ელგუჯას დაბრუნება
ბაღის კარები ღია იყო,
მაგრამ შევჩერდი,
მზე მაღლით ჰფენდა არემარეს
სუნთქვას საამურს.
ახლო, სულ ახლო მოისმოდა
შესაცნობი ხმა:
არაკრაკებდა ბავშვი-მწყემსი
თავის სალამურს.
სანატორიის წინ შევდექი:
ამ უცხო ბაღით
ვინაც საყვარელ მიდამოზე
თვალს შეაჩერებს,
ის ხარბად სუნთქავს სუფთა ჰაერს
ფიჭვებისა და
მოთიბულ თივის სურნელებით
გადმონაჩქერებს.
ისევ აქა ვარ! - გავიფიქრე, -
ამ მიდამოში!
მე ვიდექ მარტო, მე ვხარობდი
და მერე როგორ,
როდესაც ჩემკენ მომავალი
მოსჩანდა ბავშვი,
ამღერებული თმახუჭუჭა
პატარა გოგო...
მისთვის ჰყვავიან ყვავილები
ათასნაირი,
გულმხიარული ფრინველები
მისთვის მღერიან,
მისთვის მღელვარებს მზე კაშკაშა,
მისთვის იცავენ
სამშობლოს ასე თავდადებით
მოსაზღვრეები.
დეე, ძმობის და სიყვარულის
სამფლობელოში -
მანაც იყვაოს, იყოს ლაღი
და ბედნიერი.
აი, ეს გოგო, ჩემთან ახლო,
ახლო მოვიდა:
რა ლამაზია, რა წარმტაცი,
რა მშვენიერი.
იქნებ ის როსმე დაესიზმრა
ოცნებას ჩემსას,
როს გაზაფხულის ღამე სივრცეს
რიდეებს ჰფენდა,
როცა ჰყვაოდენ გაზაფხულის
ცაცხვის ხეები -
და იადონი გულსაკლავად
ვარდებში სტვენდა.
არა, არაა ეს ზმანება:
სინამდვილეა,
ეს თმები, სახე, აი ბავშვმა
რომ გაიბრწყინა -
ეს გამოხედვა რაღაც ისე
ახლობელია,
მინახავს სადღაც და ოდესმე,
დიდი ხნის წინათ.
მაგრამ სად? როდის? რანაირად?
ანუ რას ნიშნავს,
როგორ მეცნობა ეს ღიმილი
და ეს თვალები,
ნათელი ცქერა, ბავშვის ბაგე
ალერსიანი,
სუფთა, სპეტაკი თეთრი შუბლის
გამოალება!
როგორ მეცნობა ეს ნიკაპი
და ვარდისფერი
ღაწვების ეშხი, საამურად
რომ მოისახა -
სად, როდის ნახა ეს მოქნილი
და მოხდენილი
ცქრიალა ბავშვი თვალმა ჩემმა
სად, როდის ნახა?
„შენა, გოგონა, - ვეკითხები, -
აქაური ხარ?“
„არა! აქედან ჩვენი სახლი
შორზე შორია.
ამიერიდან კი აქა ვართ:
ეს არის ჩვენი
უფროს ექიმის, დედაჩემის
სანატორია.
მამა ცოცხალი არ არისო
დიდი ხანია.
იგი სხვებს ახსოვთ: მეომარი
იყო ნამდვილი.
მე არ მინახავს. ეხლა, ძია,
რა ხდება ფრონტზე?..“ -
უეცრად მკითხავს გოგო წრფელი
და გულახდილი.
„მიამბეთ, რისთვის, რა საქმისთვის
დაგაჯილდოვეს...
ზედვე გეტყობათ, გიბრძოლნიათ,
ყოფილხართ გმირი...
მამაჩემი კი, ვინ არ სცნობდა
მამას გაბედულს -
უფრო ადრინდელ ომის იყო
რკინა-ქვიტკირი.
ბევრი ქარცეცხლი იმ ხანებში
გადუტანია,
არ უდრკებოდა მტრების მიერ
ატეხილ ქუხილს“...
„რა გვარი იყო მამაშენი?“ -
ბავშვს ვეკითხები,
მაგრამ გოგონამ ვერ მოასწრო
ეთქვა პასუხი.
საღამოის მზე სუნთქვას ჰფენდა
არეს საამურს,
როცა გაიღო სახლის კარი
გადარაზული -
ლანდივით ჩანდა აივანზე
მაღალ-მაღალი,
ლამაზი, მეტად მოხდენილი
უცნობი ქალი.
„აი, ეს არის ჩემი დედა“, -
მშვიდ სიამაყის
ფარული გრძნობით განაცხადა
ბავშვმა უმალვე.
აღელვებულმა უმდაბლესად
დავუკარ თავი.
„დედა! ახალი ავადმყოფი
მოვიდა ჩვენთან“.
„ძალიან კარგი, მაგრამ ეხლა
უნდა დაგვტოვო.
წადი იმ ბაღში, შენ ხომ გიყვარს
ყოფნა ვარდებთან?“
ბავშვს არ უნდოდა კარგ უცნობთან
კარგ ნაცნობობის
ასე შეწყვეტა. იგი უცებ
ძლიერ დაღონდა.
როგორნაირი სინანულით
მან შემომხედა!
მაგრამ გოგონას უარის თქმის
ნება არ ჰქონდა.
კვლავ შემომხედა და წყნარად სთქვა:
„უფრო გულდასმით
ვილაპარაკებთ შემდეგ დიდხანს...
ასე არ არის?“ -
თანხმობის ნიშნად მეგობრულად
გავუღიმე მას
და ბავშვი მოსწყდა ადგილიდან,
ვითარცა ქარი.
დედას ღიმილი მოერია:
„სჩანს, დამეგობრდით!
მთელი ქვეყანა მაინც მისი
მეგობარია“.
ის განაგრძობდა გაღიმებას
და იმ ღიმილში
დავიწყებულმა ოცნებებმა
რაღაც გარია.
იღიმებოდა და თვალთაგან
იფრქვეოდა მზე.
ჰანგს აღვიძებდა, რომელიც მხნე
და მზიანია.
რაღაც ძველისძველს და მშვენიერს,
დამატყვევებელს
ის ანათებდა წარსულს, გამქრალს
დიდიხანია.
„ევა!“ - აღმომხდა მაშინ გულით
„ელგუჯა, შენა?“ -
და ჩვენ მხურვალედ ჩამოვართვით
ერთმანეთს ხელი.
„გადმომისროლა ბედმა ასე“.
„კეთილშობილად
აწ მოქცეულა იგი ბედი -
მუდამ ფიცხელი...“
ამ დროს გამოჩნდა კვლავ გოგონა,
აყვავებული
ალუბლებისა და ვარდების
მოჰქონდა ბღუჯა.
„რა უნდა მეთქვა, - განაცხადა, -
თქვენ მამაჩემის
მკითხეთ სახელი. მას სახელად
ერქვა: ელგუჯა“.
მოაქვს საღამოს სურნელება
ყვავილთა კონის:
მაშ გამარჯობა, თეთრო შუბლო
კავკასიონის!
1942