შუალედი - დან - მდე
 
 


კოლხიდაში


იქ ნაკადული მთის კალთიდან გადმოჩქრიალებს,
იქ დიადემა მთის მწვერვალთა მზეზე ბრჭყვიალებს,
იქ ფრინველთ ჰანგში ჩაქსოვილა ლხენა და შვება,
იქ ჟრიამული ცის კამარას ეთამაშება.
იქ ბუნებაა, ჩემო კარგო, მხოლოდ ბუნება,
იქ არის მხოლოდ სანატრელი თავისუფლება.
იქ ტყვედქმნილთა მზე - ოცნებაა, სხვა არაფერი,
ის კი ფრთას გაშლის უზრუნველი და ბედნიერი.
მუზა იქ ცხოვრობს, პოეზია მეფედ იქ არი,
იქ გესმის ასულთ მწუხარე ხმა ნაზი, ნარნარი,
დაუგდე ყური, შენ მოისმენ ჰანგსა ნაღვლიანს...
იცი, რა აკრთობს, რა აწუხებს იქ ადამიანს? -
„თავისუფლება დავკარგეთო, თავისუფლება,
შეისმინევი, ჰე, ბუნებავ, მუდარა ჩვენი!
გრძნობა გვეკარგვის, სული შფოთავს, გული წუხდება -
რად არ წყდებაო ჩვენი კვნესა, ტანჯვა ესდენი?
მზე დაგვქათქათებს... ყვავილთ გუნდი გვეალერსება,
ტანჯვა არისო ყველაფერი მოსაგონებლად,
თავისუფლება აღარა გვაქვს, თავისუფლება!
იტირეთ, ძმებო! ცრემლი დაგვრჩა მანუგეშებლად“.
როს ვუგდებ ყურს ამ ამოძახილს, მეც ვიტანჯები,
ფიქრი გულცივად და თან მშვიდად მესაუბრება:
„მითხარი, რისთვის ნეტარებენ სამშობლო მთები,
მითხარ, რად ცელქობს ფრთაგაშლილი ტურფად ბუნება?“

1909