ლარიქს სიბირიკა*
ფიქრს დღე და მოსწრება
რად გადავალიე?
ლენა, ენისეი,
ზაბაიკალიე...
აწ ჩემი ოცნება
და ჩემი ლირიკა
ობოლი ნაძვია -
ლარიქს სიბირიკა.
სხვა იტყვის: სად ჩვენი
ქართველი პოეტი,
სად მზე კოლხიდისა
და სად ჩრდილოეთი!
განდევნა მიწამა,
ცამ ვერ შეირიგა
მაღალტანოვანი
ლარიქს სიბირიკა.
ონეგის სიშორე,
ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა
ცივი, მარტოული.
დღეები სითბოსი
ვერვინ დაირიგა
და აღარც შენ გერგო,
ლარიქს სიბირიკა!
იყო დაკარგული,
წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და
გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის
ზარი დაირეკა
და შენც მოგესმა ის,
ლარიქს სიბირიკა!
აწ ვით უსაზღვროა
სივრცე შენს გარშემო,
იტყვი: გაიღვიძა
მხარემ მძინარემო -
ვითარ დიადია
იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია
წყალუხვ მდინარეთა.
აგერ, მონადირე
მოდის, ვით წვეული,
და მას ათასფერი
მოაქვს ბეწვეული.
თოვლი, როგორც მტვერი
ისე დაირეკა
შენმა განრტოებამ,
ლარიქს სიბირიკა!
ზღაპრულ სიმდიდრეთა
დროა მოგროვების,
აურაცხელია
ოქრო - ოქროების,
შემჭიდროებულთა
არა აქა-იქა -
გადაჭიმულია
ტუნდრა და ტაიგა.
მიწას ციმბირისას
ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი,
ვრცელი ტრამალები.
რაც კი ფაბრიკების
დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას
შეხმატკბილებია.
ყინვა გადავიდა,
ნისლი გაირეკა -
მაისს გაუმარჯოს,
ლარიქს სიბირიკა!
1947
* ლარიქს სიბირიკა (Larix sibirica) - ციმბირის ნაძვი.