შუალედი - დან - მდე
 
 


არწივებს ჩასძინებოდათ


ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ:
ბედი არ სთვლემდა ცბიერი,
შორითშორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოამძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს...
ცეცხლი! - შესძახეს წივილით,
ცეცხლი! - მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! - ტყე ამბობს ტკივილით...
არწივებს გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა.
იქვე დაეცენ სამზირად...
გულს თუმც გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდულნი დადიან:
„არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

1916