამაბანიეო. მოკიდა ხელი დოქს, ჰეიო, იყვირა!! მერე დაჯდა და მწარედ დაფიქრდა.

კახელის ზღაპარი:
თეთრი ჩოხა, თეთრი ცხენი, თეთრი ჩაბალახი.
წითელი ცხენი, წითელი ჩოხა, წითელი ჩაბალახი. და სხვ.

26/IV-36.
ეხლა ჰყვება ამბავს გურული: „იყო ორი ძმა, შალიკო და ზალიკო. ცხოვრობდენ ერთად, ორთავეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა. ახალგაზრდა ცოლი ეუბნება შალიკოს, გააგდე ზალიკო, სადაც უნდა იქ წავიდესო. გააგდეს. ერთი ვირი მისცეს, ერთი პატარა ქოხიც ტყის განაპირას. ზალიკო ვირის გასასყიდათ წავიდა, რომ პური ეშოვნა. ტყეში ერთ კლდის ძირას შემოაღამდა. ზალიკომ ვირი იქ დააბა და სახლში გამობრუნდა: ვირი გავყიდე, მაგრამ ფულს ხვალ მომცემენო - განუცხადა ცოლს. ვირს იმ ღამეს მგლები დაესივნენ და დაარჩეს. ზალიკო სახლში ცოლს ეუბნება: ვიყავი ფულის ასაღებად, იმ კაცს ბევრი სტუმრები ჰყავდა და სტუმრებთან ხომ ფულს ვერ ვსთხოვდიო. ვირის ლეშს კი ეხლა ყვავ-ყორნები დაეხვივნენ. ზალიკო რომ მივიდა, ვირის [სულ] მხოლოდ ჩლიქები და ძვლები დახვდა. გაბრაზდა ზალიკო, ქვას ხელი დაავლო და კლდეს მიარტყა: - კლდეო, ეხლავე ვირის საღირალი ფული გადამიხადეო. იმ ადგილას, სადაც ქვა მოხვდა, კლდე გასკდა და ოქროები გამოცვივდა. გახარებული ზალიკო ოქროებით შინ დაბრუნდა. ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, ზალიკოსთან მოვარდა, საიდან იშოვეო. ზალიკომ უამბო. მასწავლე ის კლდეო, ზალიკომ ასწავლა. შალიკომ იმავე ღამეს თავისი [უზარ.] დასუქებული ხარები იმ კლდესთან მიიყვანა და დასტოვა. მგლებმა შესჭამეს ხარები. შალიკო მეორე დღეს კლდეს: თუ ჩემი ხარების საღირალი არ გადაგიხდიაო.. დააფასა სამი იმდენი, რაც ხარები ჰღირდა. ვერაფერი ვერ მიიღო.
გაგულისებულმა შალიკომ ზალიკო ტომარაში გახვია მეორე დღეს: რა გაყვირებსო! აგე, წინ ხემწიფის ქალი მიდის, ცოლად წამიყვანეო, მეუბნება და მე კი უარს ვეუბნებიო. აბა, მე ჩამსვი მაგ ტომარაშიო. ჩასვა და დიდხანს იყურყუტა. მწყესის ცხვარი გარეკა.
- საიდან იშოვეო.
- შენ რომ კლდიდან გადამაგდე, ცხვრები იქ დამხვდაო.
- აბა, მეც იმ კლდეზე გადამაგდეო. ვერ გადაგაგდებო. წავიდა და თვითონ გადავარდა.

წინად კი თავისი ცოლი მოჰკლა, გაატყავა და ქალაქში წაიღო: მკვდარი ცოცხალზე, მკვდარი ცოცხალზეო, იძახდა. ძალიან გაოცდენ და ბევრი სცემეს ქალაქში.

*
- ჩემი ძმა, ამხანაგი, მეგობარი, დედა, მამა, ნათლია, - სუ ეგ არი - მხოლოდ, - გაიშვირა ეთიმმა ხელი ხელადისაკენ.

26/IV-36.
ჰყვება გიორგი ბეროშვილი:
ერთი კაცი იყო, ცოლი ჰყვანდა და ძიელ ღარიბად კი იყო: პატარა სახლი ედგათ და იქ იყვნენ. ცოლმა უთხრა: გადი გარედ, იმუშავე, ფული იშოვნეო. ქმარიც გაემგზავრა. გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას სხვის ვენახებში. ფულს აგროვებდა, კაპიკს კაპიკზე აწებებდა, არა სჭამდა, არა სვამდა, როგორმე გადავინარჩუნო, ზედმეტი არ დამეხარჯოსო... ბოლოს, როგორც იყო, დააგროვა იმდენი, რამდენიც ორს ეყოფოდა და დაბრუნდა სახლისკენა. გზაში ძიელ მოშივდა. პური აქვს, არა სჭამს, სახლში უნდა მივიტანოვო. შეხედა ტყეში, ერთი ხე დგა: სამი ვაშლი აბია. აბა, მეტი მე რაღად მინდაო. ავიდა ხეზე და სამი ვაშლი [მოსწყვიტა] შესჭამა: ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე. ძირს რომ ჩამოვიდა, სამი ყლე გამობმოდა. გაოცდა კაცი, ეგ რა დამემართა, სამი ყლე გამომებაო. „ერთს ძლივას ვარჩენდი, და სამს ეხლა რაღა უნდა ვუყოვო“. ძიელ დაღონებული მივიდა სახლში. ცოლმა ჰკითხა, რამ დაგაღონაო.. „ასე და ასეო: საშოვარზე რომ წავედი, სული კბილით მეჭირა, არასა ვხარჯავდი, რომ რამე დამეგროვებიაო. დავაგროვე, წამოვედი, გზაში მამშივდა, ხე დავინახე, სამი ვაშლი ება, ავედი, შევჭამე სამივე ვაშლი და სამი ყლე გამომებაო. ეხლა რაღა უნდა ვქნაო, ერთს ძლივს ვარჩენდი, სამი როგორ უნდა შევინახოვო“.
- იიჰ, შენაცაო. ეგ რა დამაღონებელი ამბავიაო, - გადიკისკისა ლამაზმა ცოლმა, - სამი ყლე გამოგებაო, არა? ერთი აი აქ, წინ მუტელში, მეორე აი, აქ, უკანა...
აქ ამბავის მომყოლი გიორგი ბეროშვილი შეჩერდა, თითქო ამბავი დაათავა. გაოცებულმა და მოუთმენელმა გურულმა შესძახა:
- მესამე? მესამე?
- მესამე კიდენა შენს ტრაკში.
უპასუხა კახელმა და ამბავიც გაათავა სიცილით.

თვალებიდან ცეცხლსა ჰყრიდა შავლიაშვილი (ჯიმითელი).

სამი ყ. ამბ.
შალიკო და ზალიკო.
ძმების მძარცველი მიკიტანი.
სომეხი და ქართვ.
კარტიჩკა.

26/IV-36.
ჰყვება ზღაპარს გიორგი ბეროშვილი - კახელი:
„გლეხმა ცოლად შეირთო ქალი, რომელსაც სხვა უყვარდა. ქალისთვის საშინელი პირობები შეიქნა: ვეღარ ხვდება საყვარელს. ბოლოს ასეთ ხერხს მიჰმართა: საწოლში ჩაწვა და თავი მომაკვდავ ავადმყოფად გამოაცხადა: ავან და მავან სოფელში ჩადი, იქაური პური წამომიღე და თუ მომარჩენს, მხოლოდ ის მომარჩენსო. გლეხმა იფიქრა: ქვეყნიერებაზე ერთს ქალსა ვხედავო და თუ [მისთვის] მას ვერ ვუწამლებ, მა, ვიღას უნდა ვუწამლოვო. დაადგა გზას, ხუთი დღე და ღამე იარა და ჩავიდა იმ სოფელში, საიდანაც პური უნდა წამოეღო. ერთი კაცი ეკითხება:
- აქ რად ჩამოსულხარო.
გლეხმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი: აქაური პური უნდა წავიღოვო.
- დიდი სულელი ჰყოფილხარო, - უთხრა უცნობმა, - როდის იყო, რომ პური მომაკვდავს არჩენდაო. შენს ცოლს ალბად საყვარელი ჰყავს, შენ შორს გზას გაგიყენა და თვითონ კი იქ, ვინ იცის, განცხრომაშიაო. არ დაიჯერა გლეხმა: არასგზით ეგ არ მოხდებოდაო. უცნობი დაენიძლავა: რომ დაგიმტკიცოვო? - ვერ დამიმტკიცებო. - მაშ, კარგიო.
უცნობი და გლეხი გამოუდგენ გზას ისევე მის სოფლისაკენ, თან ტომარა მოაქვს უცნობსა: შენს სახლს რომ მივუახლოვდებით, შენ ამ ტომარაში უნდა ჩაგსვაო. მიუახლოვდენ გლეხის სახლსა. გლეხი ტომარაში გასვა უცნობმა და კარებისაკენ გასძახა: „ოჯახის შვილო, ჰაი, ოჯახის შვილო; შორი გზიდან მოვდივარ, გზად შემომაღამდა, დაღალულიცა ვარო და ღამე როგორმე გამათევინეთო“. დიასახლისმა უთხრა, მობრძანდით, ბატონოვო. ეზოში შეიწვია. საღამოს სახლში მიიწვია ვახშმად. არაო, იუარა, მაგრამ დიასახლისმა დაიყოლია: „შენაყრდით და მერე ისევ მოისვენეთ, სადაც გენებოსთო“. შევიდა, ვიღაც უცნობი კაციცა ზის. ტომარა კუთხეში მიაგდო. ქალმა ჩამოიღო თარი და ზედ დაამღერა:
ჩემი ქმარი თონეთს არის,
თონეთური პურისთვინო,
ღმერთო, იმას ნუ მოიყვან,
საყვარლების გულისთვინო!
ახლა უცნობმა დაიმღერა:
ჩემო ბამბის ტომარაო, გეყურება თუ არაო?
მე რომ გუშინ სიტყვა გითხარ, გენიშნება თუ არაო?
გამოვარდა ტომრიდან ქმარი. მოჰკლა ცოლიცა და მისი საყვარელიც. მერე დაჯდა და უცნობთან - ხანი გასწიეს. ასე იყო ეს.

26/IV-36.
მე მივიღე რამდენიმე სასარგებლო რჩევა მასსაჟის მკეთებელი ქალისაგან: იგი მირჩევს გიმნასტიკას.. (მსუბუქს), აგრეთვე ფეხსაცმელებს ისეთს, როგორსაც ატარებდა ლენინი: მთლიანი ტყავი, მთლიანი ყელით, ხოლო კოჭებზე რეზინის ქსოვილით, რომელიც გაიწევა ხოლმე. ეს ძლიერ კარგი იქნება - მოტეხილი ფეხის ძვლის მაზოლისთვის. ნაკლები ტკივილები იქნება.
საწყალი აბესინელები.

26/IV-36.
გუშინ სრულიად მოულოდნელად გაეწერა პავლე ჩახნაშვილი, კომუნისტი. ერთ დროს სიღნაღის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე, ეხლა „სამტრესტი“-ს პასუხისმგებელი მომუშავე.
საინტერესო ტიპია.
გარეგნობა თვითკმაყოფილი კაცის აქვს: დაბალი, ჩაბსკვნილი, ატლეტიური ტანის. სახე უღაჟღაჟებს. ყოველთვის ხუმრობს. და, რაც მთავარია, საუბრობა მუდამ ტლანქი, უხეში, გულუბრყვილო გამოუდის.
მოხუცებულებს საქმე გაუჭივრა: ყველას მალე საიქიოს გამგზავრებას უწინასწარმეტყველებს, იქ ჯოჯოხეთში უცდიან მათ, კუპრში ჩურჩხელებივით ამოავლებენ. ქალებს კიდევ ეუბნება, რომ ეხლავე ყველანი დაბერებულნი არიან და ორი წლის მერე რაღა იქნებიან. „როდესაც ორი წლის შემდეგ შემხვდებით, ვენერა, მე გამოგივლით ამაყად, მე ძლიერ კარგად ვიქნები და გკითხავთ: ეს რა მოგსვლიათ, ვენერა. თქვენ მეტყვით ჩიფჩიფით: ასე დამემართა“, და თვითკმაყოფილებით ხითხითებს, იგონებს უარეს ანეკდოტებს.
მაგრამ, რაც მთავარია, ესაა ყველასადმი ცინიკური დამოკიდებულება. არავის არაფრად არ აგდებს: შუაღამემდეს სანთელი უნთია, როცა სხვა ავადმყოფებს ეს არ უნდათ, და პროტესტს აცხადებენ. დასვენების საათებში მთელ განყოფილებაში ხმამაღლა გაჰკივის შიქასტებსა, რომანსებსა და არიებს, და, ნეტავი ხმა ჰქონდეს! დამტვრეული, ნერვების ამშლელი ღრიალი ყველას ნერვებს უშლის: და ის კმაყოფილია. ის ცხადად გრძნობს, რომ ავადმყოფებს აწვალებს, მაგრამ ამაში თითქო რაღაც სიამოვნებას ნახულობს, დიდს სიამოვნებას. ავადმყოფების სულიერი გაღიზიანება კულმინაციურ პუნკტს აღწევს, მაგრამ არაფერს არ ამბობს არავინ. და იგი განაგრძობს.
იგი ლაპარაკობს: „აბესანია“ - აბესინიის მაგიერ; „ორგუნტანი“ - „ორანგ-უტანგის“ მაგიერ: „შეხედე, ის ქალი ორგუნტანს არა ჰგავსო“.
მაგრამ როდესაც ღვინო მიუვა, ყველი და მწვანილი, აი, მაშინ უნდა ნახოთ. მხიარულია ძალზე.
- კარგი, პაშა, ნერვებს ნუ გვიშლი, - ეხვეწებიან ქალები.
- პაშა - დურაქების ფაშა, - უმატებს მეორე ქალი.
- ე კაცი არასოდეს არ დაბერდება, - ამბობს გლეხი.
- რა უგავს ავადმყოფს, - ამბობს სხვა...
- პაშა, შენ ქალებს თავი დაანებე: მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერს, იცოდე.
- აღმასკომის თავმჯდომარე იყოო? - სთქვა მოხუცმა საშუამ, - წინად პატიოსანი ოჯახის კაცი მამასახლისად, სუდიად ან მეველედ წასვლას ერიდებოდა, არასგზით არ დადგებოდა... ეხლა კი... ეეეჰ.

Ксения Васильевна (Массажистка).

29/IV-36.
1. გასასვლელი დოკუმენტი. დოკუმენტები საზოგადოთ.. - მზადაა.
2. ორი თვე წყალტუბოს მერე. როდის? სად? - ივლისი, აგვისტო. ათონი ან გაგრა.
3. „Astonin“ - რამდენი? როდის? - 20-ჯერ. 16 მიღებულია.
4. მასსაჟი? - ერთი კვირა ჩერდება.
5. გული - მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვინემ იყო.
6. ოლიასთვის უფასოდ წყალტ. ექიმობა. სასტუმრო არის თუ არა იქ? - სასტუმრო არის (წყალტუბო).
7. ტერმომეტრი - რომელ საათზე? - დილით და საღამოსო.

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე შემოვიდა.

29/IV-36.
Как закалялась сталь. Николай Островский.
Костюм.
კონიაშვილმა მითხრა: ათონი ან გაგრა.
მნათობი - 100.
პენსია - 250.

*
- კარგი ერთი შენცა, ნუ აარაკრაკე!
- საჩეჩელას სიმღერა იცი?
- რა არის საჩეჩელა?
- იმერლები მღერიან: რაც შაჭამე, ის შეგრჩებაო.

*
„Заря Востока“. 28/IV-36. №99.
თათარიშვილის სიტყვის სტენოგრამა.
ერთი კუთხე.

*
საინტერესო.
სამ-სამი: ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი.
ყველა ჯვარს ნაკლებ. თამაშში ზედმეტნი არიან (სულ 12 კარტი).
I. ხელმწიფე, ქალი, სალდათი (ჯვრის).
II. ტუზები (4). ბალები.
III. 10-იანები (4). ღირებულება.
IV. 9 მოწმე (სურათები).
V. ჯვრის: 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.
იჭრება უმნიშვნელოზე (მნიშვნელოვანნი არიან ზემოთ - I, II, III, მე-IV და მე-V კარტები).

*
- ფეხსაცმლის მკერავმა ჩემი ფეხსაცმლის ქუსლში ორი ტყვია იპოვა, ჩარჩენილი ჯერ ისევ იმპერიალისტური ომიდან.
(საინტერესოა, შეიძლება თუ არა გასძლოს ფეხსაცმელმა და მისმა ქუსლმა 17-19 წელს. უნდა ვიკითხო).

- მოდი, მიხო! მაიმუნი გიჩვენო (ჩაახედებს სარკეში).
- მაიმუნი თითონა ხარ.

*
ვანო ბერიევი (ჩეკისტი), ვაწაძე, ხინთიბიძე, გუკასაშვილი.
პატარა ბიჭის მისამართი.
ფარნაოზ გეგელია, შიერი, გოკიელი.
(Те-же и Максим с балалайкой) - იგივენი და მაქსიმე ბალალაიკით.
3-52-76. ვენერა დოლიძე. გრიბოედოვის ქ. №14.
ორბელიანის ქ. №4. პაშა ჩახნაშვილი.