შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-60 - 1930 წელი


დამწვ. №5.

ლიტ. ფრონტი!
1. ახალი სოფლის რედაქციაში ილო მოსაშვილი ჰკითხულობდა წერილს ჩემზე დიდის ყურადღებით. მე მას ვუთხარი: „შევხვდეთ როდისმე, ვისაუბროთ“. მან: „დიდის სიამოვნებით!“ როგორ გავიგო?
2. წიგნების დამტარებელი დ. ბაქრაძე. მან მოულოდნელად გზაზე გამაჩერა. მკითხა: წავიკითხე, რამ გამოიწვია თქვენი წერილი?
- წერილი მემარჯვენეების წინააღმდეგაა.
- ვინ არიან ეს მემარჯვენეები? მე ავუხსენი ვინც არიან.
- ზორბა წერილია, - სთქვა მან, - მაგრამ ეხლა მართალს არ უჯერიან, ტყუილის მთქმელს უჯერიან. მწერალთა რიგებში კი უსათუოდ თქვენ გაიმარჯვებთ.
პოლიო აბრამია (ნარკომპროსში).
- ააა. გამარჯობა. წავიკითხე შენი წერილი დღეს!!
- ვის ემხრობი - მემარჯვენეებს თუ მემარცხენეებს.
- მე ჩემის დაწესებულებით (მუშაობს რემედასში), ცხადია, ვის მხარეზე ვიქნები!
ოპერის თ. ბაღში.
- მე არ ვკითხულობ ქართულად, - ამბობს ჩერქეზიშვილი, - მითხარით, შალვა დადიანი მემარჯვენეა თუ მემარცხენე?
- ეს წერილი უნდა გადაითარგმნოს და გადაიგზავნოს „Лит. газета“-ში (პეტ).
შალვა რადიანი:
- ოო, გამოიარეთ, გალაქტიონ, ჩვენთან, ხელოვნების სასახლეში, იქ რაღაცეებს ვაწყობთ. ცენტრში უნდა იყოთ, ცენტრში!!!
(შემხვდა რუსთ).
ნუცა - წავიკითხეთ, ჰო! (მეტი არაფერი).
ბახტაძე  (იყიდე 10 ცალ. კომუნ.) ენტუზიასტია. უყვარს ასეთები.
ტიციანს  ვუთხარი. [არ ვიციო.]
ლეონიძეს  მე ვკითხე, მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე. მან სთქვა - სტალინისტი. ცენტრი.
ჭიჭინაძე კოწია  წინააღმდეგია, მემარჯვენეა. იბღინძება.
ჯავახიშვილი  ჩემს დანახვაზე გადარბის მეორე ქუჩაზე.
პაოლო - ეს ავანტიურისტი ცდილობს ჩვენი გამოსვლის თავის ჯგუფის სასარგებლოდ გამოყენებას: ის სწორედ იმ დღეს ავტომობილით თავის ამხანაგებთან ერთად - დემონსტრატიულად დადიოდა ქუჩებში.
საშა ძნელაძე:
- აა. თქვენ გაკომუნისტებულხართ. თქვენ ძალიან დასცხეთ.
ლიდია:
- არა, აგრე არ შეიძლებოდა.
- შეიძლებოდა განა?
სახელგამში მე შევიხედე. პავლე საყვარელიძის ოთახში იყვნენ მწერლები და კითხულობდენ გაზეთს, ჩვენს ნომერს. იყვნენ: ნ. ლორთქიფანიძე, ს. აბაშელი, პ. საყვარელიძე და სხვ. ემჩნეოდათ დიდი დაინტერესება.
სანდრო შანშიაშვილი:
- რამ გაიძულა, გალაქტიონ, ამ წერილის დაწერა? სთქვი პირდაპირ, ძალით დაგაწერინეს, არა?
- არა, სანდრო! მაგრამ შენ ეს მითხარი: მემარჯვენე ხარ თუ მემარცხენე?
- არა, ძმაო. არც მემარჯვენე ვარ და არც მემარცხენე. ამ ომებში პირადათ ერთი ვიქნები - პასუხისმგებელი - ვარ ჩემთვის.
ჰერცელ ბააზოვი:
დიდებულია. მშვენიერია (მიმართა ნიკო გვარაძეს), ასეთი პოეტი ჩვენ არა გვყავს. (მომმართა მე) მე ხომ ყოველთვის შენთან ვიყავი. მე ჯგუფებს არ ვეკუთვნი, მაგრამ შენთან ყოველთვის ვიქნები და სხვ.
კ. დემეტრაძე:
მკითხა: - კარგი იყო სალიტ. ფურცელი, არა?
- კარგი იყო - ვუპასუხე. მე ხომ მემარჯვენეებს მივსცხე.
- ჰო. მე მგონია, ბენიტოს წერილს არა უშავს. ბოლოს კარგია. არა უშავს რა.
გ. ქუჩიშვილი:
„ძალიან გამიხარდა, რომ ეს ფრონტი გაიშალა, ძალიან გამიხარდა. კბილებს აკრაჭუნებენ. შემხვდაო გრიგოლ მაჭავარიანი (გრ. საქარიქედელი) და სთქვა: გალაქტიონმა გასწია დასმენა, ჯაშუშობაო. მე ვუთხარიო, რომ ჩემი წერილი უარესი იყოო. ალბად ჩემს წერილზე სხვაგან ისევე იტყვის, როგორც შენს წერილზე. გალაქტიონ, ერიდე ღვინის სმას. ვინ იცის, რა უნდა შეგემთხვეს კაცს?“
აჰ, ეს საქარიქედელი, ნუ თუ ისიც მწერალია? ნუ თუ იმასაც კი აქვს უფლება, აგრე ილაპარაკოს ჩემს შესახებ?
გიორგი ძალიან დაშინებულია, ან შეიძლება სიფრთხილე ალაპარაკებს? უფრო დასაშვებია მეორე.
ტყვია მკარი და ღვინოს ნუ დამალევინებ.
დომენტი არონიშიძე:
ეს წერილი დიდებული წერილია. პოეტს ყოველთვის აქვს ამისი უფლება. პოეტი არასდროს არ უნდა იყოს ერთფეროვანი და, შესაძლებელია, მართალია აკაკი წერეთელი „გარემოების საყვირი“. ასე იყო, ასე არის, ასე იქნება ყოველთვის! უმთავრესია, არ დაიშალოს ჯგუფი, შენ წარმომადგენელი ხარ არა თავისი საკუთარი თავის, არამედ მთელი მიმდინარეობის (N. B. რომელ ჯგუფზეა ლაპარაკი? შეიძლება მიმდინარეობაზე?). საერთოდ კარგია.
გრ. მეგრელიშვილი:
მე გავიგე აზრი ამ წერილის. იქ ბევრი რამ არის სხვანაირად. შენ იცი, მე თანახმა ვარ ყველაფრის, რაც იქ ნათქვამია. ჩვენ შენ მოგყვებით, თუ შენ თავს მოგვჭრი, ეს შენი ნებაა.
ლ. ძიძიგური:
ძალიან მიხარია, რომ ასე დასცხე მემარჯვენეებს, მაგათი ყოფა არ იყოს (საინტერესოა,  როგორ ლაპარკობს საქარიქედელთან).
ლ. მირიანაშვილი:
ეს თქვენ იყავით „კომუნისტში“, ეს თქვენზე იყო? ძალიან კარგად იყო - არა უშავდა.

*
გამარჯობა, სოხუმის
ბაღებო და ბილიკო.

*
Г. Красноярск, ул. Лебедевой, д. №57. თეოფილე Маркевич Кекелидзе.
3-ья Забезследская №3. Проклу Туркия.
ამხანაგო.

*
Артистка, которая смеется.

* * *
ო, თბილისელო ჯაყო
ქუთაისელი ხიზნით,
ნება მომეცი გაქო
გაბითურების მიზნით.