დღიური-651-3 - 1935 წელი
[მშვიდობით, მშვიდობით!] სალამი, სალამი! ნაცნობი და უცნობი ყველა ბაქანზეა. ყველა აქ არის და ყველა, როგორც ახლობელი მიყვარს; მაისის საღამოა, სული [სავსეა] გაზაფხულით, და ოდნავი, რაღაც გამოუცნობი მწუხარებითაა სავსე. აი, კაფეები გაჩაღებულია ელექტრონით, მაგრამ არა, არა! სჯობია, [სახლში] ჩემთან შინ! [მე უღვინოთაც მთვრალი ვარ!] თავი დამანებეთ, მე უღვინოთაც მთვრალი ვარ.
პარიჟს ხომ დიდებულად აქვს შესწავლილი ერთი ხელოვნება, ხელოვნება საუცხოოდ ჩაცმა-დახურვის. მაგრამ ეგ არაფერია (აქ პრავდა: ტრადიციების შესახებ).
იგუგუნე, იგუგუნე! უფრო და უფრო იწროდ [ირიბად გიყურებს] იყურება შენი [თვალები] ირიბი [თვალები] და ხარბი თვალები.
შენი უცნაური ამოოხვრით გაწოლილხარ სწორედ ჩემს ფეხებს ქვევით ისე, როგორც ალერსიანი ძაღლი პატრონის ფეხებთან.
შენ ჰფიქრობ ეხლა და ჰფიქრობ უდიდეს საქმეებზე, მე მესმის შენი, მაგრამ შეუძლებელია ჩამოთვლა ყოველივე იმის, რაზედაც შენ ხმაურობ, პარიჟო. მსოფლიო ქალაქად მოგაქვს თავი.
უნდა იფიქრო, უნდა მოისაზრო. ვინაიდან შენ მოწოდებული ხარ შეიგრძნო მწუხარება და სიხარული ყველა ქვეყნისა და ყოველი დროის.
მე ვცხოვრობდი სიზმარში. ღმერთებს ვქმნიდი თვითონ მე.
პარიზის კონგრესი გრძელდებოდა ხუთი დღე. ის [ერთი წამი] ხუთი დღე გამოცოცხლდა და ხუთი ათას წელიწადზე გაამრავლა ცხოვრება, რომელიც მე მომცა ბედმა!..
ცხოვრების ჩვენის დაყრუებულ საათებს [მიაქვს] აამუშავებს ეს ქალაქი, მთელ მსოფლიოსთან.